Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევის 29-ე რაუნდი დესტრუქციის მოლოდინით


გაეროს შტაბ-ბინა ჟენევაში
გაეროს შტაბ-ბინა ჟენევაში

7-8 ოქტომბერს ჟენევა საერთაშორისო მოლაპარაკებების 29-ე რაუნდს მასპინძლობს. საქართველოს დელეგაცია მოელის, რომ მოსკოვის, ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლების მხრიდან კვლავაც გამოვლინდება დესტრუქციული მიდგომა თბილისისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის პროცესში. ძალის არგამოყენების თემატიკის გარდა, მთავარი დარტყმა დევნილების დაბრუნების საკითხისკენ არის მიმართული. როგორია განწყობა და მოლოდინი ორ სამუშაო ჯგუფში ოთხშაბათს გასამართი ძირითადი დისკუსიების წინ?

ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლებმა დევნილების საკითხის განხილვის მიმართ მწვავე პროტესტი 18 ივნისს მოლაპარაკებათა 28-ე რაუნდზე გამოხატეს და, მათი დემარშის შედეგად, მეორე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩაიშალა. ამ ფაქტმა შეაშფოთა მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები, - ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლები, - რომლებმაც აღნიშნეს, რომ დაუშვებელია ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზება.

მეთვალყურეთა აზრით, გამოვლინდა დამკვიდრებული ფორმატის შეცვლის მცდელობა სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენელთა მხრიდან, მოსკოვის ძლიერი მხარდაჭერის თანხლებით. ამ ხაზის გაგრძელებას კვლავაც მოელის საქართველოს დელეგაცია და, როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა აღნიშნა 29-ე რაუნდის დაწყებამდე, საქართველო კვლავაც დაიცავს თავის უცვლელ პრინციპებს:

”ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ შევინარჩუნოთ ფორმატი, ანუ ჟენევის დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი მთავარი საკითხი, რაც არის ძალის არგამოყენება - საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება იყოს განხილული”.

რადგანაც საქართველოს მხარე ამ საკითხის პოლიტიზებას ახდენს და უკვე რამდენიმე წელიწადია დევნილების საკითხს წარადგენს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, რადგანაც სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არ მონაწილეობდნენ ამ ფორუმში, არ ხდება მათი მოსაზრებების გათვალისწინება...
მურატ ჯიოევი

დესტრუქციული ქმედებების მოლოდინი, რაც თბილისს 29-ე რაუნდის ფარგლებშიც აქვს, საკმაოდ რეალისტურად გამოიყურება, თუკი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მონაწილეების წინასწარ განწყობებს გადავხედავთ. მაგალითად, როგორც პოსტკონფლიქტური საკითხების დარეგულირების საქმეში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი მურატ ჯიოევი აღნიშნავს, ისინი არ აპირებენ განიხილონ დევნილებთან დაკავშირებული საკითხები. საქმე ის არის, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ წელს დაამტკიცა საქართველოს მიერ ინიცირებული უკვე მეშვიდე რეზოლუცია, რომელიც აღიარებს ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის უფლებას ღირსეულად დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს.

”რადგანაც საქართველოს მხარე ამ საკითხის პოლიტიზებას ახდენს და უკვე რამდენიმე წელიწადია დევნილების საკითხს წარადგენს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, რადგანაც სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არ მონაწილეობდნენ ამ ფორუმში, არ ხდება მათი მოსაზრებების გათვალისწინება და, შესაბამისად, პრობლემა განიხილება მხოლოდ საქართველოს პოზიციის მიხედვით, ვიდრე ეს პრაქტიკა არ შეწყდება, სამხრეთ ოსეთი უარს იტყვის დევნლითა საკითხის განხილვაზე ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში”, - აცხადებს მურატ ჯიოევი.

საუკეთესო პასუხი იქნება თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება რუსეთის ფედერაციასთან და ასევე ხარისხობრივი ამაღლება სხვადასხვა სფეროში რუსეთ-აფხაზეთის ინტეგრაციისა, რომლის მექანიზმები და პარამეტრები განმტკიცებული იქნება რუსეთ-აფხაზეთის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ახალ ხელშეკრულებაში...
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყება

დევნილების საკითხის უარყოფის გარდა, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების წინაშე მდგარ კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ჯერჯერობით ვერა და ვერ მოხერხდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების განახლება გალის მიმართულებით. თუკი დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყების განცხადებით ვიმსჯელებთ, თბილისის არაფერი დაიჯერება და თბილისის სამშვიდობო გეგმები ყალბ წინადადებებზეა აგებული. გამოსავალს სოხუმი მოსკოვთან მეტ სიახლოვეში ხედავს:

”საუკეთესო პასუხი იქნება თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება რუსეთის ფედერაციასთან და ასევე ხარისხობრივი ამაღლება სხვადასხვა სფეროში რუსეთ-აფხაზეთის ინტეგრაციისა, რომლის მექანიზმები და პარამეტრები განმტკიცებული იქნება რუსეთ-აფხაზეთის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ახალ ხელშეკრულებაში, რომელსაც მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა მოეწეროს ხელი”.

ამასთან, 29-ე რაუნდის ფარგლებში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკა გეგმავდა თავისი ე.წ. მოქალაქეების დისკრიმინაციის საკითხის დაყენებას. ამ საქმეში სოხუმი საქართველოს თანამონაწილედ პრაქტიკულად მთელ დასავლეთს მიიჩნევს.

სოხუმი წუხს, რომ ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებიც აპირებდნენ ვარშავაში გამგზავრებას ეუთოს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ”საერთაშორისო ფორუმის არასამთავრობო სეგმენტში” მონაწილეობის მისაღებად, უარი უთხრეს შენგენის ვიზებზე. იმავე წყაროს ცნობით, მანამდე ვიზებზე უარი მიიღო აფხაზი ჟურნალისტების ჯგუფმა, რომელსაც ჩეხეთში გამგზავრება სურდა. სოხუმში დარწმუნებული არიან, რომ ყოველივე ეს აფხაზეთის იზოლაციის მცდელობაა და რომ რუსეთში პოლონეთის საელჩოს საკონსულო განყოფილება ”პოლიტიკურად მოტივირებულ” გადაწყვეტილებებს იღებს, რაც ეწინააღმდეგება ”ევროპულ ფასეულობებს და საღ გონს”. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა აბუჩად აგდებად ჩათვალეს რუსეთში პოლონეთის საკონსულოში მიღებული პასუხი, რომ ვიზების მისაღებად მათ თბილისს უნდა მიმართონ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG