Accessibility links

გერმანელ ტყვეთა ბანაკები და მათი საფლავები რუსთავში


გერმანელ ტყვეთა საფლავების ძიების პროცესი რუსთავში

რუსთავში რამდენიმე დღის წინ დაიწყეს გერმანელ ტყვეთა საფლავების ძიება "გერმანელი სამხედრო ტყვეების საფლავებზე ზრუნვის სახალხო კავშირის“ მიერ მოვლინებული სპეციალისტის ხელმძღვანელობით. როგორც ცნობილია, ქალაქ რუსთავისა და მისი ქარხნების მშენებლობაში საბჭოთა ხელისუფლება სწორედ რომ გერმანელ ტყვეებს იყენებდა. უმეტესობა აქვე გარდაიცვალა.

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლების მოსაზღვრედ, ყოფილ სავენტილაციო ნაკეთობათა ქარხნის გვერდით, იქ, სადაც დანგრეული საწარმოო შენობების ნაკვალევს დღესაც შეამჩნევთ, რამდენიმე დღეა გერმანელ ტყვეთა საფლავებს ეძებენ. როგორც რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომელი მათე ახალაია ამბობს, გათხრების პირველ დღეს 7 სამარხი აღმოაჩინეს, სადაც 12 მიცვალებული განისვენებდა, მეორე დღეს კი ორი სამარხი, ორი მიცვალებულით. მათე ახალაიას თქმით, მიახლოებითაც კი ვერავინ იტყვის, ამ ტერიტორიაზე რამდენი ადამიანი მარხია.

გერმანელ ტყვეთა საფლავების ძიების პროცესი რუსთავში
გერმანელ ტყვეთა საფლავების ძიების პროცესი რუსთავში

თანამემამულეთა საფლავებს ,,გერმანელი სამხედრო ტყვეების საფლავებზე ზრუნვის სახალხო კავშირის“ ინიციატივით იკვლევენ. ამ ორგანიზაციის მიერ რუსთავში მოვლინებული გერმანელი ექსპერტი ლუც მიულერი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, გარდაცვლილები ნამდვილად გერმანელები არიანო:

„ჩვენ ძვლები წავიღეთ. ერთ-ერთი დაკრძალულის თავის ქალის ტრეპანაციის, ასევე, სხვა გარდაცვლილების კბილებზე აღმოჩენილი პლომბის თავისებურება ადასტურებს, რომ ესენი ნამდვილად გერმანელები არიან“.

შემდეგ საუბარში წამოვიდა, რომ ეს ძალიან მძიმე ადგილია იმ თვალსაზრისით, რომ სულ სასაფლაოები იყოო. აქ რომ ვთხრიდით საძირკველსო, - მონაწილეობა მიიღეს ამ ქარხნის მშენებლობაში, ძალიან მოხუცები იყვნენ, - სულ ადამიანის ძვლები ამოდიოდაო...
სერგი კასრაძე

მიულერის სიტყვებით, სხვადასხვა წყაროებიდან ვიცით, რომ აქვე ახლოს სამხედრო ტყვეთა ბანაკი არსებობდა, მაგრამ რამდენ ადამიანზე იყო გათვლილი, ამას ვერავინ ამბობს. ამ თვალსაზრისით, გერმანული მხარის ხელთ არსებული საარქივო დოკუმენტებიც მწირია.
გერმანელ სამხედრო ტყვეთა საფლავებით პირველად 20 წლის წინ დაინტერესდნენ - კერძოდ, მამა სერგი კასრაძე, რომელიც ახლა რუსთავის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მოძღვარია.

„მაგ ტერიტორიასთან ახლოს იყო სავენტილაციო ქარხანა. მანდ ვაკეთებინებდი მუშებს ღუმელებს საბავშვო ბაღისთვის. შემდეგ საუბარში წამოვიდა, რომ ეს ძალიან მძიმე ადგილია იმ თვალსაზრისით, რომ სულ სასაფლაოები იყოო. აქ რომ ვთხრიდით საძირკველსო, - მონაწილეობა მიიღეს ამ ქარხნის მშენებლობაში, ძალიან მოხუცები იყვნენ, - სულ ადამიანის ძვლები ამოდიოდაო“.

მამა სერგის თქმით, საფლავების არსებობის შესახებ მან გერმანიის საელჩოს შეატყობინა. თავადაც სცადა გათხრების ჩატარება, მაგრამ მაშინ იმდენ ბიუროკრატიულ წინააღმდეგობას წააწყდა, რომ თავი დაანება. ერთადერთი, რაც მაშინ შეძლეს, საფლავებისგან მოშორებით მემორიალური ჯვრის დადგმა იყო.

გერმანიის მთავრობისა და ადგილობრივი საელჩოს მეცადინეობით, ასევე საქართველოს მთავრობის დახმარებით, წელს, აგვისტოში, ხსენებული ტერიტორიის ე. წ. ზონდირება მოხდა და მაშინ გადაწყდა გერმანელი ექსპერტის მოწვევა.

გერმანელ ტყვეთა საფლავების ძიების პროცესი რუსთავში
გერმანელ ტყვეთა საფლავების ძიების პროცესი რუსთავში

ლუც მიულერი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ მიცვალებულთა იდენტიფიცირება პრაქტიკულად შეუძლებელია. მათი ამოცანაა საქართველოს სხვადასხვა ადგილას არსებული გერმანელ ტყვეთა საერთო სასაფლაოების აღმოჩენა და ნეშტების ერთ ადგილას გადასვენება, კერძოდ, თბილისსა და რუსთავს შორის არსებულ ტერიტორიაზე, რკინიგზის სადგურ „ველის“ მახლობლად.

ნაზი პაჭიკაშვილი, რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი, ამბობს, რომ გერმანული წყაროების მონაცემებით, რომელიც მოსკოვში მოპოვებულ საარქივო დოკუმენტებს ეყრდნობა, რუსთავის მიდამოებში, მათ შორის, სადგურ „ველის“ ტერიტორიაზე, ქალაქ რუსთავისა და მისი საწარმოების მშენებლობაზე მომუშავე გერმანელ ტყვეთა 3 ბანაკი არსებობდა, ამდენივე იყო მათი სასაფლაოც.

ნაზი პაჭიკაშვილის თქმით, გერმანიის საელჩოსა და საქართველოს მთავრობას შორის არსებული შეთანხმებით, გერმანელ ტყვეთა საფლავების მოძიება და ნეშტების გადასვენება სადგურ „ველის“ ტერიტორიაზე მომავალი წლის მაისამდე გაგრძელდება. ამავე პერიოდში სასაფლაოს, როგორც მემორიალს, ოფიციალურად გახსნიან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG