Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გიუნაშვილის ოცწლიანი განაჩენი


20 წლით თავისუფლების აღკვეთა - ცხინვალის სასამართლომ გიორგი გიუნაშვილის საქმეზე ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. გიუნაშვილის ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს და დახმარებას საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვს. დაკავებულის მეუღლე, ნონა კახნიაშვილი, აცხადებს, რომ წაყენებული ბრალდება აბსურდულია, რადგან მისი მეუღლე არასოდეს ყოფილა შეიარაღებული დაჯგუფების წევრი.

გიორგი გიუნაშვილის ოცწლიანი განაჩენი
please wait

No media source currently available

0:00 0:03:23 0:00
გადმოწერა

გიორგი გიუნაშვილი 2016 წლის ივნისში ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს, მაგრამ მოგვიანებით უფრო მძიმე ბრალდებები წაუყენეს. დე ფაქტო ხელისუფლებისმტკიცებით, ის დივერსიულ-ტერორისტულ საქმიანობაშია ეჭვმიტანილი. არაღიარებულისამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, დაკავებული 2004 წლიდან „იღებდა აქტიურ მონაწილეობას ქართული სპეცსამსახურების კონტროლირებად უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში - ცხინვალის რაიონის სოფელ დისევის ე.წ. „თავდაცვის ჯგუფში“. ბრალდების ერთ-ერთი ნაწილის მიხედვით, 2008 წლის 11 აგვისტოს გიუნაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილა ოსი სამხედროები, რომლებიც სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირებდნენ, რასაც ერთი სამხედრო ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.

გიუნაშვილის ოჯახის თქმით, 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელი დისევი რუსეთის და დე ფაქტო რესპუბლიკის შეიარაღებულ ფორმირებებს უკვე ოკუპირებული ჰქონდათ და იქიდან ყველა ოჯახი უკვე დევნილი იყო. შესაბამისად, გიუნაშვილი იმ დროს სოფელში ვერ იქნებოდა. ცხინვალის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება დაკავებულის გასათავისუფლებლად უფრო მეტად გააქტიურდება. ქართული მხარე ერგნეთის ინციდენტების პრევენციის ფორმატის შეხვედრაზე გიუნაშვილის გათავისუფლებას რამდენიმე თვეა უშედეგოდ ითხოვს.

ცხინვალის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილიც გამოეხმაურა. მისი თქმით, დაკავებულის გათავისუფლების თემაზე პარტნიორებთან თანამშრომლობა გააქტიურდება. ციხელაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო გიუნაშვილისთვის წაყენებული ბრალდების განხილვაში ვერ შევა, რადგან ეს ბრალდება აბსურდულია.

კვირას საოკუპაციო გამყოფ ხაზთან კიდევ ერთი ადამიანი იქნა დაკავებული. სოფელ ზერტის მცხოვრები 47 წლის ჯიმშერ ტიელიძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ კირბალის მიმდებარე ტყეში ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. ტიელიძე იქ ფიჩხს აგროვებდა. დაკავებულის მეუღლე დახმარებას ითხოვს.

ჯიმშერ ტიელიძე ამ ბრალდებით უკვე მეორედ დააკავეს, ამიტომ მისი მეუღლე ვარაუდობს, რომ გადასახდელი ჯარიმის თანხა გაორმაგდება და 4 000 რუბლს შეადგენს, რისი გადახდაც სოციალურად დაუცველ ოჯახს არ შეუძლია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG