Accessibility links

დამოუკიდებლობა – გენერალური აუდიტორის გამოწვევა


ირაკლი მექვაბიშვილი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურის წარდგენას. საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ მექვაბიშვილის პროფესიული გამოცდილება მნიშვნელოვნად წაადგება სახელმწიფო აუდიტის შემდგომ ინსტიტუციონალურ განვითარებას. ირაკლი მექვაბიშვილი, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) უფროს ბანკირად მსახურობდა. ახალი გენერალური აუდიტორი პარლამენტმა 20 სექტემბერს, პლენარულ სხდომაზე უნდა აირჩიოს.

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში გამართული ფარული კენჭისყრის შედეგად, კომიტეტის ცხრა წევრიდან ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა რვა წევრმა, მათ შორის, კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ:

„კენჭისყრიდან გამომდინარე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი იღებს დადებით გადაწვეტილებას და მხარს უჭერს ბატონ ირაკლი მექვაბიშვილის დამტკიცებას გენერალური აუდიტორის პოზიციაზე და შესაბამისი რეკომენდაციით შევა პარლამენტის სესიაზე, სადაც მოხდება მისი დამტკიცება“.

კენჭისყრამდე ირაკლი კოვზანაძემ გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატი დაახასიათა, როგორც უაღრესად მაღალი რანგის ფინანსისტი, რაზეც მეტყველებს მისი შთამბეჭდავი კარიერა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში:

ირაკლი კოვზანაძე
ირაკლი კოვზანაძე

„ის ევრობანკის უფროსი ბანკირია, ბოლო ათი წლის განმავლობაში ახორციელებს საფინანსო-საინვესტიციო პროექტებს საფინანსო ინსტიტუტებში – როგორც საქართველოში, ასევე რეგიონის სხვა ქვეყნებში, ვფიქრობ, რომ მისი გამოცდილება მნიშვნელოვნად გამოადგება სახელმწიფო აუდიტის ინსტიტუციონალურ განვითარებას. გარდა ამისა, ასევე მნიშვნელოვანია მჭიდრო ურთიერთობა პარლამენტისა და აუდიტის სამსახურისა, რადგანაც პარლამენტს აქვს ერთადერთი ბერკეტი – აუდიტის სამსახური, რომლის საშუალებითაც ხდება ნებისმიერი სამთავრობო ხარჯების კონტროლი“.

კენჭისყრამდე, კომიტეტის წევრებს თავისი ძირითადი ხედვა გაუზიარა გენერალური აუდიტორობის კანდიდატმა. ირაკლი მექვაბიშვილის თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობა დამყარებული იქნება ოთხ ძირითად პრინციპსა და ღირებულებაზე:

„ეს არის ობიექტურობა, დამოუკიდებლობა, პროფესიონალიზმი და საჯაროობა. აუდიტის სამსახურის ფუნქცია არ უნდა იყოს სადამსჯელო. ის უნდა იყოს პრევენციული ხასიათის. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იქნება, აუდიტის სამსახურის თვისობრივი გადახალისება მოხდეს ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით. ვიცი, რომ, ამ კუთხით, არის გარკვეული წინსვლა, მეგობარი დონორი ქვეყნების დახმარებით. ასევე მნიშვნელოვანი იქნება, ჩვენი რეკომენდაციების შესრულებამდე, მონიტორინგის გაძლიერება. წინა წლის ანგარიშს როდესაც გავეცანი, იქ იყო რეაგირების მაჩვენებელი 47%, რაც ძალიან დაბალია“.

ირაკლი ბექვაბიშვილის პროფესიონალიზმთან დაკავშირებით, კითხვები არ აქვთ ოპოზიციის წარმომადგენლებს, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ირაკლი მექვაბიშვილის ეფექტიანობის მთავარი განმსაზღვრელი იქნება დამოუკიდებლობა, რომელიც აუდიტის სამსახურს კონსტიტუციით აქვს გარანტირებული:

რომან გოცირიძე
რომან გოცირიძე

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყველა გაათავისუფლეს. ძალადობა იყო აუდიტის სამსახურზე, ეროვნულ ბანკზე, მაგრამ ვერც ბანკის და ვერც აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელებს ძვრაც ვერ უყვეს. ამ სამსახურებს აქვთ ძალიან დიდი კონსტიტუციური იმუნიტეტი და მათ იცავს ასევე საერთაშორისო წესები და თანამეგობრობა. ამიტომ მთავარი მოთხოვნა იქნება, იყოს დამოუკიდებელი, იყოს პრინციპული. მის პროფესიონალიზმში, გამომდინარე ბიოგრაფიიდან, ეჭვი არავის ეპარება. იქნება დამოუკიდებელი? დაუჭერს ხალხი მხარს და დაუჭერენ მხარს პარტიები. ის იქნება აუდიტის სამსახურის კარგი უფროსი. არ იქნება დამოუკიდებელი? – გახდება „ქართუ ბანკის“ რიგითი ბიჭი“.

პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში, ირაკლი მექვაბიშვილი გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე შეცვლის ლაშა თორდიას, რომელსაც უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის 23 ივლისს გაუვიდა. საზოგადოებას, ალბათ, ახსოვს მისი და ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ფიზიკური დაპირისპირება თბილისის ერთ-ერთ რესტორანში. ლაშა თორდიას თქმით, ყოფილი მთავარი პროკურორი და მოქმედი ბიზნესმენი, ოთარ ფარცხალაძე მას თავს დაესხა, აუდიტის სამსახურის მიერ წარმოებული შემოწმების გამო. საქართველოს მთავარი აუდიტორი ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე და მას ხუთი წლით ირჩევენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG