Accessibility links

მოთხოვნა ხელისუფლებას - გასაჯაროვდეს „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულება


რა წერია რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომთან“ დადებულ შეთანხმებაში და რატომ არ ასაჯაროებს დოკუმენტს საქართველოს ხელისუფლება? ბოლო რამდენიმე დღეა, ამ კითხვაზე დამაკმაყოფილებელ პასუხს ვერ იღებენ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ბოლო რამდენიმე დღეა, ხელისუფლება იმეორებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ „გაზპრომთან“ ამ ეტაპზე საქართველოსთვის ოპტიმალური ხელშეკრულება გააფორმა, თუმცა მას ბოლომდე ვერ გაასაჯაროებს, რადგან დოკუმენტი კომერციული საიდუმლოების შემცველია. 18 იანვარს, საღამოს, ამ საკითხს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საგანგებო ბრიფინგითაც გამოეხმაურა, თუმცა მისი პასუხები დაინტერესებული მხარეებისათვის დამაკმაყოფილებელი მაინც ვერ აღმოჩნდა.

„თუ ამის შესაძლებლობა იქნება, „გაზპრომთან“ დადებული შეთანხმება, რომელიც კომერციული საიდუმლოებაა, მაქსიმალურად გასაჯაროვდება“, - განაცხადა ვიცე- პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ 18 იანვარს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე და „გაზპრომთან“ დადებული შეთანხმების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს უწოდა „დეზინფორმაციული ისტერია, რომელიც მოსახლეობაში არაპოპულარულმა და მარგინალმა ჯგუფებმა ატეხეს“. კალაძემ განაცხადა, რომ ამ მოლაპარაკებებით საქართველოს ხელისუფლებამ შეინარჩუნა ენერგოდამოუკიდებლობის ისეთივე ხარისხი, როგორიც აქამდე ჰქონდა, ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია რეგიონში და სტაბილური განვითარების ტემპი. შეიცვალა მხოლოდ გადახდის ფორმა - კერძოდ, ის, რომ რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომი“ საქართველოს აღარ დაუტოვებს სომხეთისკენ გატარებული გაზის 10 %-ს და ტრანზიტის საფასურს ფულით გადაიხდის. ენერგეტიკის მინისტრის ინფორმაციით, „გაზპრომ-ექსპორტი“ თანახმაა, ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის მიღებისას საქართველომ 1000 კუბურ მეტრ რუსულ გაზში 215 დოლარის ნაცვლად 185 დოლარი გადაიხადოს:

ეს არის 2 წლით გაფორმებული შეთანხმება. პირველ წელს ჩვენ ნაწილობრივ ისევ ნედლეულის სახით მივიღებთ ბუნებრივი აირის გატარების საფასურს, პირველ წელს არანაირ განსხვავებას არ ვღებულობთ. მეორე წელს კი ეს განსხვავება იქნება. თუმცა, ეს ახალი ხელშეკრულება, იმ არსებული რეალობიდან გამომდინარე, რაც დღეს გვაქვს, მაქსიმალური შედეგია, რაც შეიძლებოდა გვქონოდა, გინდ პოლიტიკური თვალსაზრისით და გინდ ეკონომიკური თვალსაზრისით. მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ენერგოდამოკიდებულება არ გაზრდილა არც ერთი პროცენტით. ხოლო ტარიფები ამ კონკრეტული შეთანხმების შედეგად ნამდვილად არ მოიმატებს“.

კახა კალაძე
კახა კალაძე

ენერგეტიკის მინისტრმა ამავე ბრიფინგზე ისიც განაცხადა, რომ „გაზპრომთან“ ხელშეკრულება, რომელიც წლების განმავლობაში ფორმდებოდა, სააკაშვილის თუ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს ასევე არ ყოფილა საჯარო.

მმართველ პარტიაში „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე ყველაფერი გარკვეულია და მათ, ოპოზიციისგან განსხვავებით, არც დამატებითი კითხვები აქვთ:

„მთავრობამ გააკეთა ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა. მივიღეთ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი, რომლის მიხედვითაც არც მოსახლეობა და არც ბიზნესი არ დაზარალებულა. ის, რომ ტრანზიტის საფასურის გადახდა ნატურის ნაცვლად ფულით მოხდება, მაქსიმუმი იყო, რის მიღწევაც შეიძლებოდა“, - ასე გამოეხმაურა ამ საკითხს უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი, ზვიად ძიძიგური. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემაც განაცხადა 18 იანვარს, კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ, რომ ამ საკითხზე მსჯელობა დასრულებულია და უმრავლესობისათვის ყველაფერი ნათელია.

ეს არის საქართველოს ხელისუფლების კაპიტულაცია რუსეთის წინაშე. პოლიტიკურად ეს არის ქვეყნისთვის დამაზარალებელი ხელშეკრულება, ეკონომიკურად - წამგებიანი...
რომან გოცირიძე

ამას ვერ ვიტყვით საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიციაზე. 19 იანვარს სწორედ ამ საკითხზე მოამზადა რეზოლუციის ხუთპუნქტიანი პროექტი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მთავრობისგან „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების პირობების გასაჯაროება მოითხოვა. პრესკონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, რომან გოცირიძემ, განაცხადა, რომ თუ დეტალები ცნობილი არ გახდა, მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. მისივე თქმით, დღემდე ზუსტად არავინ იცის, ნამდვილად არსებობს თუ არა ხელმოწერილი ხელშეკრულება. ოპოზიცია ამ პროცესის დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვს. რომან გოცირიძემ ისიც თქვა, რომ მთავრობა ტრანსპორტირების ტარიფს მალავს იმიტომ, რომ ეს ტარიფი არის წამგებიანი:

ეს არის საქართველოს ხელისუფლების კაპიტულაცია რუსეთის წინაშე. პოლიტიკურად ეს არის ქვეყნისთვის დამაზარალებელი ხელშეკრულება, ეკონომიკურად - წამგებიანი. ჩვენ წელიწადში ვკარგავთ, დაახლოებით, 20 მილიონ დოლარს. იმ ხარჯების გათვალისწინებით, რაც საქართველოს მხარეს აქვს ამ მილის საექსპლუატაციო მომსახურების თვალსაზრისით, - და ეს ხარჯები არის საკმაოდ დიდი, - გამოდის, რომ ჩვენ ვმუშაობთ რუსეთისა და სომხეთისათვის“.

თუ ასეთი კარგი ხელშეკრულებაა, მაშინ ხალხს რატომ უმალავენ? გაასაჯაროონ. ენერგეტიკის მინისტრი არ არის მხოლოდ უმრავლესობის ან მისი სამეგობრო წრის მინისტრი...
ლაშა ტუღუში

„ხელისუფლებამ უნდა გაასაჯაროოს „გაზპრომთან“ გაფორმებული ძველი და ახალი ხელშეკრულებები, რათა ჩვენც და რიგით მოქალაქეებსაც გვქონდეს საშუალება შევადაროთ, რეალურად რა შეიცვალა პირობებში და რა შედეგი მივიღეთ ახალი ხელშეკრულებით“, - ეს სიტყვები კი „გირჩის“ თავმჯდომარეს, ზურაბ ჯაფარიძეს, ეკუთვნის. ჯაფარიძე მოითხოვს, ასევე, ხელისუფლებამ ღიად ილაპარაკოს იმ გათვლებზე, რომლითაც, მისი სიტყვებით, რუსეთის მხარე აშანტაჟებდა საქართველოს იმ შემთხვევაში, თუ „გაზპრომის“ პირობებზე არ დათანხმდებოდა.

კითხვის ნიშნები აქვს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერს, ირმა ინაშვილსაც, თუმცა ის აცხადებს, რომ ხელშეკრულების შეფასება მხოლოდ მისი წაკითხვის შემდეგ შეეძლება.

პასუხებს და მეტ გამჭვირვალობას სამოქალაქო სექტორიც მოითხოვს. თუ საქართველოს ინტერესები ბოლომდე დაცულია, მაშინ რატომ არ იღებს საქართველოს ხელისუფლება „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროების გადაწყვეტლებას? - კითხულობს არასამთავრობო ორგანიზაცია „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის“ საქართველოს ეროვნული კოორდინატორი ლაშა ტუღუში:

თუ ასეთი კარგი ხელშეკრულებაა, მაშინ ხალხს რატომ უმალავენ? გაასაჯაროონ. ენერგეტიკის მინისტრი არ არის მხოლოდ უმრავლესობის ან მისი სამეგობრო წრის მინისტრი. ის არის ყველა მოქალაქის მინისტრი და თუ ასეთი ადვილია მტკიცება, რასაც ასე გმირულად ამტკიცებენ, მივიდნენ პარლამენტში და გამართონ დებატები, რომ საზოგადოებამ მეტი გაიგოს. უნდა გასაჯაროვდეს ყველა ის ხელშეკრულება, რომლის მხარე არის სახელმწიფო - ეს იქნებასოკარი“, „გაზპრომითუ სხვა“.

18 იანვარს, ღამით, მთავრობის ადმინისტრაციასთან „გაზპრომის“ საწინააღმდეგო აქცია-პერფორმანსიც გამართა მოძრაობამ „დაიცავი თავისუფლება“. აქციის ერთ-ერთი მონაწილე და ორგანიზატორი იყო თამარ ჩერგოლეიშვილიც:

შარშანაც აქ ვიდექით და შევაკავეთ ხელისუფლება, რომ ეს ბრიყვული ნაბიჯი არ გადაედგათ. წელსაც იგივეს შევეცდებით. პროცესიც გაუმჭვირვალეა, არაფერი ვიცით - ან რა ფასს გვიხდიან, ან რა ფასი უნდა გადავუხადოთ, ყველაფერი გაასაიდუმლოეს“.

იმ შემთხვევაში, თუ ენერგეტიკის სამინისტრო „გაზპრომთან“ მიღწეული შეთანხმების შესახებ საჯარო ინფორმაციას არ გასცემს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სასამართლოს მიმართავს. საიას წევრ სულხან სალაძის განცხადებით, კახა კალაძის 18 იანვრის განცხადება ვერ იქნება პასუხი საია-ს მოთხოვნაზე, ენერგეტიკის სამინისტროსგან მიიღოს „გაზპრომის“ მიერ სომხეთში საქართველოს გავლით გაზის ტრანზიტთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია:

1. საქართველოს გავლით სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ „გაზპრომთან“ გაფორმებული იმ ხელშეკრულების ასლი, რომლის მოქმედების ვადაც 2016 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა;

2. 2017 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოს გავლით სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ ახალი ხელშკრულების გაფორმების მიზნით „გაზპრომთან“ წარმოებული მოლაპარაკების ამსახველი ყველა ოფიციალური დოკუმენტის ასლი;

3. 2017 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოს გავლით სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ გასაფორმებელი ახალი ხელშეკრულების თაობაზე „გაზპორმთან“ მიღწეული შეთანხმების ასლი.

მე არ ვთვლი, რომ მინისტრის გუშინდელი განცხადება ჩვენი განცხადების პასუხია. თუ ის შეეცდებაგაზპრომთანმიღწეული შეთანხმების შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია გახდეს ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით. რაც უფრო მეტი ინფორმაცია ექნება საზოგადოებას ამ შეთანხმების შესახებ, მით უფრო ნაკლები კითხვები გაჩნდება“, - განაცხადა სულხან სალაძემ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG