Accessibility links

საქართველოს გაუმჯობესებული პოზიცია


“ევროპის პალატის” რეიტინგი

არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპის პალატამ” გამოაქვეყნა ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი, რომლის მიხედვითაც, საქართველო ევროპის 46 ქვეყანას შორის მეოცე ადგილზე იმყოფება. ამასთან, საქართველომ, შარშანდელთან შედარებით, ოთხი საფეხურით წაიწია წინ და პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორისმხოლოდ ბალტიის ქვეყნებს - ლიტვას, ლატვიას და ესტონეთს - ჩამორჩა.

„ევროპის პალატის“ მიერ გამოქვეყნებული ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი ეყრდნობა ორ ძირითად პარამეტრს - „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კორუფციის აღქმის ინდექსსა და მსოფლიო ბანკის ე.წ. მოწინავე ზღვრიდან დაშორების საშუალო მაჩვენებელს, რომელიც აჩვენებს იმას, თუ რამდენად არის დაშორებული ესა თუ ის ქვეყანა მსოფლიოში მოწინავე პრაქტიკას, მაგალითად, ბიზნესის კეთების სიმარტივის, გადასახადების გადახდის ან საკუთრების რეგისტრაციის მიხედვით. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელ ანდრია გვიდიანს არ უკვირს საქართველოს წინსვლა სხვადასხვა სახის რეიტინგებში:

ანდრია გვიდიანი
ანდრია გვიდიანი

„ეს არის განპირობებული იმით, რომ ხელისუფლება მუდმივ რეჟიმში ატარებს რეფორმებს, რომლებიც უადვილებს ბიზნესის კეთებას ბიზნესმენებს. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ასევე ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, სადაც ასევე მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული საქართველოს რეიტინგი. ზოგადად, ბიზნესის კეთება რთული რომ არ არის საქართველოში, ეს შეუიარაღებელი თვალითა და რეიტინგების გარეშეც ჩანს, იმდენად რამდენადაც ბიზნესსა და ინვესტორებზე ზრუნვა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მესიჯია და, შესაბამისად, მთელი სახელმწიფო სტრუქტურები მობილიზებულია იმაზე, რომ რაც შეიძლება კარგი გარემო შეუქმნან ბიზნესს და რაც შეიძლება სტაბილური იყოს გარემო ბიზნესისთვის და, განსაკუთრებით, უცხოელი ბიზნესმენებისთვის“.

ანდრია გვიდიანის თქმით, ბიზნესისათვის შექმნილ კარგ პირობებზე მეტყველებს საქსტატის მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წლის პირველ კვარტალში 403 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 3,7 პროცენტით მეტია შარშანდელ მაჩვენებელზე. მთლიანობაში კი, 2016 წელს საქართველოში 1 მილიარდ 650 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიცია იქნა მოზიდული. თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორის, ვახტანგ ჭარაიას, თქმით, რეიტინგებში წინსვლა თავისთავად ცუდი არ არის, თუმცა ბევრად მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური პარამეტრები, რომლებიც თვალშისაცემად არ უმჯობესდება.

„რაც შეეხება „ევროპის პალატის“ კვლევას, რომელიც ეფუძნება „საერთაშორისო გამჭვირვალობისა“ და მსოფლიო ბანკის კვლევების შეჯამებულ მაჩვენებელს და რომლის მიხედვითაც, ჩვენ ვიმყოფებით მეოცე პოზიციაზე, ეს ყველაფერი კარგია, გულს უხარია, თუმცა ინვესტორები მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ 24-ე ადგილიდან მე-20-ზე გადავინაცვლეთ, სამწუხაროდ, ქვეყანაში არ შემოვლენ. ჩვენ გვახსოვს, რომ, ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით, საქართველო იყო ათეულში, მაგრამ ვერც ამან განაპირობა საქართველოში რამე გრანდიოზული ინვესტიციების შემოდინება. ერთი სიტყვით,ზოგადად, რეიტინგებში კარგ ადგილებზე ყოფნა და მათი გაუმჯობესება ცუდს არაფერს გვაძლევს, თუმცა გასათვალისწინებელია ამ რეიტინგების სტრუქტურა, რის საფუძველზე ვინაცვლებთ ჩვენ წინ ან უკან. რეიტინგში ჩვენი წინსვლა შეიძლება არ იყოს განპირობებული ჩვენი წარმატებით და იყოს განპირობებული იმით, რომ სხვა ქვეყნებმა გაიუარესეს მდგომარეობა“, უთხრა ვახტანგ ჭარაიამ რადიო თავისუფლებას.

კორუფციის აღქმის ინდექსი, რეგიონის მასშტაბით, საქართველოში არის საკმაოდ დაბალი, თუმცა რჩება მთელი რიგი საკითხებისა, რომლებიც უფრო მეტად შეამცირებდა კორუფციის აღქმას და უფრო დადებითად იმოქმედებდა ანტიკორუფციულ გარემოზე, თუმცა ზოგადი სურათი 2016-2017 წლებში არის ერთი და იგივე - არც მკვეთრი გაუარესებაა და არც მკვეთრი გაუმჯობესება...

„ევროპის პალატის“ მიერ გამოქვეყნებული ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი ეყრდნობა, ასევე, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ შედგენილ კორუფციის აღქმის ინდექსს, თუმცა როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი ლაშა სენაშვილი ამბობს, რეიტინგის შედგენისას ორგანიზაციებს ერთმანეთთან არ უთანამშრომლიათ. უბრალოდ, როგორც ჩანს, „ევროპის პალატამ“ ისარგებლა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის მიხედვითაც, კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო 44-ე ადგილზე იმყოფება 176 ქვეყანას შორის:

„მათი კვლევის შედეგებზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ, თუმცა თვითონ კორუფციის აღქმის ინდექსს რაც შეეხება, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ, წინა წელთან შედარებით, ოთხი პოზიციით არის საქართველოს მდგომარეობა გაუმჯობესებული, მაგრამ ზოგად ტენდენციებზე რომ ვისაუბროთ, 2012-2016 წლებში რამე დიდი ცვლილება არ ყოფილა. მთლიანობაში, კორუფციის აღქმის ინდექსი, რეგიონის მასშტაბით, საქართველოში არის საკმაოდ დაბალი, თუმცა რჩება მთელი რიგი საკითხებისა, რომლებიც უფრო მეტად შეამცირებდა კორუფციის აღქმას და უფრო დადებითად იმოქმედებდა ანტიკორუფციულ გარემოზე, თუმცა ზოგადი სურათი 2016-2017 წლებში არის ერთი და იგივე - არც მკვეთრი გაუარესებაა და არც მკვეთრი გაუმჯობესება“.

„ევროპის პალატის“ მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით, ევროპაში ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების სამეული ასე გამოიყურება: დანია, შვედეთი და ფინეთი, ყველაზე უარესი კი რუსეთი, აზერბაიჯანი და უკრაინაა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG