Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია სიდამონიძე - ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი


6 თებერვალი, კვირა
კვირა დილა გათენდა და კვლავ გამოუძინებელი ვარ. გუშინ ჩამოვედით ლონდონიდან მე, გიორგი და ჩვენი ცხრა თვის ქეთევანი. პირადი ვიზიტით ვიყავით, და თან საბოლოოდ ავიბარგეთ ლონდონიდან. ჩავაბარეთ ჩვენი ბინა, სადაც საუკეთესო წლები გავატარეთ და ჩემი ქმარიც, ოთხი თვის ცალ-ცალკე ყოფნის შემდეგ, საბოლოოდ გადმოსახლდა საქართველოში. შეიძლება ითქვას, რომ ახალი ეტაპი იწყება ჩვენს ცხოვრებაში.

დილის 9 საათია. ახალი ძიძა მოვიდა. ქეთევანს ღვიძავს და თამაშობს. ძალიან საყვარელია. დილა დღის ერთადერთი მონაკვეთია, როცა ბავშვს ვეკონტაქტები და ვეფერები. სახლში როცა ვბრუნდები, უკვე სძინავს. ვეთამაშე, ვეფერე და კმაყოფილმა დავტოვე სახლი. დღე კარგად დაიწყო ჩემს პატარასთან ერთად!

10-ზე უკვე შეხვედრა მაქვს სამინისტროში. ბევრი საკითხია დაგროვილი, თუმცა ვგრძნობ, რომ მომენატრა ჩემი მუშაობის ტემპი და რეჟიმი. შუადღეს ისრაელში მივფრინავთ. ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში ვმონაწილეობთ. ისრაელში უკვე მეორედ ჩავდივარ საქმიანი ვიზიტით. საოცარი და საინტერესო ქვეყანაა! ტელ-ავივი ღამე ლამაზად არის განათებული და ქალაქს მთელი ღამე არ სძინავს. ამბობენ, ტელ-ავივში ერთობიან, იერუსალიმში ლოცულობენ და ჰაიფაში მუშაობენო.

დაღლილები, სასტუმროს ოთახში შევდივართ. სულ რაღაც ერთ საათში საქმიანი ვახშამი გვაქვს. სასტუმრო სანაპიროს გადაჰყურებს. სასტუმროებში საკმაოდ დიდხანს ვიმუშავე, ასე რომ მაინც არაფერი მეპარება და კრიტიკული თვალით ვათვალიერებ ოთახში ძველ ავეჯს და გახუნებულ ფარდებს.

საქმიანი ვახშამი საინტერესო იყო. ვგრძნობ, რომ ისრაელში უზარმაზარი ინტერესი ჩნდება საქართველოს მიმართ, როგორც ტურისტული ვიზიტების, ასევე ამავე სფეროში ბიზნესის კეთების მხრივ.

ხვალ დატვირთული დღეა. საელჩოს დახმარებით ბევრი შეხვედრაა დანიშნული სხვადასხვა მსხვილ ტუროპერატორთან. არ მეძინება, ხვალინდელ დღეზე მეფიქრება და ფიქრებში თანდათან ძილიც მერევა...
თავისუფლების დღიურები - მაია სიდამონიძე
please wait

No media source currently available

0:00 0:08:31 0:00

7 თებერვალი, ორშაბათი
დილიდან იწყება შეხვედრები. 2010 წელს ტურისტების რაოდენობა ისრაელიდან საგრძნობლად გაიზარდა, მაგრამ 2011-ში ამ რიცხვის, მინიმუმ, გაორმაგებას ვვარაუდობ. ბევრი ტუროპერატორია დაინტერესებული საქართველოში ბიზნესის დაწყებით. აინტერესებთ ჩვენი მთები, შავიზღვისპირეთი, ექსტრემალური ტურიზმი და, რა თქმა უნდა, ქართული ღვინო და სამზარეულო. ყველა აღნიშნავს ჩვენი ქვეყნის წინსვლას და ტურისტული ინფრასტრუქტურის საგრძნობლად განვითარებას. და მაინც, ამისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა ხალხის განთავსების მეტი საშუალება და კერძო სექტორის მიერ შეთავაზებული კონკურენტუნარიანი ფასები. ასევე, მოთხოვნის ზრდასთან ერთად, საჭიროა მეტი, უკვე რეგულარული, პირდაპირი რეისი. ივნისიდან პირდაპირი რეისები ინიშნება ბათუმის მიმართულებით, რაც საგრძნობლად გაზრდის აჭარაში ისრაელიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობას. განსაკუთრებით აქტიურობენ ქართველი ებრაელები. მათ კიდევ შემორჩენილი აქვთ მეხსიერებაში ლამაზი და თბილი საქართველო.

შეხვედრებს შორის ორსაათიანი შუალედი ჩნდება და გადავწყვიტეთ, იერუსალიმში წავიდეთ. უკვე საღამოა და მაცხოვრის ტაძარი თითქმის ცარიელია. საოცარი სიმშვიდეა და სიწყნარე. იერუსალიმში მგონია, რომ დრო გაჩერდა, რადგან ყველაფერი ძველ დროში გადაღებულ გაცოცხლებულ კადრებს ჰგავს. ამაღლებულ განწყობაზე ვტოვებ წმინდა მიწას. დღეს ჩემი დაბადების დღეა და მიხარია, რომ სწორედ აქ ვიყავი.
საქმიანი ვახშამი ელჩთან და ერთ-ერთი მსხვილი ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელებთან ერთად. ვცდილობთ, დავარწმუნოთ ისინი, რომ საქართველოს ბაზარზე შემოვიდნენ. აჭარაში ნამყოფები ყოფილან, დაახლოებით 10 წლის წინ, და ახლა ისევ ვეპატიჟებით.
სასტუმროში ვბრუნდებით. მინდა, ჩემი დაბადების დღის აღსანიშნავად, ერთი ჭიქა ღვინო დავლიოთ, თუმცა ძალიან გვეძინება და, როგორც ჩანს, ამის გაისისთვის გადადება მომიწევს.

8 თებერვალი, სამშაბათი
დღეს იხსნება ტურისტული გამოფენა. დილას ისრაელის ტურიზმის მინისტრმა მიგვიპატიჟა ოფიციალურ საუზმეზე, სადაც ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი ჩემს სფეროში. საინტერესოა, რომ ტურიზმის მინისტრების უმეტესობას ახალგაზრდა მამაკაცები შეადგენენ.

ვუბრუნდებით ჩვენს სტენდს გამოფენაზე. უამრავი დამთვალიერებელი გვყავს და უამრავი შეხვედრა იმართება. დრო ჩქარა გადის. მოდიან პოტენციური კლიენტები, მედიის წარმომადგენლები და შესაძლო ინვესტორები. გვესტუმრა ისრაელის ტურიზმის მინისტრიც, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოსთან საუკეთესო შთაბეჭდილებები აკავშირებს. დღეს თურქეთის გავლით ვბრუნდებით უკან, რადგან ხვალ მნიშვნელოვან შეხვედრას უნდა ჩავუსწრო.

ხანგრძლივი ფრენით დაღლილები, დილის 4 საათზე საქართველოში ვბრუნდებით. სახლში ჩუმი ნაბიჯებით ვიპარები, რომ სასწრაფოდ დავიძინო. ხვალ გრძელი დღეა: ბევრი შეხვედრა, ბევრი საკითხი და ბევრი გადაწყვეტილება.

9 თებერვალი, ოთხშაბათი
მე მგონი, ავად ვხდები. ძლივს ვდგები... მამცივნებს და ყელი მტკივა. სახლს ვტოვებ იმ იმედით, რომ მალე წამლებს მოვიმარაგებ, დავლევ და დღის საქმეებს ღირსეულად წარვმართავ. ვმსჯელობთ ახალ საინფორმაციო ცენტრებზე აეროპორტებში, გორში, ქუთაისში, მცხეთაში და სხვა. გვინდა ახალი მარშრუტების შემუშავება სპელეოტურიზმში, სამეგრელოს რეგიონში; ასევე, ღვინის ტურიზმში. განიხილება რიბრენდინგის საკითხი, ვმუშაობთ ტურიზმის სფეროში საგანმანათლებლო სტანდარტების შემუშავებაზე, შემოგვაქვს ახალი სტატისტიკური კვლევის მეთოდოლოგიები, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად ვმუშაობთ სამხრეთ კავკასიის ინიციატივაზე და რეგიონში ტურისტული პროდუქტის შექმნაზე.
ამასობაში ჩემი ხელმოწერების ჯერიც დადგა. ოფისში ჩვეული ტემპია: ზოგი ტელეფონით ლაპარაკობს, ზოგი კომპიუტერთან მუშაობს, დანარჩენები ქაოსურად ირევიან საქმის დროზე მოსაგვარებლად. მეც კმაყოფილი ვარ, რადგან ვფიქრობ, რომ თანდათან ძლიერი გუნდი ვხდებით - ენერგიულები, სხარტები და ინიციატივიანები.

ვსხდებით საბოლოო დეტალების მოსაგვარებლად - ყოველ შაბათ-კვირას, მესტიაში ღონისძიებების გამართვის თაობაზე. ადგილის პოპულარიზაციის მიზნით, გვინდა დამატებითი გასართობი პროგრამები შევთავაზოთ იქ ჩასულ ტურისტებს. გასაკვირია, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის 95%-ზე მეტი სვანეთში ნამყოფი არ არის. მინდა, შიდა ბაზარი უფრო მეტად დინამიური გახდეს, ახალგაზრდობიდანვე იყოს მოგზაურობის სურვილი საკუთარი ქვეყნის შესაცნობად. ალბათ, ამის მერე უკვე აღარავის შეეპარება ეჭვი, რომ საქართველოს ყველაზე პრიორიტეტული სფერო თუ არა, ერთ-ერთი მაინც, ნამდვილად ტურიზმი უნდა იყოს. ამ რესურსების არგამოყენება დაკარგული შესაძლებლობების ტოლფასია.

9 საათი ხდება და თანამშრომლები ნელ-ნელა სახლში წასვლას იწყებენ. უცნაური ტენდენციაა ოფისში - ყველა ჟანგბადის წვეთებს სვამს. ფანჯრების ნაკლებობა გვაქვს და „უჰაერობის“ პირობებში ასეთი გამოსავალი ვიპოვეთ.

ვხვდები გიორგის. ერთად ვსადილობთ. ახალი სამსახური აქვს და მასაც საკმაოდ დატვირთული რეჟიმი. სახლში ვბრუნდებით, ქეთევანს ჯერ კიდევ ღვიძავს, მაგრამ ვერ ვეფერები. მეშინია, გრიპი არ გადავდო.

10 თებერვალი, ხუთშაბათი
ახალი მოსული ვარ სამსახურში. სანამ თანამშრომლებიც მოსულან, ვცდილობ, დღიურში ერთი-ორი სიტყვის ჩაწერა მოვასწრო.
დღეს აქტიური დებატები იყო გიდების სტანდარტების შექმნის პროცესზე. სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შედიან როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები, ისე ექსპერტები, ხმამაღლა და ემოციურად განიხილავდა ამა თუ იმ საკითხს. თუმცა, აზრთა სხვადასხვაობა კარგია, მეტ შედეგს იძლევა.

დღეს ძირითადად თანამშრომლებთან იყო სამუშაო შეხვედრები. ხვალ მესტიაში მივფრინავ, მაგრამ დიდი შანსია, უამინდობის გამო ფრენა არ იყოს და მაშინ მანქანით ასვლა მომიწევს.

11 თებერვალი პარასკევი
მესტიაში ფრენა მიყვარს, ულამაზესი ხედები იშლება ფრენის დროს. ზემოდან კარგად ჩანს შაორის ტბა, შხარას ფაქტიურად გვერდზე ჩაუფრენ და მთებში ჩაფლული მესტიაც გამოჩნდება. მაგრამ ამინდმა არ გაგვიმართლა და ფრენა გაუქმდა. აეროპორტიდან სახლში ვბრუნდები და ახლა უკვე ვგრძნობ, რომ ძალიან ავად ვარ და თავს უნდა მივხედო.

რადიო „თავისუფლებიდან“ მიკავშირდებიან. დღევანდელ დღიურს ტელეფონით ვწერთ. ალბათ ხვალაც ასე მომიწევს. სიცხიანი ვწვები და ღრმა ძილში მივდივარ.

12 თებერვალი, შაბათი
ლამპრობა სვანური ტრადიციაა, რომელსაც არასოდეს ღალატობენ. წლების განმავლობაში ამ ტრადიციამ ცვლილებები განიცადა. ჩვენ კი გვინდა, ეს ტრადიცია გამოვაცოცხლოთ და სანახაობრივადაც საინტერესო გავხადოთ.

თოვლით მოფენილ ტრიალ ადგილზე ლაგდება 100 ცეცხლმოკიდებული ლამპარი. სვანური ცეკვა-სიმღერა, პურის ცხობა, მწვადები, სვანური კერძები და, რა თქმა უნდა, რახი (სვანური ჭაჭა) უნდა შეგვეთავაზებონა ჩამოსული სტუმრებისთვის. მაგრამ ფრენის გაუქმებასთან ერთად, ეს ღონისძიებაც ჩაგვეშალა.

ბოლომდე მაინც ვერ მოვმჯობინდი. ვწევარ და ვცდილობ, სახლიდან, ტელეფონით მოვაგვარო საქმეები. საღამოვდება. კვლავ სიცხე მიწევს. დღიურის წერას ვწყვეტ და ვიძინებ იმ იმედით, რომ ორშაბათს კარგად ვიქნები და ადგომას შევძლებ.
XS
SM
MD
LG