Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთსაათიანი ტყვეობა თიანეთის პოლიციაში


ერთსაათიანი ტყვეობა თიანეთის პოლიციაში
please wait

No media source currently available

0:00 0:03:39 0:00
გადმოწერა
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი თიანეთის პოლიციას საქართველოს მთავარ პროკურატურაში უჩივის. მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის დამფუძნებელი ამტკიცებს, რომ 20 მაისს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დააკავეს და იძულებით ამყოფეს პოლიციის შენობაში, სადაც მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო გადაღებული ვიდეო და ფოტომასალა წაუშალეს. 20 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით განსხვავებულ ვერსიას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

გელა მთივლიშვილი თიანეთში რეპორტაჟის მოსამზადებლად მას შემდეგ ჩავიდა, რაც ტელეფონით დაუკავშირდნენ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისათვის სოციალური დახმარებების შეწყვეტის შესახებ ამცნეს. რაიონულ ცენტრში ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ ჟურნალისტმა პოლიციის შენობის გადაღება გადაწყვიტა, რამაც, გელა მთივლიშვილის თქმით, კიბეებზე მდგომი მამაკაცის გაღიზიანება გამოიწვია:

გადმომათრიეს და ფიზიკური ძალის გამოყენებით წამათრიეს პოლიციის შენობაში. 50-50 მეტრი მათრიეს. შეყვანის მომენტში ამ მამუკამ სამჯერ ამომარტყა მუხლი მუცელში ...
გელა მთივლიშვილი
„ეცვა სამოქალაქო ტანისამოსი, ვერაფრით მიხვდებოდი, რომ პოლიციის თანამშრომელი იყო. მაინც დაჟინებით ითხოვდა, რომ მიმეცა პირადობის მოწმობა, ჟურნალისტის მოწმობა... ვუთხარი, რომ ვიყავი ჟურნალისტი მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრიდან და ვაკეთებდი მასალას, ასევე ვუთხარი, რომ გადავუღე პოლიციის შენობას როგორც ვიდეო, ასევე ფოტო. ჩემთან საუბრის პარალელურად საუბრობდა მობილურ ტელეფონზე, ახსენებდა ვინმე გიორგევიჩს, რომლისგანაც იღებდა ინსტრუქციებს. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს გიორგევიჩი არის თიანეთის პოლიციის უფროსი.“

გელა მთივლიშვილმა მოგვიანებით ისიც გაარკვია, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი თიანეთის პოლიციის უფროსის მოადგილე მამუკა შალამბერიძე იყო. ჟურნალისტის თქმით, პირადობისა და მართვის მოწმობების ჩამორთმევის შემდეგ ჯერი ვიდეოაპარატურაზე მიდგა:

„როცა მას დამხმარე ძალა (ორი პოლიციელი) მოუვიდა, მე უკვე ვიჯექი მანქანაში, კარი მქონდა მოხურული. ვიჯექი საჭესთან, ფანჯარა იყო ჩაწეული. გადმომათრიეს და ფიზიკური ძალის გამოყენებით წამათრიეს პოლიციის შენობაში. 50-60 მეტრი მათრიეს. შეყვანის მომენტში ამ მამუკამ სამჯერ ამომარტყა მუხლი მუცელში, ასევე ჩამარტყა თავში რაღაც. შეიძლება ჩემი კამერა ჩამარტყა თავში, შეიძლება სხვა რამე, მიჭირს თქმა.“

პოლიციელებმა სთხოვეს მას ვინაობის დასახელება, რაზეც გელა მთივლიშვილმა უარი განაცხადა. იგი შეიყვანეს პოლიციის შენობაში და ვინაობის დადგენისთანავე გაათავისუფლეს, თუმცა მან შენობის დატოვებაზე უარი განაცხადა ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
სულ გელა მთივლიშვილმა თიანეთის პოლიციის შენობაში, წინააღმდგეობის გაწევის საბაბით, საათზე მეტი დაყო. ჟურნალისტის მტკიცებით, პოლიციის თანამშრომლები მას არაადამიანურად ეპყრობოდნენ: არ ასმევდნენ წყალს, არ გაჰყავდათ ტუალეტში და სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც დაგვიანებით გამოიძახეს. ჟურნალისტის დაკავების ფაქტს გამოეხმაურნენ ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები. ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელ უჩა ნანუაშვილის თქმით, წლიდან წლამდე სულ უფრო რთულდება საქართველოში ჟურნალისტური საქმიანობის წარმოება:

„სამწუხაროდ, საქართველოში პრობლემაა არა მხოლოდ ის, რომ ჟურნალისტები არიან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, არამედ კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ის რეაქცია, რაც ამ კონკრეტულ ფაქტებს მოსდევს ხოლმე. მხედველობაში მაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საგამოძიებო ორგანოების რეაქცია, რომელიც, პირდაპირ შეიძლება ითქვას, არის ცინიკური.“
უჩა ნანუაშვილი ცინიკურ დამოკიდებულებად მიიჩნევს განცხადებას, რომელიც გელა მთივლიშვილის ბრალდებების პასუხად შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა:

„20 მაისს თიანეთის პოლიციის რაიონულ შენობასთან ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი სურათებს უღებდა პოლიციის შენობასა და პოლიციის თანამშრომლებს. პოლიციელებმა სთხოვეს მას ვინაობის დასახელება, რაზეც გელა მთივლიშვილმა უარი განაცხადა. იგი შეიყვანეს პოლიციის შენობაში და ვინაობის დადგენისთანავე გაათავისუფლეს, თუმცა მან შენობის დატოვებაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა გელა მთივლიშვილს იძულების წესით დაატოვებინეს პოლიციის შენობა. ინციდენტის დროს ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.“

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ისიც განმარტა, რომ პრესის წარმომადგენლებს სრული უფლება აქვთ სურათები გადაუღონ პოლიციის როგორც შენობებს, ასევე თანამშრომლებს, თუმცა სამინისტრომ ასევე მოუწოდა მედიის წარმომადგენლებს მეტი კორექტულობა გამოიჩინონ. ამ გაფრთხილებას და ჟურნალისტის პოლიციის შენობაში შეჭრის შესახებ გარცელებულ ინფორმაციას აბსურდული უწოდა „ნეტგაზეთის“ რედაქტორმა მაია მეცხვარიშვილმა:

ყოველგვარი სტატუსის გარეშე ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში დაკავებული ჰყავდათ პოლიციის შენობაში, სადაც მის მიმართ ფიზიკური ძალადობა განხორციელდა ...
თამარ კორძაია
„ძნელად წარმოსადგენი და დასაჯერებელია, რომ ჟურნალისტმა მოახერხოს პოლიციის შენობაში შესვლა და იქ გამაგრება ისე, რომ შს სამინისტროს თანამშრომელმა მოუწოდოს ჟურნალისტებს, იქნებ თქვენ დაგიჯეროთ და გამოიყვანოთო... ამ ფაქტზე აუცილებელია რეაგირება საგამოძიებო სტრუქტურების მხრიდან.“

თიანეთის პოლიციაში მომხდარი ინციდენტის შესწავლა დაიწყო სახალხო დამცველმაც, რომლის აპარატს განცხადებით თავად გელა მთივლიშვილმა მიმართა. ჟურნალისტმა ასევე მიმართა მთავარ პროკურატურას, რომელსაც ცემის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრისკენ ადამიანის უფლებათა ცენტრმაც მოუწოდა. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კორძაიაც ამბობს, რომ ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.

„ყოველგვარი სტატუსის გარეშე ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში დაკავებული ჰყავდათ პოლიციის შენობაში, სადაც მის მიმართ ფიზიკური ძალადობა განხორციელდა. აქ ორი დანაშაულის ნიშნები იკვეთება. პირველი ის, რომ ჰქონდა ადგილი თავისუფლების უკანონო აღკვეთას და მეორე - ცემის ფაქტი! შესაბამისად, აუცილებლია მოახდინოს რეაგირება როგორც პროკურატურამ, ასევე შსს გენერალურმა ინსპექციამ“, უთხრა თამარ კორძაიამ რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG