Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისმა უმასპინძლა საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმს


საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმი
საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმი
უკვე ტრადიციის სახე მიიღო თბილისში ყოველი წლის გაზაფხულზე საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმის ჩატარებამ. ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაცია, რომელსაც სენატის თავმჯდომარე მილან შტეხი ხელმძღვანელობდა, საქართველოს 23-24 აპრილს სტუმრობდა.

საქართველო-ჩეხეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები წლიდან წლამდე იზრდება და ვითარდება. ჩეხეთის რესპუბლიკა ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია საქართველოს ეკონომიკაში. სწორედ ამ ფაქტს გაუსვა ხაზი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმის გახსნისას:

„ჩეხეთი არის ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული პარტნიორი ეკონომიკაში. შარშან ჩვენ შორის ვაჭრობამ გადააჭარბა 100 მილიონ დოლარს, ხოლო ჩეხეთის ინვესტიციები აჭარბებს 350 მილიონ დოლარს. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ეს ბიზნესფორუმიც იქნება შესაძლებლობა, რომ ვიხილოთ უფრო მეტი ჩეხური ინვესტიცია და უფრო მეტი ქართული ექსპორტი ჩეხეთში.“

დავით ბაქრაძე და მილან შტეხი (მარცხნივ)
დავით ბაქრაძე და მილან შტეხი (მარცხნივ)
დავით ბაქრაძის ჩეხმა კოლეგამ, სენატის თავმჯდომარემ მილან შტეხმა კი აღნიშნა, რომ საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის ამ ეტაპზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ეკონომიკურ თანამშრომლობას ენიჭება.

"მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი ბიზნესმენები დაინტერესებული არიან არა მხოლოდ საქართველოდან ჩეხეთში ექსპორტით, არამედ პირიქითაც. ჩვენი ბანკები და სხვა ინსტიტუციები მზად არიან დაუჭირონ მხარი საქართველოში ინვესტიციებს", – განაცხადა ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარემ.

ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მაგალითებად ასახელებენ ჩეხურ ინვესტიციას საქართველოს ენერგეტიკის სფეროში. ასევე არის ეკონომიკის სხვა დარგები, სადაც უკვე შედგა ორი ქვეყნის ბიზნესის თანამშრომლობა. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში საუბრობს პრაღაში დაფუძნებული ჩეხეთ-საქართველოს შერეული სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტი ვაჟა კიკნაველიძე:
ის, რაც ხდება დღეს საქართველოში, ამ 8 წლის განმავლობაში, უფლება მაქვს შევადარო, რადგან 30 წელია ვცხოვრობ უცხოეთში, ფაქტობრივად, ეს არის სასწაული. მე ვხედავ იმ მინუსებსაც, რომელიც არის, მაგრამ ის დადებითი, რაც არის, ეს არის ძალიან დიდი გარღვევა, ძალიან დიდი მიღწევა...
ვაჟა კიკნაველიძე

„ზოგადად, იყვნენ ჩეხი ბიზნესმენები სხვადასხვა სფეროდან, დაწყებული ტრადიციული ჩეხური საექსპორტო პროდუქციით, როგორიც არის ფაიფური... იყო ადვოკატიც, რომელიც ჩამოსული იყო პარტნიორების მოსაძებნად; სხვადასხვა წარმოება, სხვადასხვა მიმართულებით. უშუალოდ მე მახლდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფირმა, რომელიც მუშაობს ტრანსპორტისა და ქალაქის სასიგნალო სისტემებზე. მათ უნდათ აქ წარმოების გახსნა და ქართველ პარტნიორებს ეძებენ. მათ უნდათ აქ აწარმოონ პროდუქცია.“

ვაჟა კიკნაველიძის მიერ ნახსენებ ბიზნესთანამშრომლობის ფორმას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს ხელისუფლება, რომლისთვისაც პრიორიტეტს წარმოადგენს უცხოური ინვესტიციებით ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და სამუშაო ადგილების შექმნა. მსგავსი ინიციატივები შარშანდელ ფორუმზეც გამოითქვა.

კერძოდ, ჩეხურმა კომპანია „ინეკონმა“ თბილისში ტრამვაის ვაგონების ქარხნის შექმნის სურვილი გამოთქვა. თუ ისევ წლევანდელ ბიზნესფორუმს დავუბრუნდებით, კიდევ ერთი წინადადება, რომელიც თბილისში ჩამოსულმა ჩეხმა ბიზნესმენმა გამოთქვა, საქართველოში საერთაშორისო ავტორალის მოწყობაა. მსგავსი ინტერესის მიზეზად საქართველოს გაუმჯობესებული ბიზნესგარემო სახელდება. ამას აღნიშნავს ჩეხეთ-საქართველოს შერეული სავაჭრო პალატის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვაჟა კიკნაველიძეც:
ვაჟა კიკნაველიძე
ვაჟა კიკნაველიძე

„ის, რაც ხდება დღეს საქართველოში, ამ 8 წლის განმავლობაში, უფლება მაქვს შევადარო, რადგან 30 წელია ვცხოვრობ უცხოეთში, ფაქტობრივად, ეს არის სასწაული. მე ვხედავ იმ მინუსებსაც, რომელიც არის, მაგრამ ის დადებითი, რაც არის, ეს არის ძალიან დიდი გარღვევა, ძალიან დიდი მიღწევა.“

საინტერესოა ისიც, თუ როგორ იყენებენ ქვეყნის შიგნით გაუმჯობესებულ ბიზნესგარემოს ადგილობრივი მეწარმეები, ანუ რა შეუძლია შესთავაზოს ქართულმა ბიზნესმა ჩეხეთის რესპუბლიკას. ვაჟა კიკნაველიძე ამბობს, რომ ჩეხეთის აქტივობას საქართველო ვერ შეედრება, თუმცა არის პროდუქცია, რომლის საქართველოდან ჩეხეთში ექსპორტირება შეიძლება:

„ეს არის ის, რაც დღეს საქართველოში მარტივი და ცნობილი სერვისია, გადასახდელი აპარატები, რომლებიც დგას მაღაზიებში და ქუჩებში. ძნელი წარმოსადგენია შეიძლება ბევრისთვის, მაგრამ ეს სერვისი პრაქტიკულად არ არის ჩეხეთში, ამის დანერგვა არის დაგეგმილი და ერთ-ერთი დამაარსებელი იქნება ქართული ფირმა. აი ეს არის მაგალითი, როდესაც ძალიან საინტერესო თემა მოდის იქეთ და, მე მგონი, ჩეხეთში ძალიან ბევრს გააოცებს.“

ვაჟა კიკნაველიძის განცხადებით, ნახსენები მაგალითები გაცილებით მეტი იქნებოდა, ქართული ბიზნესი უფრო მეტ ყურადღებას რომ იჩენდეს ქართულ-ჩეხური ბიზნესფორუმის მსვლელობის მიმართ.
XS
SM
MD
LG