Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანელთა ორი მესამედი კვლავ აღიქვამს დაყოფას აღმოსავლეთ-დასავლეთის პრინციპით


გერმანიის პარლამენტი "ბუნდესტაგი"
გერმანიის პარლამენტი "ბუნდესტაგი"

გერმანიის გაერთიანებიდან ოცდაშვიდი წლის შემდეგ, გერმანელთა თითქმის ორი მესამედი ამბობს, რომ კვლავაც აღიქვამს დაყოფას აღმოსავლეთ-დასავლეთის პრინციპით მათ შორის, ვინც ცხოვრობს ყოფილ კომუნისტურ აღმოსავლეთში და ვინც ცხოვრობს დასავლეთში. ამას მოწმობს გაზეთ „ბილდისთვის“ ჩატარებული გამოკითხვა, რომელიც „გონებაში არსებულ ბერლინის კედელს“ ეხებოდა.

გამოკითხვა ჩაატარა ორგანიზაცია INSA-მ. შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 64.6 პროცენტი ამბობს, რომ გერმანელები კვლავაც აღიქვამენ ამ პრინციპით დაყოფას - 22.9 პროცენტი კი თვლის, რომ ეს დაყოფა უკვე გადალახულია.

გამოკითხვა, რომელიც გერმანიის გაერთიანების დღესასწაულის წინა დღეს გამოქვეყნდა, ასევე ამბობს, რომ აღმოსავლეთში მცხოვრებ გერმანელთა 74 პროცენტი ლაპარაკობს „უხილავ ბარიერზე“, მაშინ როცა ყოფილ დასავლეთ გერმანიაში ამ ბარიერზე მხოლოდ 62.3 პროცენტი მიუთითებს.

ის, რომ გერმანიის მოქალაქეებს შორის განსხვავება მართლაც არსებობს, მკაფიოდ გამოჩნდა 24 სექტემბრის არჩევნებზე, რომელშიც ამომრჩეველმა ომისშემდგომ პერიოდში ყველაზე დიდი დანაკარგი აწვნევინა დიდ, მეინსტრიმულ პარტიებს, ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კი 12.6 პროცენტით პირველად მოხვდა პარლამენტში.

„ალტერნატივა გერმანიისთვის“, თავისი ლოზუნგით „დაიბრუნეთ თქვენი ქვეყანა“, განსაკუთრებით პოპულარული იყო აღმოსავლეთ გერმანიაში. მათ პოპულარობას ხელს უწყობდა სიბრაზე, რომელიც გამოიწვია ანგელა მერკელის გადაწყვეტილებამ კარი გაეხსნა მილიონი, ძირითადად მუსლიმი - მიგრანტისთვის 2015 წელს.

დასავლური რეგიონის, რაინლანდ-პფალცის, სოციალ-დემოკრატმა პრემიერმა, მალუ დრეიერმა, არჩევნების შედეგს უწოდა „ძახილი გამოღვიძებისკენ“ დიდი პარტიებისთვის, რომ აღმოსავლეთ გერმანიაში მოქალაქეები კვლავაც უკმაყოფილონი არიან თავიანთი ცხოვრებით.

„სათანადოდ ვერ შევაფასეთ, რაოდენ დიდი იყო ტრანსფორმაციის ზეწოლა აღმოსავლელ გერმანელებზეო და რამდენი რამის მიღწევა დასჭირდათ მათ საიმისოდ, რომ ქვეყნის გაერთიანება რეალობად ექციათო“, განაცხადა დრეიერმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

აღმოსავლეთ გერმანიის საკითხებში მთავრობის კომისარ ირის გლაიკეს თქმით, გაერთიანების შემდეგ აღმოსავლეთში უმუშევრობა შემცირდა და საშუალო შემოსავალი მკვეთრად გაიზარდა, თუმცა მოსახლეობის კლება მაინც პრობლემად რჩება.

გლაიკეს თქმით, გლობალიზაციამ და დემოგრაფიულმა ცვლილებებმა გააძლიერა რეგიონალური ტენდენციები - ერთ სულ მოსახლეზე მშპ დასავლეთისას 27 პროცენტით ჩამორჩება, სამრეწველო პროდუქტიულობა კი 20 პროცენტით.

გლაიკეს თქმით, აუცილებელია აღმოსავლეთში მეტი გაკეთდეს მოქალაქეთა კეთილდღეობისთვის, რათა იქ ფეხი ვერ მოიკიდოს ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმმა.

„როცა მთავრობა არ მოქმედებს, სიცარიელეს ავსებენ ძალები, რომლებსაც კარგი მიზნები არა აქვთო“, - განაცხადა მან.

პარალელურად, განათლებისა და კვლევის მინისტრმა იოჰანა ვანკამ ორშაბათს გამოაცხადა ახალი პროექტის შესახებ, რომლის მიზანი იქნება დადგინდეს, რამდენ ნაცისტს მიეცა საშუალება მუშაობა გაეგრძელებინა აღმოსავლეთ გერმანიის საგანმანათლებლო და კვლევით უწყებებში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG