Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია ახლებური მიდგომებით საქართველოსთვის


ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და ირაკლი ღარიბაშვილი
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და ირაკლი ღარიბაშვილი

ბერლინი ყოველმხრივ დაეხმარება საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე და ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის პროცესს – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა არაერთხელ განაცხადა თბილისში, ორდღიანი (8-9 დეკემბერს) ვიზიტის ფარგლებში. რა იყო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ბერლინიდან თბილისში ჩამოტანილი მთავარი მესიჯები?

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის თბილისში სტუმრობის მთავარ თემებს წარმოადგენდა: ევროკავშირთან საქართველოს დაახლოება, საქართველოსა და გერმანიის ორმხრივი ურთიერთობები და რუსეთთან ურთიერთობა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ჭრილში. ეს და სხვა თემები, ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერმა 9 დეკემბერს, საქართველოდან გამგზავრების წინ, პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განიხილა. როგორც პრემიერის ოფიციალური ვებსაიტი იტყობინება, გერმანელმა მინისტრმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ბერლინი არ აღიარებს „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ „უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება გერმანიის მტკიცე პოზიციას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როდესაც ანალოგიური შინაარსის ე.წ. დოკუმენტი ცხინვალის რეგიონთან მიმართებაშიც მზადდება“. ამავე წყაროს ცნობით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოხატა „მზადყოფნა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისთვის“ და

კიდევ ერთხელ დაადასტურა „საქართველოს ევროპული კურსისადმი გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა“.

ასოცირების შეთანხმება არ არის ერთადერთი დოკუმენტი საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ჩვენ პარალელურად ვმუშაობთ ვიზების ლიბერალიზაციაზე და დასახული მიზნისკენ – უვიზო მიმოსვლისკენ...
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

ევროპული ოჯახისკენ მიმავალ საქართველოს გერმანია მტკიცედ რომ დაუჭერს მხარს, ამის შესახებ 8 დეკემბერსაც ითქვა, საქართველოს პრეზიდენტსა თუ საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრების ფარგლებში. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი დარწმუნებულია, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმება სტიმული იქნება ქვეყნის „მოდერნიზაციისა და რეფორმებისთვის“ და, მართალია, ამას დიდი დრო და ენერგია სჭირდება, მაგრამ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიიღონ ასოცირების შესახებ შეთანხმების მიხედვით.

ამასთან, არის კიდევ ერთი პერსპექტივა, რომლის შედეგის ნახვაც უფრო მალეა მოსალოდნელი:

„ასოცირების შეთანხმება არ არის ერთადერთი დოკუმენტი საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ჩვენ პარალელურად ვმუშაობთ ვიზების ლიბერალიზაციაზე და დასახული მიზნისკენ – უვიზო მიმოსვლისკენ – კარგა მნიშვნელოვანი ნაბიჯიც გადავდგით.... ეს ასახულია 2014 წლის ოქტომბერს მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც თქვენ, ალბათ, იცნობთ“.

გერმანიის მთავრობა მხარს უჭერს გადაწყვეტილებას, რომელიც ნატოს ბუქარესტის სამიტზე იქნა მიღებული... და თუკი ნატოს ბოლო სამიტს გავიხსენებთ, ალბათ, იცით, რომ საქართველოსთვის „არსებითი პაკეტის“ შეთავაზების წინადადება დისკუსიის დროს სწორედ გერმანიამ წამოაყენა.
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

ეს განცხადება ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა 8 დეკემბერს, თავის ქართველ კოლეგასთან – თამარ ბერუჩაშვილთან - შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მან აქვე აღნიშნა, რომ გერმანიისთვის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი გადახედვას არ ექვემდებარება - შესაბამისად, ბერლინი არასოდეს ცნობს რუსეთის მიერ აფხაზეთთან გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას - და რომ რუსეთის ქმედებების გამო ახლა ძალიან რთული პერიოდი უდგას მთლიანად ევროპას, აღმოსავლეთ ევროპას და, ცხადია, საქართველოსაც. რაც შეეხება საქართველოს ნატოში ინტეგრაციას, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გაუმართლებლად მიიჩნევს აზრს, თითქოს ბერლინს ამ საკითხის მიმართ „კონსერვატიული მიდგომები“ ჰქონდეს:

„გერმანიის მთავრობა მხარს უჭერს გადაწყვეტილებას, რომელიც ნატოს ბუქარესტის სამიტზე იქნა მიღებული... და თუკი ნატოს ბოლო სამიტს გავიხსენებთ, ალბათ, იცით, რომ საქართველოსთვის „არსებითი პაკეტის“ შეთავაზების წინადადება დისკუსიის დროს სწორედ გერმანიამ წამოაყენა“.

საქართველოში ვიზიტი არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი სავარაუდოდ იმ ახალი პოლიტიკისა, რომელსაც გერმანია ახორციელებს რუსეთის მიმართ...
ზაალ ანჯაფარიძე

დამოუკიდებელ ექსპერტს პოლიტიკის საკითხებში ზაალ ანჯაფარიძეს ეჭვი არ ეპარება, რომ გერმანია მხარს უჭერს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ერთ დღეს გახდება ნატოს წევრი, მაგრამ ექსპერტი იმასაც იხსენებს, რომ, საფრანგეთთან ერთად, სწორედ გერმანიის ძალისხმევის შედეგად, საქართველომ ბუქარესტის სამიტზე ვერ მიიღო ნანატრი MAP-ი (გაწევრიანების სამოქმედო გეგმა).

ზაალ ანჯაფარიძისთვის აშკარაა, რომ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, გერმანიამ გადახედა რუსეთთან ურთიერთობის სტრატეგიას, რაც საგანგებოდ მეგობრული იყო ჯერ ისევ არცთუ შორეულ წარსულში. ამ კონტექსტში განიხილება შტაინმაიერის სტუმრობაც:

„საქართველოში ვიზიტი არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი სავარაუდოდ იმ ახალი პოლიტიკისა, რომელსაც გერმანია ახორციელებს რუსეთის მიმართ, რომ შეძლებისდაგვარად წინ აღუდგეს რუსეთის ექსპანსიას პოსტსაბჭოთა სივრცეში და მათ შორის – საქართველოს მიმართ“.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტი თბილისმა შეაფასა როგორც გერმანიის მხრიდან საქართველოს მიმართ გამოხატული პოლიტიკური მხარდაჭერა და სოლიდარობა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჯერ კიდევ მის სტუმრობამდე აღნიშნა ხაზგასმით, რომ ამ ვიზიტს წინ უსწრებდა გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის მიერ ერთ-ერთ ინტერვიუში გაკეთებული კომენტარი, რომ რუსეთი „სირთულეებს უქმნის“ მოლდავეთს, საქართველოსა და უკრაინას, სამ ქვეყანას, რომლებმაც დამოუკიდებლად გადაწყვიტეს ხელი მოეწერათ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებისთვის. პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას მხარეებმა ასევე ისაუბრეს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტზე, რომელიც 2015 წლის გაზაფხულზე შედგება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG