Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ქართული ოცნება”: ”ოფისების გახსნაში ხელს გვიშლიან”


კოალიცია ”ქართული ოცნება” პოლიციის მხრიდან ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათ ოფისების გახსნაში ხელს უშლიან. მათი მტკიცებით, გასაქირავებელი ფართების მეპატრონეებს სამართალდამცავები ”ქართული ოცნებისათვის” ფართების მიქირავებას უკრძალავენ. კოალიციის ოფისში 17 მაისს საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც სამართალდამცავების მიერ შექმნილ პრობლემებზე რუსთავში ერთ-ერთი ფართის მეპატრონემ პირადად ილაპარაკა და განაცხადა, რომ ის, ზეწოლის მიუხედავად, ”ქართული ოცნების” წევრი ხდება.

რუსთავის მკვიდრი მამუკა მატკავა, რუსთავის პოლიციის განყოფილებაში პირველად აპრილის დასაწყისში მას შემდეგ დაიბარეს, რაც მან კუთვნილი ორსართულიანი ფართი კოალიცია ”ქართულ ოცნებას” ოფისის გასახსნელად მიაქირავა: ”გამომძიებელმა დამკითხა და ბოლოს ხელწერილი დამაწერინა, რომ მივიდოდი „ქართულ ოცნებასთან“ და ხელშეკრულების გაუქმების შესახებ ვაცნობებდი. მიზეზი არ უთქვამთ, მიზეზი ვიგრძენი”, - ამბობს მამუკა მატკავა.

მამუკა მატკავამ ”ქართულ ოცნებასთან” ხელშეკრულების გაუქმებაზე მაშინ უარი თქვა. როგორც ის ირწმუნება, სწორედ ამიტომ მიაკითხა მას ორი დღის წინ სახლში უბნის ინსპექტორმა და მისი მოხუცი დედა დაკითხა:

”მანქანა სამი კორპუსის იქით გაჩერდა. თვითონ მარტო ამოვიდა, მანქანაში კი ორი ადამიანი დარჩა და იქიდან იყურებოდნენ. დედაჩემი გამოკითხეს, სად მუშაობენ მისი შვილები, მე რა საქმიანობით ვარ დაკავებული, იარაღი ხომ არ გვაქვს. ამ დროს მეც დავბრუნდი სახლში და რომ ვიკითხე, რა ხდება-მეთქი, შემოწმებაზე ვარ მოსულიო. არადა, ერთი თვის წინ მართლა იყვნენ აღრიცხვაზე მოსულები, ყველა მეზობელი დაიარეს, ახლა კი მარტო მე მომაკითხეს. ინსპექტორი რომ წავიდა, მეზობლები ჩამოიარეს და გაირკვა, რომ იმ დღეს არავისთან მისულან”, - ირწმუნება მამუკა მატკავა.

ზვიად ძიძიგური
ზვიად ძიძიგური
როგორც კოალიცია ”ქართული ოცნების” წევრმა ზვიად ძიძიგურმა 17 მაისს საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, ეს არ არის მხოლოდ ერთი შემთხვევა, როდესაც ”ქართულ ოცნებას” ოფისების გახსნაში ხელს უშლიან. მას ამჯერად თეთრი წყაროს მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ მათ მიერ დაქირავებულ ოფისში ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინ დევნილი ოჯახი შეასახლა. ზვიად ძიძიგურის მტკიცებით, სამაჩაბლოდან დევნილი ოჯახი მანამდე სოფელ კოდაში, კომპაქტურ დასახლებაში ცხოვრობდა:

”ეს კაცი სამი მცირეწლოვანი ბავშვით დაჯდა კიბეებზე თავის მეუღლესთან ერთად და ჩვენ, რა თქმა უნდა, შიგნით აღარ შევსულვართ, რადგან ამ ბავშვებს ფეხს ვერ გადავაბიჯებდით. ეს კაცი მუშაობს თეთრი წყაროს სოციალურ სამსახურში, მისი მეუღლე კი პედაგოგია. მათ სწორედ ჩვენთვის ხელის შეშლის მიზნით იყენებენ”, - ამბობს ზვიად ძიძიგური.

როგორც ზვიად ძიძიგური ირწმუნება, თეთრ წყაროში მათ მიერ დაქირავებულ ოფისთან ე.წ. ზონდერ ბრიგადის წარმომადგენლებიც გამოჩნდნენ. ის რადიო თავისუფლებასთან საუბრობს სხვა შემთხვევებზეც, როდესაც ფართების მეპატრონეებმა ხელშეკრულებები დაარღვიეს და ”ქართულ ოცნებას” ტერიტორიის მიქირავებაზე უარი უთხრეს:

”უკვე ფართების მეპატრონეები ხშირ შემთხვევაში ძალიან მაღალ ჯარიმებზეც კი თანახმა არიან, ხელშეკრულებებს არღვევენ და ფართის მოქირავებაზე უარს გვეუბნებიან. არადა, ჯარიმები მართლა დიდია - 30 ათასი ლარი, 50 ათასი ლარი...”

პოლიციელების მხრიდან რაიმე ტიპის ზეწოლას უარყოფს რადიო თავისუფლებასთან საუბარში შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი. როგორც ის ამბობს, მისთვის ამგვარი ფაქტები ცნობილი არ არის და კოალიციას ურჩევს სასამართლოს ან პროკურატურას მიმართოს:
ეს არის, ჩემი აზრით, ყველაზე მასშტაბური საქმე თავისი შორსგათვლილი მიზნით, რომ „ქართულ ოცნებას“ რაიონებში არ მიეცეს ოფისების გახსნის საშუალება ...
თეა წულუკიანი

”ჩვენთვის არავის მოუმართავს. თუ არსებობს მსგავსი პრობლემები, მაშინ სასამართლოს ან პროკურატურას მიაკითხონ.”

ამ დროისათვის საქართველოს მასშტაბით ”ქართული ოცნების” 63 ოფისია გახსნილი. როგორც კოალიციაში აცხადებენ, იგეგმება კიდევ 10 ოფისის გახსნა. თუმცა, როგორც თეა წულუკიანი, „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილე და კოალიცია ”ქართული ოცნების” წევრი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, ხელისუფლება აქტიურად ცდილობს კოალიციის საქმიანობას ხელი შეუშალოს, და ერთ-ერთ მაგალითად იმ კომპანიას ასახელებს, რომელიც კონტროლის პალატამ ორი დღის წინ 5 მილიონი ლარით იმ მოტივით დააჯარიმა, რომ ის, ასე ვთქვათ, დამნაშავედ ცნო ”ქართული ოცნების” ოფისების შეღავათიანი ფასებით გარემონტებაში, რაც კომპანიას შემოწირულებად ჩაეთვალა:

”ეს არის, ჩემი აზრით, ყველაზე მასშტაბური საქმე თავისი შორსგათვლილი მიზნით, რომ „ქართულ ოცნებას“ რაიონებში არ მიეცეს ოფისების გახსნის საშუალება. „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც ჩანს, ცუდად მოხვდა თვალში ის, რომ „ქართული ოცნების“ ოფისები სოკოებივით მრავლდება”, - ამბობს თეა წულუკიანი.

როგორც ზვიად ძიძიგურმა 17 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კოალიცია მიმართავს საქართველოს პროკურატურას, რათა დაიწყოს გამოძიება პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელის შეშლის თაობაზე, რასაც, მისი თქმით, ადგილი ჰქონდა როგორც რუსთავის, ასევე თეთრი წყაროს ოფისებთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG