Accessibility links

„გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების გამო კითხვები კვლავ პასუხგაუცემელია


რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი გაზსადენი

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს მოუწოდებს, გააძლიეროს საზედამხედველო ფუნქცია ”გაზპრომთან” მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით და წარმოადგინოს გეგმა, თუ როგორ მოხდება მოსალოდნელი რისკებისა და საფრთხეების დაზღვევა-მინიმალიზაცია. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამ შეთანხმებით შეიძლება მივიღოთ დამატებითი პოლიტიკური რისკები ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით, ისევე როგორც ეკონომიკური დანაკარგები.

საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, ”გაზპრომთან” მიღწეული შეთანხმებით გაუარესდა ქვეყნის ენერგოსექტორი, დაზიანდა საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები და ქვეყანამ მიიღო უარესი ვითარება სხვადასხვა მიმართულებით.

ეს განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გუშინ გაავრცელა. პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ცხადია, არ არის ერთადერთი სამსახური, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების მიერ „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების გამო კითხვები უჩნდება. ოპოზიცია კითხვებზე პასუხისთვის პარლამენტში სათბობ-ენერგეტიკის მინისტრს კახი კალაძეს იბარებს. კითხვები აქვთ ექსპერტებსაც. 90-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ მთავრობას ხელშეკრულების გასაჯაროება მოსთხოვა.

გუშინვე ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დღეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით განცხადებას წარადგენს. ორგანიზაცია ითხოვს შემდეგი დოკუმენტების გადაცემას: საქართველოს გავლით სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტთან დაკავშირებით „გაზპრომთან“ გაფორმებული იმ ხელშეკრულების (შეთანხმების) ასლი, რომლის მოქმედების ვადაც 2016 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა; საქართველოს გავლით სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტთან დაკავშირებით 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად „გაზპრომთან“ წარმოებული მოლაპარაკების ამსახველი ყველა ოფიციალური დოკუმენტის ასლი; საქართველოს გავლით სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტთან დაკავშირებით 2017 წლის 1-ლი იანვრიდანგასაფორმებელი ახალი ხელშეკრულების თაობაზე „გაზპრომთან“ მიღწეული შეთანხმების ასლი”.

სავარაუდოა, რომ კომერციული საიდუმლოების მოტივით ხელისუფლება კვლავ შეეცადოს ამ ინფორმაციის გაცემაზე უარი თქვას. მანამდე კი დეტალები კვლავ არ არის ცნობილი და ზარალის შესახებაც მხოლოდ ვარაუდებზე დაყრდნობით შეიძლება საუბარი.

მაგალითად, გაზეთმა „რეზონანსმა“ დათვალა შემოსავალი, რომელიც, სავარაუდოდ, საქართველომ ამ ხელშეკრულებით დაკარგა. სიგრძე ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენისა, რომლითაც სომხეთს მიეწოდება ბუნებრივი აირი საქართველოს გავლით, საქართველოს ტერიტორიაზე 221 კმ-ია. მისი მეშვეობით სომხეთმა უახლოეს წლებში უნდა მიიღოს, დაახლოებით, 2,2 მლრდ კბ/მ გაზი. როცა საქართველო გატარებული აირის მოცულობის 10 %-ს ნატურით იტოვებდა, ფულად გამოსახულებაში, დაახლოებით, 40 მლნ დოლარის ენერგოპროდუქტი რჩებოდა (ამ შემთხვევაში ნაგულისხმებია საშუალო ფასი 185 დოლარი 1000 კბ/მ-ზე. დაახლოებით, ამ ფასად აწვდის რუსეთი ევროპას გაზს და საქართველოსაც ასეთსავე ტარიფს ჰპირდება, თუკი დამატებითი მოცულობის შესყიდვა დაგვჭირდა).

ტრანზიტის საფასურის ანაზღაურება მაღალი "უკრაინული ტარიფითაც" (4,5 დოლარი ყოველ 100 კმ-ზე) რომ მოხდეს, მაგისტრალური გაზსადენის სიგრძის შესაბამისად, საქართველო მიიღებს 22 მლნ დოლარს იმავე 185-დოლარიანი გაზის პირობებში. ეს ნიშნავს, რომ ამ თანხით საქართველო შეისყიდის იმის ნახევარ გაზს, რაც დღეს ქვეყანას ნატურის სახით რჩება. თუკი გავითვალისწინებთ, რომ "გაზპრომი" სომხეთს ამჟამად 1000 კბ/მ გაზს 150 დოლარად აწვდის, შესაბამისად, ნათელია, რომ საქართველო ტრანზიტის საფასურად გაცილებით ნაკლებს მიიღებს. კითხვები, თუ კონკრეტულად რამდენად ნაკლებს მიიღებს და რამ აიძულა საქართველოს ხელისუფლება „გაზპრომის“ წინადადებაზე დათანხმებულიყო, დღეს კვლავ აქტუალური რჩება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG