Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი პოეტი ამერიკელი პოეტის ტყავში


მისტიფიკაციები, სხვისი სახელით წერა, ავტორის გასაიდუმლოება ლიტერატურას თითქმის მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში თან სდევს და, რა თქმა უნდა, ასეც გაგრძელდება. ბევრი ასეთი წარმატებული მისტიფიკაცია შემოინახა ლიტერატურამ, მათ შორის ქართულმაც. არც თანამედროვე ქართული ლიტერატურაა უამისოდ. თავადაც შევიტანე გარკვეული წვლილი ამ საქმეში დიანა ვაჩნაძის სახის და მისი პოეტური თუ პროზაული ტექსტების შექმნით. ამიტომ ასეთი ისტორიები ჩემში დიდ ინტერესს იწვევს. თუკი შესაძლებლობა მაქვს, ვცდილობ კიდეც მისტიფიკატორს დავეხმარო და ინტრიგა გავამძაფრო.

ქართველი პოეტი ამერიკელი პოეტის ტყავში
please wait

No media source currently available

0:00 0:08:59 0:00
გადმოწერა

ახლაც ერთი მისტიფიკაციის შესახებ მოგითხრობთ, რომელიც წიგნის პრეზენტაციაზე თავად ავტორმა გაამჟღავნა. ეს წიგნი გამომცემლობა "ინტელექტმა" დაბეჭდა სულ ცოტა ხნის წინ, სახელწოდებით "ფაბრიკაცია". კრებულს ორი ავტორი ჰყავს: ქართველი გიორგი შონია და ამერიკელი ჰანს პრომველი. შონიას ლექსებს პატარა წინათქმას გაგა ნახუცრიშვილი უკეთებს, ხოლო პრომველისას - პაატა შამუგია. პრომველის ლექსები შარშან მე "ახალ საუნჯეშიც" დავბეჭდე, ახალგაზრდა, მიმზიდველი პოეტის ფოტო ჟურნალის ყდას ამშვენებდა... ახალგაზრდა გიორგი შონიაც დამიბეჭდავს, ჯერ კიდევ მაშინ, პროლეტარი-შონია რომ იყო. ახლა რატომღაც აღარაა პროლეტარი, თუმცა მეეჭვება, ამ კუთხით მის ცხოვრებაში თუ მსოფლაღქმაში რამე შეცვლილიყოს. თუმცა რას გაუგებ ამ ახალგაზრდა პოეტებს - სულ ასეთები არიან: მოირგებენ რაღაც ფსევდონიმს, მერე მოიშორებენ, საკუთარ ტყავში დაბრუნდებიან, შექმნიან ლიტერატურულ ორდენს და დაშლიან. მერე, ორიოდე წელიწადში, მიხვდებიან, რომ ყავლი გაუვიდა ლიტერატურული აქტიურობის ამ ფორმას მათთვის. და ასეც უნდა იყოს, აბა რა, ღმერთმა ნუ ქნას, ასე არ იყოს!

თუმცა, ნუ გავცდებით მთავარ სათქმელს. მიხვდით, ალბათ, რაშია საქმე: რომ გიორგი შონიას დაწერილია იმ ამერიკელის ლექსებიც. როცა ასეთი რამ ხდება, სულ ჩნდება კითხვები: რა იყო ის იმპულსი, რომელმაც ეს იდეა გააჩინა? როგორ დაატრიალა ავტორმა ეს მისტიფიკაცია ჯერ საკუთარ თავში, მერე კი მკითხველებში? როდის იგრძნო, რომ პროექტი უნდა დაესრულებინა? ამიტომაც დღეს სტუმრად სწორედ გიორგი შონია მოვიწვიე და ეს კითხვებიც დავუსვი. მოვუსმინოთ მას.

ვცდილობდი სხვანაირად მეწერა და, უფრო ზუსტად რომ ვთქვა, ბევრად თავისუფალი ვიყავი, როცა პრომველის სახელით ვწერდი, იმიტომ რომ ვიცოდი, კრიტიკა ჩემი მისამართით არ იქნებოდა და კრიტიკა წავიდოდა პრომველის მხარეს და, პირიქით, პრომველის მხარეს დადებითი შეფასებები მოჰყვა ამ ავტორის გამოჩენას....
გიორგი შონია

გიორგი შონია: მოკლედ, ერთ მოსაწყენ ზაფხულს, რომელიც გავატარე ზუგდიდში, ვიფიქრე, რომ საკუთარი თავი თვითონ გამერთო, იმიტომ რომ გარემო არ მაძლევდა ამის საშუალებას, და დავწერე ასეთი ლექსი "არაპოპულარული ლექსების ავტორი". დაახლოებით იმ პერიოდში წავიკითხე ჰაინრიჰ ბიოლის "კლოუნის თვალთახედვა" და მთავარ გმირს ჰქვია იქ ჰანს შნირი. და ჰანსი სწორედ მის გამო დავარქვი ჩემს ალტერ-ეგოს, და პრომველი ისე, უბრალოდ, ამერიკული ჟღერადობისთვის, და დავდე ეს ლექსი ფეისბუქზე და ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ისეთი, ჩემს ლექსს რომ არასოდეს ღირსებია. მერე მივხვდი, რომ შემეძლო ამ მისტიფიკაციის გაგრძელება, თან იმ პერიოდში ერთ-ერთი ლიტერატურული პორტალის რედაქტორი ვიყავი და შემეძლო გამეშვა პრომველის ლექსები და ასე დაიწყო ყველაფერი. შემდეგ რამდენიმე ლექსი დავწერე, ისინიც დავდე ამ საიტზე და ხალხს მოსწონდა, ბევრი გაზიარება ჰქონდა მის ლექსებს და ეს იყო, რა, პირველი ნაბიჯი პრომველით, ჩემი მისტიფიკაციით.

როგორი პოეტია ეს ჰანს პრომველი? მე ვიტყოდი, რომ დახვეწილი, ლაკონიური. ტრაგიკულიც, მაგრამ ამ ტრაგიზმს სახეში არ გაფეთებს. ნოსტალგიურიც. ბინტიკებისდროინდელი თუ კიდევ უფრო ადრინდელი ამერიკა რომ ახსენდება და იმ ეპოქათა ანარეკლებს თითქმის ყველგან ხედავს და ამჩნევს. ინტერტექსტუალურია. როგორც პაატა შამუგია ამბობს, ის ჰედონისტი პოეტიცაა, "ტკბობათა და სიამოვნებათა მომღერალია; სიამოვნება კი, მოგეხსენებათ, ყველაზე სერიოზული პოლიტიკაა". მას ბევრი რამ არ მოსწონს დღევანდელ სამყაროში, მაგრამ ის არაა აგრესიული. ის ამბობს:

"არასდროს იფიქრო იმაზე,

რომ სამყარო შენს წინააღმდეგ არის

განწყობილი.

უბრალოდ, ზედმეტი ოცი დოლარი არ გაქვს

ლუდისა და სიგარეტისთვის".

გიორგი შონია
გიორგი შონია

ეს ლექსი "მანჰეტენური ტანკებისა და ჰაიკუების" ციკლიდანაა. პირველად ეს ლექსები წავიკითხე ინტერნეტში და რომ გადავეყარე ქუჩაში გიორგის, ვუთხარი, კარგი ლექსები გითარგმნია, თუ კიდევ თარგმნი, მომაწოდე-მეთქი. გამიღიმა და კარგიო, შემპირდა. ძალიან მომწონს აქ რამდენიმე ტექსტი. მაგალითად, ეს:

"ჯეკ ლონდონის შემოქმედება

პირველი სექსივითაა,

არასოდეს გავიწყდება".

ზუსტია. მართლა ეგრეა. ანდა ეს:

"ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა.

ვიღაცა ამ ბუდეს

მთელი ცხოვრება აშენებდა".

რამდენად გამოსდიოდა გიორგი შონიას, გაუცხოებოდა საკუთარ თავს და ამერიკელ პოეტად ეგრძნო თავი? მოვუსმინოთ.

გიორგი შონია: ვცდილობდი სხვანაირად მეწერა და, უფრო ზუსტად რომ ვთქვა, ბევრად თავისუფალი ვიყავი, როცა პრომველის სახელით ვწერდი, იმიტომ რომ ვიცოდი, კრიტიკა ჩემი მისამართით არ იქნებოდა და კრიტიკა წავიდოდა პრომველის მხარეს და, პირიქით, პრომველის მხარეს დადებითი შეფასებები მოჰყვა ამ ავტორის გამოჩენას. ბევრად უფრო დაღვინებულიც მგონია რაღაც კუთხით პრომველის პოეზია. ჩემი სახელით დაწერილ ლექსებში, ალბათ, უფრო მეტად სოციალურად მძაფრი პოეზიაა, ძალიან მკვეთრი მესიჯებით, ცოტა მარგინალი პოეტი გამოვდივარ, ალბათ, ამ კუთხით, და ამან განაპირობა პრომველის განსხვავებულობა და გიორგი შონიას სახელით დაწერილი ლექსების არაპოპულარობას კომპენსაცია გაუკეთა პრომველის სხვა სტილმა და ამ სტილით მოპოვებულმა პოპულარობამ. თავისი გულწრფელობით მან ეს ყველაფერი შეძლო, რაც გიორგი შონიამ ვერ გააკეთა. ისიც მინდოდა, რომ ისეთი ხალხის ყურამდე მიმეტანა, რომელიც არასდროს წაიკითხავდა გიორგი შონიას პოეზიას. და ეს მოვახერხე და ამიტომაც გაამართლა ამ მისტიფიკაციამ.

ახლა გიორგი შონიას ლექსებსაც ჩავხედოთ. ის პრომველთან შედარებით უფრო სიტყვაუხვია, მოუთოკავად მიჰყვება თავის ვნებებს, ატრიალებს სათქმელს, სანამ ბოლომდე არ ამოწურავს. გაგა ნახუცრიშვილის თქმით, მას "ხშირად ხისტადაც შევყავართ საკუთარ სამყაროში". მას ერთგან აღმოხდება:

"ო, Happy End-ო!! არ შეგეძლო, სამხრეთამერიკული

სერიალებიდან გადმოსულიყავი,

გადმოგეცურა ოკეანეები, გადმოგელახა კონტინენტები

და ჩემს პოემაშიც დაგედო ბინა?!"

აღმოხდება, ვინაიდან, მის ლექსებში ბევრი უსამართლობაა, ბევრი რუტინაა, მის ლექსებში "კარგად ყოფნა უცნაური მდგომარეობაა".

ერთი სიტყვით, განსხვავდება პრომველისგან, თუმცა მათ შორის გადაკვეთის წერტილიც ბევრია და ესეც ბუნებრივია.

ჰანს პრომველი ჟურნალ "ახალი საუნჯის" ყდაზე
ჰანს პრომველი ჟურნალ "ახალი საუნჯის" ყდაზე

დაამთავრა ჰანს პრომველმა თავისი პოეტური საქმიანობა? - ვკითხე გიორგის.

გიორგი შონია: ამ ლიტერატურულმა პროდუქტმა, ალბათ, თავისი თავი ამოწურა 2 ნოემბერს, როცა გამჟღავნდა, რომ პრომველი და გიორგი შონია ერთი და იგივე პიროვნებაა, და შეიძლება მომავალში კიდევ ვიფიქრო მისტიფიკაციაზე, მაგრამ პრომველის პროექტი აქ დამთავრდა, 2 ნოემბერს. რაც ჰქონდა, უცხოს ხიბლი, დაკარგა. გული არ მწყდება იმიტომ, რომ ბიოგრაფია შევუქმენი პრომველს, ერთი ფოტოც დავდე, რომელიც გუგლში ვიპოვე, და საქმეში ჩახედული ადამიანი მიხვდებოდა, რომ ეს ნამდვილი პიროვნება და ნამდვილი ამერიკელი პოეტი არ არის. არ ისერჩებოდა გუგლში და საზოგადოების მცირე ნაწილი მაინც ხვდებოდა, რომ ეს არ იყო ამერიკელი პოეტი და ქართველი პოეტის მისტიფიკაცია იყო. უბრალოდ, იმას ვერ ხვდებოდნენ, ვინ იყო ეს ქართველი პოეტი და ამან იქონია დიდი გავლენა იმაზე, რომ ამდენი ხანი გასტანა კიდევ ამ მისტიფიკაციამ.

ერთგან გიორგი შონია ამბობს:

"უბრალოდ, მინდა, რომ ხანდახან მაინც უფრო

მეტი ვიყო,

ვიდრე გიორგი შონია".

დასკვნის სახით ვთქვათ, რომ მან ეს უკვე მოახერხა. მე ხომ ჩემი თვალით მინახავს მოწყენილი, გაღიზიანებული გოგონები, რომელთაც მოასწრეს და უცებ შეიყვარეს ჰანს პრომველი და გულთ რაღაც დააკლდათ, როდესაც გაიგეს, რომ ის სინამდვილეში არ არსებობს, ის ერთი ქართველი ბიჭის გამონაგონია... მაგრამ რას ვიზამთ, არ გამოდის პოეზიის კითხვა და სიყვარული გულისწყვეტების გარეშე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG