Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი არობელიძე - სტუდენტი


13 მარტი, კვირა

ვიღებ ინფორმაციას, რომ ჩვენი აქციის პარალელურად გაიმართება კონტრაქცია: ზუსტად იმავე დროს და იმავე ადგილას, სადაც ჩვენი. შიში მიპყრობს, რომ სტუდენტებს შორის შეიძლება დაპირისპირება მოხდეს. წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, იმასაც ვვარაუდობ, რომ ისინი ყველაფერზე წამსვლელი არიან, რადგან რეალური საშიშროება დაინახეს. ვცდილობ, შიში დავმალო, არ მინდა, აუდიტორიას ეს განცდა გადაედოს და ამ ყველაფერმა საქმე დააზარალოს.

ვინაიდან ჩვენი აქციის შესახებ სამი დღის წინ გამოვაცხადეთ, გადავწყვიტეთ, ღამის თენების რეჟიმში, მორიგეობა დაგვეწესებინა უნივერსიტეტის კიბეებთან, რომ ისე არ გამოსულიყო, კონტრაქციის მონაწილეებს ჩვენამდე დაეკავებინათ უნივერსიტეტის ტერიტორია და შემდეგ ჩვენ გამოვსულიყავით მოძალადეები, რომლებიც მათი აქციის ჩაშლას ცდილობენ.

დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა განვიხილეთ. ეს შეეხებოდა „რუსთავი 2“-ის ბოიკოტს. მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცას ეს შეიძლება არ მოეჩვენოს მაინცდამაინც სერიოზულ თემად, ამაზე „აუდიტორიაში“ დაპირისპირება გვქონდა. მეც ბოიკოტის მომხრე ვიყავი, რადგან არ მქონდა იმ არხთან თანამშრომლობის არავითარი სურვილი, რომელიც რაღაც პოლიტიკურ იარლიყებს გვაწებებდა. საბოლოოდ, შევჯერდით, რომ სწორედ ასე უნდა მოვქცეულიყავით. მოვიქეცით კიდეც.

შემდეგ გადავედით ღამის თენების რეჟიმზე. ჯგუფებად დავნაწილდით. მე ერთ-ერთი ჯგუფის წევრი ვიყავი, რომელიც მთელი ღამე მორიგეობდა უნივერსიტეტის კიბესთან.

თავისუფლების დღიურები - გიორგი არობელიძე
please wait

No media source currently available

0:00 0:15:29 0:00
გადმოწერა

14 მარტი, ორშაბათი

დილით, მეგობრებთან ერთად, უნივერსიტეტის კიბესთან ვმორიგეობდი; ვხედავდი, როგორ იწყებდნენ შეკრებას კონტრაქციის მონაწილეები. ორივე აქცია 12 საათზე უნდა დაწყებულიყო. იმ წუთას, იქ მხოლოდ ისინი ვიყავით, ვინც მთელი ღამე აუდიტორიაში დავრჩით, ისინი კი, დილის 10 საათიდან იწყებდნენ შეკრებას. მქონდა განცდა, რომ სანამ ჩვენი მეგობრები და მხარდამჭერები მოვიდოდნენ, შესაძლოა, რამე პროვოკაცია მომხდარიყო, რადგან ისინი ჩვენზე გაცილებით მეტნი იყვნენ. მივწერეთ მეგობრებს, თუ შეეძლოთ ადრე მოსულიყვნენ და, საბოლოოდ, მოხდა ისე, რომ უნივერსიტეტის კიბეზე ჩვენ დავრჩით.

ასეთი შიშის განცდა ცხოვრებაში არ მქონია! ბუნებრივია, ვგრძნობდი პასუხისმგებლობას იმის გამო, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მშვიდობიანი დემონსტრანტები ვიყავით და არავითარ პროვოკაციაზე წასვლის სურვილი არ გვქონდა, ვიცოდით, რომ პროვოკაციის საფრთხე მაინც არსებობდა და, ბუნებრივია, თითოეული ჩვენგანი ვგრძნობდით პასუხისმგებლობას, არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ ჩვენი მხარდამჭერების წინაშეც, ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში გვერდში გვედგა.

ორივე აქცია ერთდროულად დაიწყო. ერთმანეთისგან პოლიციის ჯაჭვი გვყოფდა. მთელი აქციის განმავლობაში ვხედავდი, და ჩემს თავზეც ვიწვნიე, როგორ გვაყენებდნენ შეურაცხყოფას – ერთ-ერთი აქციის მონაწილის ჟესტიკულაციითა და პირის მოძრაობით აშკარად ჩანდა, რასაც გვეუბნებოდა. ბუნებრივია, ვცდილობდი, საკუთარი თავი ხელში ამეყვანა, თუმცა ასეთ დროს ეს მარტივი საქმე არ არის. მგონი, მაინც გამოგვივიდა, რადგან არც ერთი ჩვენგანი პროვოკაციას არ აჰყოლია.

ჟრუანტელი მივლიდა, როცა მიკროფონთან ჩვენი აქტივისტი გოგოები მიდიოდნენ. ჩვენი მოძრაობის პროგრესულობას სწორედ ეს ამბავი ადასტურებდა: ჩვენი აქცია დაიწყო არა უნივერსიტეტის პრობლემებზე საუბრით, არამედ გენდერული თემატიკით. ამან კარგად აჩვენა, რა განსხვავებაა ჩვენსა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის.

მეც გადავწყვიტე მიკროფონთან მისვლა. ვიცოდი, რომ უნდა მივსულიყავი, მაგრამ არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა. როცა მიკროფონისკენმივდიოდი, დავინახე პლაკატი, რომელიც კონტრაქციის მონაწილეებს ეჭირათ ხელში. ეს იყო სატირული პლაკატი, მასზე გამოსახული ვიყავით მე, ჩვენი რამდენიმე აქტივისტი და რამდენიმე სრულიად უცნობი ადამიანი. ისე იყო გამოყვანილი, თითქოს ჩვენ ვლადიმერ პაპავა გვმართავდა. მოკლედ, ამ ნახატზე სულ ბიჭები ვიყავით დახატული და, როცა მიკროფონთან მივედი, ვთქვი: „მთელი ამ ხნის განმავლობაში თქვენ ხედავთ, რომ ჩვენი ბრძოლის ავანგარდში გოგოები და ქალები არიან. ხედავთ, რომ ათჯერ მეტად აქტიურობენ ნათია, გვანცა, ანა-მარია, ანა და სხვები. რატომ ხატავთ მხოლოდ ბიჭებს?“ ეს, რა თქმა უნდა, რიტორიკული კითხვა იყო, რადგან ყველას ისედაც ყველაფერი ესმოდა.

ნათიას ვთხოვე, უნივერსიტეტის შენობაში შევსულიყავით, რადგან ძალიან მცირე ადგილი გვქონდა გამოყოფილი აქციისთვის და სუნთქვა ჭირდა. მე და ნათია ქარჩილაძე უნივერსიტეტში შევედით, რაღაცებზე ვილაპარაკეთ, ჩვენი შიშიც გავუზიარეთ ერთმანეთს, და მოსალოდნელ ამბებზეც ვილაპარაკეთ. რამდენიმე წუთში შემოდის ჩვენი მეგობრების ნაწილი და ამბობს, რომ კონტრაქციის მონაწილეები უნივერსიტეტის გვერდითი შესასვლელებისკენ დაიძრენ. სასწრაფოდ რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ,რადგან შესაძლებელია უნივერსიტეტის გარეთ აღმოვჩნდეთ, მიუხედავად იმისა, რომ სამი დღეა, შენობიდან არ გავსულვართ, ღამისთევის რეჟიმი გვაქვს და რაღაცებს ვითხოვთ. მათი მიზანი შეიძლება ის იყოს, რომ პროცესებს მოგვწყვიტონ და შემდეგ მათი თამაშის წესებით მოგვიწევს თამაში.

პირველ რიგში გადავედით 115-ე აუდიტორიასთან. გავაკეთეთ ცოცხალი ჯაჭვი უნივერსიტეტის შესასვლელიდან 115-ემდე. მე და ნათია წინ ვიდექით ამ ცოცხალ ჯაჭვში. არ მახსოვს, კიდევ ვინ იყო, რადგან იმ დროს იმაზე ვფიქრობდი, რამე არ მოგვსვლოდა. ცოტა ეგოისტურად კი გამომდის, მაგრამ პირველ რიგში იმაზე ვფიქრობდი, მე და ნათიას არ მოგვსვლოდა რამე.

მოდის რამდენიმე ადამიანი და გვეუბნება, სასწრაფოდ შეგვიშვით უნივერსიტეტშიო. ძალიან წყნარად ვუხსნი, რომ ეს ვერ მოხერხდება, რადგან უნივერსიტეტში ძალიან დაძაბული მდგომარეობაა და იქ ხალხის (თანაც უცნობი ხალხის) შესვლამ სიტუაცია შეიძლება კიდევ უფრო გაამწვავოს. მართლა შეიძლებოდა, ისეთი პროცესები დაწყებულიყო, რომელიც მიუღებელი იქნებოდა ჩვენთვის. ამ ჩემს ძალიან მშვიდ საუბარს მოჰყვა აგრესია: დროზე გამიშვი, თორემ ასე ვიზამ და ისე ვიზამო! ჩვენც ამასობაში უკვე ბევრნი შვგროვდით და მარტივი აღარ იყო წინააღმდეგობის გაწევა. ამასობაში ვხედავ, როგორ მორბის შეშლილი სახით თვითმმართველობის პრეზიდენტი დიდ ბრბოსთან ერთად. მის უკან მომავალ ხალხში ვარჩევ რამდენიმე ადამიანს, რომელთაც, ნიღაბს არ ვიტყვი, მაგრამ რაღაცა აქვთ აფარებული სახეზე. მოდის და შეშლილი სახით გვეუბნება, სასწრაფოდ უნდა შემიშვათო. ჩვენ ვუპასუხეთ, რომ თუ მაინცდამაინც უნივერსიტეტში შემოსვლა უნდათ, ამ მხრიდან არ გამოვა, რადგან ჩვენ უკვე მეოთხე დღეა, ამ დერეფანს ვიკავებთ და მაშინ სხვა მხრიდან შემოსულიყვნენ. ამას მოჰყვა არაადეკვატური რეაქცია და დაიწყო ფიზიკური შეხლა-შემოხლა. მეც და სხვებსაც, ვინც წინ ვიდექით, მოგვხვდა ხელი. ხელი თუ არა, ხალხის მასა მაინც მოგვაწვა. მოკლედ, არ იყო მთლად სასიამოვნო სიტუაცია.

მე და ნათია მთელი ამ ხნის განმავლობაში ხელიხელჩაჭიდებულები ვიყავით და ამიტომ არ ვღელავდი ისე, როგორც, ალბათ, სხვები ღელავდნენ. საბოლოოდ, როგორღაც დამშვიდდა სიტუაცია. ჟურნალისტებმა გადაიღეს ეს კადრები. მიუხედავად იმისა, რომ ცოცხალი თავით უარყოფდნენ იმას, რომ ვიღაცას ხელით შეეხნენ, ფაქტი იყო, რომ მოხდა ფიზიკური შეხლა-შემოხლა და ამ შეხლა-შემოხლის თაოსნებს წინ მოუძღვებოდა „პრეზიდენტად“ წოდებული ადამიანი.

მთელი დღე ასე გაგრძელდა. სულ მახსენდებდა 17 მაისი. ვიღაც რომ დაიძახებდა, აქეთ გეიაო და მთელი ეს ხალხის მასა ერთ მხარეს გარბოდა. მერე სხვა დაიძახებდა აქეთააო, და მთელი მასა შემობრუნდებოდა და ახლა სხვა მხარეს გარბოდა... ჩვენც დაახლოებით ამ რეჟიმში ვიყავით: ვიღაც რომ დაიძახებდა, აქედან შემოდიანო, იქით გავრბოდით, და მთელი ეს დღე გავატარეთ ასე სირბილში, რამაც ძალიან დაგვღალა.

გვატყობინებენ, რომ გიორგი გაფრინდაშვილმა კანდიდატურა მოხსნა, რაც დადებით ემოციებს იწვევს. თუმცა, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს არ უნდა იყოს ჩვენი მოძრაობის და ჩვენი აქციების დასასრულის მომასწავებელი, რადგან კიდევ ბევრი სხვა მოთხოვნა გვაქვს. საბოლოოდ, ამ დაპირისპირების გამო, გავიყავით ორ ნაწილად. ნაწილი უნივერსიტეტის შიგნით დავრჩით, ნაწილი კი გარეთ გავიდა. არ გვქონდა პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა. პოლიცია არ აძლევდა მათ უნივერსიტეტში შემოსვლის შესაძლებლობას, ხოლო ჩვენ თუ გავიდოდით, უკან აღარავინ შემოგვიშვებდა. ვრცელდებოდა სხვადასხვა ინფორმაცია, თუ როგორ შემოდიოდნენ თვითმართველობის მომხრეები უნივერსიტეტში, რომ მათ დაცვა ფორმებს აძლევდა, კარებს უღებდა... თუმცა, ამაზე ახლა აღარ გავაგრძელებ.

15 მარტი, სამშაბათი

დღეს, ალბათ, ყველაზე რთული დღეა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. მიმდინარეობს თვითმმართველობის აქცია, რომლის მთავარი მოთხოვნა ვლადიმერ პაპავას გადადგომაა. ცოტა არ იყოს, სასაცილო მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ალბათ, არ მოინახება უნივერსიტეტში სხვა ჯგუფი, რომელიც ჩვენზე უფრო მწვავედ აკრიტიკებდა ვლადიმერ პაპავას, მაგრამ ახლა აღმოვჩნდით სიტუაციაში, როცა გვიწევს იმ ადამიანის დაცვა, რომელიც გულზე მაინცდამაინც არ გვეხატება.

რექტორის კაბინეტთან მიმდინარეობს აქცია. პრინციპში ორი აქცია: დემონსტრანტების ერთი ნაწილი (თვითმმართველობის მხარე) პაპავას მოუწოდებს, გადადგეს. ისმისხმამაღალი შეძახილები. ვუახლოვდები რექტორის კაბინეტს, მაინტერესებს, რა ხდება. ამ დროს ვხედავ ჩვენს აქტივისტებს, რომლებიც ბოლო ხმაზე ყვირიან: „არ გადადგე, არ გადადგე...“ ამან ჩემი გაოცება გამოიწვია. ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ „არ გადადგე!“-ს ყვირილი თუ მოგვიწევდა, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი. პირდაპირ ვუთხარი, რომ არასწორია, ასე არ შეიძლება, სხვა თუ არაფერი, ვიღაცამ შეიძლება რაღაც იარლიყი მოგვაწებოს და შემდეგ მოხდეს მთელი მოძრაობის მარგინალიზება. თუმცა, არავინ დამიჯერა. გაგრძელდა ეს ამბავი და, ალბათ, სწორადაც მოიქცნენ, რადგან, ვფიქრობ, საზოგადოებამ ადეკვატურად მიიღო და გაიგო, თუ რატომ იქცეოდნენ ეს ადამიანები ასე. ყოველ შემთხვევაში, არავის გასჩენია ეჭვი, რომ ჩვენ ვინმესთან შეიძლება რამე გვაკავშირებდეს და ვინმე გვმართავდეს. ანუ, გასაგები იყო, რატომ მოუწოდებდა ეს ხალხი პაპავას, არ გადამდგარიყო.

დღეს ერთი ისეთი რამ მოხდა, მთელი ცხოვრება მემახსოვრება. გუშინ, ორ ნაწილად რომ გაგვყვეს, გარეთ დარჩენილებიდან რამდენიმე სტუდენტმა როგორღაც მოახერხა შემოსვლა, მგონი ფანჯრიდან გადმოძვრნენ. შემოგვიერთდნენ და ერთმა ძალიან გამოგვლანძღა: გარეთ ისეთი განცდა იყო (და არცთუ უსაფუძვლოდ), რომ ჩვენ ძალიან გვიჭირდა და ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ვეცემეთ. მანამდე თვითმმართველობის წევრებმა დაიკავეს რექტორის კაბინეტი და გავრცელდა ცნობა, რომ უნივერსიტეტში შეიძლებოდა სპეცრაზმი შემოსულიყო და თვითმმართველობის წევრები ძალით გაეყვანა შენობიდან. როცა ეს ადამიანი აუდიტორიაში შემოვიდა, ასეთი სიტუაცია დახვდა: ჩვენ ვმსჯელობდით იმაზე, რა უნდა გაგვეკეთებინა ასეთ შემთხვევაში: დავუშვებდით თუ არა, სპეცრაზმი შემოსულიყო, მივცემდით თუ არა მას იმის საშუალებას, ეს ადამიანები (რომლებიც ორი დღის განმავლობაში გვცემდნენ) გარეთ გაეყვანათ. არ ვიცი, ფსევდოჰუმანურობა იყო თუ რა, მაგრამ მთელი ერთი საათის განმავლობაში განვიხილავდით ამას. საბოლოოდ შევთანხმდით, რომ სასწრაფოდ უნდა გაგვეკეთებინა განცხადება და მიგვემართა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ჟურნალისტებისთვის და სხვებისთვის, რომ დაკვირვებოდნენ პროცესებს, რათა არ მომხდარიყო ძალის გადამეტება.

როგორც მერე გაირკვა, არავითარი სპეცრაზმი არ შემოდიოდა უნივერსიტეტში, მაგრამ ამ გოგონას, რომელმაც ძლივს შემოაღწია აუდიტორიაში და ჰქონდა განცდა, რომ შეიძლებოდა ნებისმიერ წუთს ვეცემეთ, დახვდა მსჯელობა თვითმმართველობის წევრების „მშვიდობიანობის“ საკითხზე. ჰოდა, მაგრად გამოგვლანძღა, გარეთ ხალხს ჰგონია, რომ თქვენ აქ საშინელ დღეში ხართ, გშიათ, გწყურიათ, ვიღაცები გირტყამენ... შემოვედი და ეს რა სიტუაცია დამხვდა, არაფრის მაქნისები ხართო და ა.შ. და ა.შ... მესმის იმ გოგონას პათოსი, თუმცა, გულის სიღრმეში სიამაყის განცდა მაქვს, რომ ასეთ დროს ასეთ თემებზე ვმსჯელობდით. ალბათ, ეს რაღაცაზე მიუთითებს. საღამოს ჩვენთან შესახვედრად მოვიდნენ მინისტრის მოადგილე და რექტორი. სამინისტრომ შემოგვთავაზა ფორმატი, რომ თვითმმართველობის წარმომადგენლები და ჩვენი წარმომადგენლები მივსულიყავით სამინისტროში და სამმხრივი შეხვედრა გამართულიყო. პასუხი ერთსულოვანი იყო: რომ არ გვყავს წარმომადგენლები და გარდა ამისა, იმ ადამიანებთან ერთად მაგიდას არ მივუსხდებოდით, ვინც მთელი ამ დღეების განმავლობაში გვცემდა. თუ ვინმეს ჩვენთან ლაპარაკი უნდა, უნივერსიტეტში მოვიდეს, ჩვენს აუდიტორიაში.

საღამოს მინისტრის მოადგილე და რექტორი მოვიდნენ. პრინციპში საინტერესო საუბარი იყო. კი ცდილობდა მინისტრის მოადგილე რაღაცებში მოვეტყუებინეთ და ისეთი დაპირება მოეცა, რომელიც რეალურად არაფრისმომტანი იქნებოდა, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან, ჩემი აზრით, აუდიტორია ძალიან მომზადებული დახვდა. თვითმმართველობასთან დაკავშირებით მივიღეთ დაპირება, რომელიც გვინდოდა და სამინისტრომ ამ დღეს თავისი ოფიციალური პოზიცია დააფიქსირა. რაც მთავარია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ დავიწყეთ შეხვედრა, ვიდრე ჩვენი მეგობრები არ შემოუშვეს უნივერსიტეტში. ჩვენი ულტიმატუმი იყო, რომ საუბარი არ დაიწყებოდა მანამ, სანამ ეს ხალხი არ შემოვიდოდა უნივერსიტეტში.

16 მარტი, ოთხშაბათი

უკვე მეხუთე თუ მეექვსე დღეა, რაც უნივერსიტეტში ვართ გაუსვლელად. მე და ნათიამ გადავწყვიტეთ, დილით სახლში წავსულიყავით და ცოტა დაგვესვენა, ბოლოს და ბოლოს, ბანაობა გვჭირდებოდა. უკან დაბრუნებულები ისევ არ შეგვიშვეს შენობაში. სტუდენტების ნაწილი გარეთ იყო, ნაწილი – შენობაში. მაშინ გავუგე იმ ხალხს, ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში გარეთ იყო და იქიდან გვგულშემატკივრობდა. სიცივეში გარეთ დგომა მარტივი არ ყოფილა. მე კი,აუდიტორიაში რომ ვიყავი, ვფიქრობდი, რა უჭირთ, ჩვენ აქ უფრო მძიმე დღეში ვართ-მეთქი. მაგრამ მერე მივხვდი, რომ აუდიტორიაში ყოფნა უფრო ადვილი იყო.

მე და ნათია ქარჩილაძეს გვითხრეს, რომ საღამოს უნდა ერთ-ერთ ტელეგადაცემაში უნდა მივიდეთ. ეს უნდა გახდეს მთავარი შეხვედრა ჩვენსა და თვითმმართველობას შორის, სადაც რაღაცები გაირკვევა. პრინციპში ჩვენ გამარჯვებულის პოზიციდან შეგვეძლო ლაპარაკი, რადგან განათლების მინისტრისგანაც გვქონდა კონკრეტული დაპირებები. ამიტომ გადავწყვიტეთ, ტონი შეგვერბილებინა და აღარ დაგვეწყო: „გვცემეთ“ , „იძალადეთ“ და ა.შ.

ტელევიზიაში წასვლამდე მეგობრებს ვუთხარით, რომ ნელ-ნელა ტექსტზე დაეწყოთ მუშაობა და აუდიტორიიდან გამოსულიყვნენ, რადგან იქ დარჩენის საჭიროება აღარ იყო. დროა, აღდგეს სასწავლო პროცესი. სწორედ მაშინ, როცა გადაცემაში ვიყავით, ისინი გამოვიდნენ და წაიკითხეს შესანიშნავი მანიფესტი, ჩვენც ტონი შევარბილეთ. ეს გადაცემა ბევრმა ნახა.

გადაცემის შემდეგ, როცა ერთი სამარშრუტო ტაქსით ვბრუნდებოდით ჩვენ და თვითმმართველობის წევრები ჩვენ შორის შედგა ღია და გულწრფელი საუბარი. შეიძლება მთლად გულწფელიც არ ყოფილა, მაგრამ სხვა საუბრებთან შედარებით, მაინც გულწრფელი იყო. ჩვენ ვუთხარით, რომ თვითმმართველობის პრეზიდენტის შიმშილობა აბსურდულია და ვურჩიეთ ამისთვის თავი დაენებებინა. ვატყობდი, რომ თვითმმართველობის წევრები ბედნიერი იყვნენ იმით, რომ ჩვენ მათი კრიტიკა შევარბილეთ და საუბარი დავიწყეთ მომავალზე. იმათი მხრიდანაც იყო საუბარი: „ჩვენ არ გვგონია, რომ თქვენ მართულები ხართ, კი ვიძახდით ამას, მაგრამ...“

ამ საუბარში ისეთი არაფერი თქმულა, მაგრამ ისიც რაღაცას ნიშნავს, რომ შედგა.

17 მარტი, ხუთშაბათი

დღეს ბევრი მეძინა. თუმცა, დილიდან მირეკავდნენ ჟურნალისტები და მეუბნებოდნენ, თვითმმართველობის წევრები ამბობენ, რომ ახლა თქვენ აპირებთ ერთმანეთთან საუბარსო, და რაზე უნდა ისაუბროთო. როგორც შემდეგ მივხვდი, თვითმმართველობის წევრებმა ის საუბარი აღიქვეს ისე, რომ ჩვენ თავიდან ვიწყებდით მოლაპარაკებებს და რაღაც ლეგიტიმაციას ვაძლევდით და ალბათ ამიტომაც იყვნენ ასე ბედნიერები იმ „მარშრუტკაში“. თუმცა, ბუნებრივია, ჩვენი მთავარი პრინციპია, რომ გადაწყვეტილებას ყველა ერთად ვიღებთ და ვერც მე და ვერც სხვა იქ მყოფი, ვერ მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას. გავავრცელეთ ინფორმაცია, რომ არავითარი მოლაპარაკება არ იგეგმებოდა, ყოველ შემთხვევაში იმ დროს. ამან გამოიწვია თვითმმართველობის წევრების გაღიზიანება. ფეისბუკზე გვლანძღავდნენ, წერდნენ, „მოგვატყუეს“, „რეებს გვაბრალებენ“, „მთელი საზოგადოება ჩვენ წინააღმდეგაა“. მოკლედ, ამ გზით დაიწყეს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. დაიწყეს საკუთარ თავზე ხუმრობა, ჩვენ ნიღბიანები ვართ და ზონდერები ვართო. არ ვიცი, ალბათ, ახლაც ჰგონიათ, რომ ამ გზით შეძლებენ საკუთარი თავის რეაბილიტაციას. თუმცა, მე ამაში ეჭვი მეპარება, რადგან არავინ არავის არაფერს აბრალებს.

18 მარტი, პარასკევი

დღეს მოხდა, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი. მანამდე კონსერვატორიის თვითმმართველობის პრეზიდენტმა მთელი კონსერვატორიის სახელით სოლიდარობა გამოუცხადა თსუ თვითმმართველობის სტუდენტებს. კონსერვატორიის სტუდენტები მივიდნენ კონსერვატორიის თვითმმართველობის პრეზიდენტთან, ბოდიში მოახდევინეს და ღიად გამოხატეს, რომ არავის აქვს უფლება, ისაუბროს მათი სახელით და რომ ისინი ღიად მხარს უჭერენ „აუდიტორია 115“-ს. ეს ძალიან ლოგიკური იყო, რადგან ჩვენ არ გვგონია, რომ პროცესი, რომელიც უნივერსიტეტში დაიწყო, უნივერსიტეტშივე გაჩერდება. დღეს ამ პროცესმა კონსერვატორიაში გადაინაცვლა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იგივე მოხდება ბათუმში, ქუთაისში, „ილიაში“ და სხვა უნივერსიტეტებში.

19 მარტი, შაბათი

გარდა იმისა, რომ კვლავ, აუდიტორია 115-ში შევხვდით ერთმანეთს და ბევრი საკითხი განვიხილეთ, დღევანდელი დღე, იმითაც არის გამორჩეული, რომ ნათიას დაბადების დღეა. ნათია – ჩემი შეყვარებული – ის ადამიანია, ვინც წელს მთელი ეს პროცესი დაიწყო. სექტემბერის დასაწყისში, როცა საგნებს ვერ ვირჩევდით, მომწერა, რაღაც უნდა მოვიმოქმედოთო. ჯერ კიდევ მაშინ დავიწყეთ რაღაც აქციების გამართვა, თუმცა მაშინ მხოლოდ ათნი ვიყავით, დღეს კი იმდენი ვართ, აუდიტორიაში ვეღარ ვეტევით.

დღეს კიდევ ის მოხდა, რომ შევიკრიბეთ. ვისაუბრეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის ისეთზე, რამაც აუდიტორიაში გაუგებრობა გამოიწვია და, შესაძლოა, ცოტა ნიჰილისტურად განაწყო საზოგადოება აუდიტორიის მიმართ. თუმცა ჩემი აზრით, ჩვენი მთავარი ხიბლი ის არის, რომ ღიად ვსაუბრობთ ყველაფერზე და არავის უჩნდება სურვილი, ზურგსუკან, ჩვენს კრებასთან შეუთანხმებლად გადაწყვიტოს რაღაც საქმეები.

საბოლოოდ, გადავწყვიტეთ, რომ არ ვაპირებთ თვითმმართველობასთან საუბარს, სანამ უარს არ იტყვიან მანდატებზე, რადგან ისინი ლეგიტიმურად არ მიგვაჩნია. ჩვენ ხომ რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვაყენებდით აკადემიური საბჭოს პასუხისმგებლობის საკითხს და მოვითხოვდით მის დაშლას.

კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ეს მოთხოვნა და, რაც მთავარია, ემოციური ფონიდან გადავედით სამუშაო რეჟიმზე. შევქმენით შიდა ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით იმუშავებს. მაგალითად, ნაწილი იმუშავებს თვითმმართველობის რეფორმაზე, ნაწილი – აკადემიური საბჭოს არჩევის წესზე და ა.შ. არ გვინდა, ჩვენი პროტესტი მხოლოდ რაღაცის გაპროტესტება იყოს. გვინდა, გვქონდეს კონკრეტული წინადადებები იმასთან დაკავშირებით, რა როგორ უნდა შეიცვალოს, რადგან ძალიან ადვილად შეიძლება მოგვატყუონ: ერთი რამ, მოჩვენებითად შეცვალონ მეორით, მაგრამ რეალურად ამ ყველაფერმა არავითარი შედეგი არ გამოიღოს. სწორედ ამიტომ დავიწყეთ მუშაობა კონკრეტულ საკითხებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG