Accessibility links

გენდერული კვოტირება და საქართველო


ავტორი: ანა ობოლაძე

რა არის გენდერული კვოტირება?

გენდერულ თანასწორობას ორი მთავარი პრინციპი ახასიათებს - კეთილდღეობა და სამართლიანობა. სამართლიანია, თუ ქალსა და კაცს აქვთ თანაბარი სასტარტო პირობები და ცხოვრებისეული შესაძლებლობები თავიანთი პოტენციალის სრული რეალიზაციისათვის, თუ ქალები და კაცები თანაბრად სარგებლობენ საზოგადოებრივი სიკეთეებით, თუ თანაბრად მონაწილეობენ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარების პროცესში. თუ ეს პრინციპები დაცულია საზოგადოებაში, ის ქვეყნის კეთილდღეობასა და სამართლიანობაზე დაფუძნებულ, მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს. გენდერული თანასწორობის მისაღწევად ეფექტური მექანიზმების დანერგვის მიზნით მოთხოვნები იზრდება. ერთ-ერთ მათგანს გენდერული კვოტირება წარმოადგენს.

გენდერული კვოტირება - წარმოადგენს კანონით განსაზღვრულ ნორმას პოლიტიკურ ინსტიტუციებში - საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში - ქალთა მონაწილეობის გასააქტიურებლად. კვოტირების იდეა მოიაზრებს ქალთა დაცვას პოლიტიკური იზოლაციისგან. იგი ეფექტური საშუალებაა გენდერული უთანასწორობის მისაღწევად, რაც ქვეყანაში „წარმომადგენლობითი დემოკრატიის“ ბაზისს ქმნის.

კვოტირების ტიპები

გენდერული კვოტირების სხვადასხვა ფორმები არსებობს, თუმცა ძირითადა იყოფა სავალდებულო და პარტიულ კვოტებად. ეს გულისხმობს, რომ კვოტები შეიძლება იყოს როგორც კანონით დადგენილი, ასევე პოლიტიკური პარტიების მიერ აღიარებული, რომელთა დაცვა და შესრულება დამოკიდებულია პოლიტიკური პარტიების ნებაზე. სახელმწიფოს მხრიდან ნებაყოფლობითი ტიპის კვოტების შემოღება არ არის სავალდებულო, მაგრამ დაწესების შემთხვევაში პარტია შეიძლება იყოს ფინანსურად წახალისებული. ნებაყოფლობითი კვოტები ევროპაში ძირითადად დამახასიათებელია მწვანეთა და მემარცხენე პარტიებისთვის.

სავალდებულო კვოტები თავის მხრივ კიდევ ორად იყოფა: საკანონმდებლო კვოტა და რეზერვირებული ადგილების კვოტა. რეზერვირებული ადგილების კვოტა დგინდება ქვეყნის კონსტიტუციით, ცალკეულ შემთხვევებში კი საარჩევნო კანონით. ეს სისტემა გულისხმობს არჩევითი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ორგანოებში გარკვეული ადგილების ქალებისათვის გამოყოფას. ასეთი სისტემა იძლევა პარლამენტში ქალთა გარანტირებულ წარმომადგენლობას. რეზერვირებული ადგილების კვოტირების შემთხვევებს ვხვდებით ინდოეთში როტაციის წესით საარჩევნო ოლქებში მხოლოდ ქალების კანდიდატებად დაშვება. იორდანიაში ყველაზე მეტი ხმების მქონე ქალებისთვის, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს არჩევნებში, 15 ადგილის შენახვა. ეს სისტემა არსებობს 36 სახელწმიფოში. რაც შეეხება, საკანონმდებლო კვოტებს იშვიათ შემთხვევებში დგინდება კონსტიტუციით, ძირითადად გაწერილია საარჩევნო კანონში. საკანონმდებლო კვოტების შესრულება სავალდებულოა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიისთვის. არგენტინა იყო პირველი ქვეყანა, სადაც ამ ფორმის კვოტა იქნა მიღებული, საარჩევნო სიებში 20%-იდან 40%-მდე ქალ კანდიდატთა წარდგენა. საკანონმდებლო კვოტის დარღვევის შმეთხვევაში, შეიძლება იყოს ფინანსური სანქციები, სახელმწიფოს მიერ პარტიაზე დაფინანსების შემცირება ან პარტიის მიერ წარდგენილ სიის რეგისტრაციაზე უარი. მაგრამ ამავე დროს არსებობს ფინანსური წახალისება ნებაყოფლობითი კვოტების შემთხვევაში.

გენდერული კვოტირება საქართველოში

ამ კუთხით საქართველოში პირველი ნაბიჯები 2011 წელს გადაიდგა, როდესაც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში შევიდა ცვლილებები, რაც გულისხმობდა პარტიების ფინანსური წახალისების სისტემის დანერგვას. პარტია, რომელიც პროპორციული საარჩევნო სიის ყოველ ათეულში ორ ქალ კანდიდატს წამოაყენებდა, საბაზო დაფინანსების 10%-იან დანამატს მიიღებდა. 2014 წელს საბიუჯეტო წახალისება გაიზარდა, თუმცა შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი მხოლოდ 24 ქალით არის წარმოდგენილი პარლამენტში. განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხი პოლიტიკოსების ოთახებს და ტრენინგების დღის წესრიგს გასცდა და ახლა უკვე ქალთა საკითხები საჯარო და ღია განხილვის საგანია. 2017 წლის 12 ივნისს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფმა პარლამენტში კიდევ ერთხელ შეიტანა კანონპროექტი სავალდებულო გენდერული კვოტირების შესახებ. ინიციატივის მიღების შემთხვევაში პარტიები ვალდებული იქნებიან სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის წარმომადგენელი იყოს.

2014 წლის NDI -ის გამოკითხვით ნათლად ჩანს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის დამოკიდებულება ქალებისა და მამაკაცების პოლიტიკური მოღვაწეობის მიმართ არათანმიმდევრულია. ერთი მხრივ, საზოგადოების დიდი ნაწილი პარლამენტში ქალების რაოდენობის გაზრდის მიზნით გენდერული კვოტის შემოღებას ემხრობა, თუმცა დაფიქსირდა სკეპტიკური დამოკიდებულა ქალი პოლიტიკოსების მიმართ.

პოლიტიკურ სივრცეებში, გენდერული კვოტირების შესახებ დამოკიდებულება სხვადასხვაგვარია. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ტუღუში ქალების გასააქტიურებლად, პარლამენტში კვოტების შემოღებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ გაცილებით უფრო ჯანსაღი მექანიზმები არსებობს ამისთვის. „შენების მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი ეწინააღმდეგება კვოტირების სისტემას, მაგრამ ამასთან თანასწორობის მომხრეა და თუ ამის მიღწევა კვოტირების გარეშე შეუძლებელია ისიც მხარს უჭერს სავალდებულო კვოტირების სისტემის შემოღებას. გენდერული კვოტირების იდეას სრულად ემხრობა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც. იგი კვოტირების შემოღების აუცილებლობაზე საუბრობს და თვლის, რომ კარგი იქნება თუ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სწორედ რომ ქალი იყოს. საინტერესოა ქალი პოლიტიკოსის ელენე ხოშტარიას დამოკიდებულება გენდერული კვოტირების შესახებ. იგი ფიქრობს, რომ ასეთი მიდგომა აკნინებს ქალს, რადგან მისი პოლიტიკაში მონაწილეობა მისი კონკრეტული თვისებებით კი არ განისაზღვრება, არამედ გენდერული ნიშნით. ამიტომ იგი მხარს არ უჭერს კვოტების სისტემას.

საბოლოოდ, უნდა ითქვას, რომ საზოგადოება გარკვეული დოზით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალების ჩართულობა პირდაპირ კავშირშია ქალთა უფლებების ყოველმხრივ დაცვასთან და ქვეყანაში სამართლიანობის შენარჩუნებასთან, რაც თავის მხრივ ქვეყანაში კეთიდღეობის საწინდარია. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პარტიის წარმომადგენლები კატეგორიულად ეწინაარმდეგება კვოტირების სისტემას, მნიშვნელოვანია არსებული მუხტის და სოლიდარობის განცდის შენარჩუნება. ყველა ის წარმომადგენელი, ვინც საქართველოში გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის მუშაობს უნდა შეეცადოს ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესებას. პოლიტიკურად რთული გახდეს ამ მოცემულობის იგნორირება და ამომრჩევლის სურვილის უგულებელყოფა, რადგან სწორედ ამომრჩეველს სურს იხილოს მეტი პროგრესი და თანასწორობა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG