Accessibility links

GEM fest-ის თანამშრომლების ნაწილი ფესტივალის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს


აქცია GEM fest-ის შესასვლელთან

განმუხურში ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე დასაქმებულები GEM fest-ის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივიან. ბილეთების კონტროლის განყოფილებაში დასაქმებულებმა კუთვნილი ანაზღაურების მიღების მოთხოვნით გამართული აქცია წუხელ დაასრულეს ფესტივალის ტერიტორიაზე. როგორც აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, ამ ეტაპზე საპროტესტო გამოსვლებს წყვეტენ, თუმცა ბრძოლას უკვე სასამართლოში გააგრძელებენ. აქცია 14 აგვისტოს განმუხურში მას შემდეგ დაიწყო, რაც თანამშრომლებს 500-500 ლარის ნაცვლად ანაზღაურების სახით 100-100 ლარი გადასცეს.

„ვითხოვთ ხელფასების ჩარიცხვას. ჩაგვირიცხეს მხოლოდ თანხის ნაწილი, გვითხრეს, რომ შემდეგ იქნებოდა დანარჩენი, მაგრამ როცა მოვედით ტერიტორიაზე, გვითხრეს, რომ ხელფასების ჩარიცხვა გაურკვეველი ვადით გადაიდო და არ იციან, როდის ჩაირიცხება ან თუ ჩაირიცხება საერთოდ“;

„GEM fest-ის დირექტორი გიორგი სიგუა გაიქცა ქვეყნიდან, თავს არიდებს პასუხისმგებლობას, ყურადღებას არ გვაქცევენ“;

„ჩვენთან მოლაპარაკების მცდელობა იყო, თუმცა უშედეგოდ დასრულდა. სწორედ ამიტომ ჩვენ იძულებული გავხდით მიგვემართა აქციის ამ ფორმისთვის და გადაგვეკეტა ქუჩა. ჩვენი აქცია აქ სრულდება, მაგრამ ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას და GEM fest-ის ადმინისტრაციას შევხვდებით სასამართლოში“, - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

საპროტესტო აქცია ბილეთების კონტროლის განყოფილებაში დასაქმებულებმა 14 აგვისტოს დილიდან დაიწყეს. თავდაპირველად 42 თანამშრომელი გამოთქვამდა პრეტენზიებს ფესტივალის ადმინისტრაციის მიმართ, თუმცა მოგვიანებით რიცხვი შემცირდა. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რამდენიმე დასაქმებული ადმინისტრაციამ მოატყუა, რომ ხელფასს მისცემენ და ამ მიზეზით პროტესტი შეწყვიტეს. ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება უკმაყოფილო თანამშრომელთა დიდი ნაწილი. ისინი ამბობენ, რომ საკუთარ სიმართლეს სასამართლოში დაამტკიცებენ.

ფესტივალის ადმინისტრაციის მხრიდან საპროტესტო აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნების საპასუხოდ განმარტებები არ გაკეთებულა. GEM Fest-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა მაია სიხარულიძემ რადიო თავისუფლებას14 აგვისტოს უთხრა, რომ გაერკვეოდა საქმის დეტალებში და განცხადებას მოგვიანებით გააკეთებდა, თუმცა მას შემდეგ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ელექტრონული მუსიკის ფესტივალ GEM Fest-ის დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ გასულ კვირაში განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, ფესტივალი ფინანსურად წარუმატებელი იყოო.

მისი სიტყვებით, ფესტივალის ტერიტორიაზე განთავსებული კვების და სავაჭრო ობიექტები ვერ იხდიან იჯარის ფულს, რადგან მუშაობა არა აქვთ და, შესაბამისად, არც მას აქვს შემოსავალი და ვერ იხდის ბევრ ვალს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. არსებული მდგომარეობიდან ერთ-ერთ გამოსავლად GEM Fest-ის დამფუძნებელი სამომავლო მუშაობის დაგეგმვასა და თანამშრომლობას ასახელებს.

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM Fest-ი განმუხურში 14 ივლისს გაიხსნა და 14 აგვისტოს დაიხურა. მან ვერ გაამართლა ორგანიზატორთა მოლოდინი ტურისტების რაოდენობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ის ფინანსურად წარუმატებელი აღმოჩნდა ფესტივალის ტერიტორიაზე დასაქმებული ბიზნესობიექტებისთვის.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG