Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სებასტიან კურცი ერგნეთში


ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურცი (მარჯვნიდან მეორე) ერგნეთში
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურცი (მარჯვნიდან მეორე) ერგნეთში

ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრას მხარეების წარმომადგენლებმა სპეციალური უწოდეს, რადგან ამ შეხვედრას ნახევარი საათით დაესწრო ეუთოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, ავსტრიის, საგარეო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურცი.

სებასტიან კურცი ერგნეთში
please wait

No media source currently available

0:00 0:04:51 0:00
გადმოწერა

მან საოკუპაციო გამყოფ ხაზთან არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღო და მხარეთა წარმომადგენლებს ავსტრიის თავმჯდომარეობით ეუთოს პრიორიტეტები გააცნო. თქვა, რომ ის ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის წინააღმდეგ იბრძოლებს, იმუშავებს ეუთოს წევრ სახელმწიფოებს შორის ურთიერთნდობისა და თანამშრომლობის გასაღრმავებლად და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს. გარდა ამისა, სებასტიან კურცის განცხადებით, ომით დაზარალებული მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებისთვის პროექტების დაფინანსება გაგრძელდება. ერგნეთიდან ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი სოფელ შავშვების დევნილთა დასახლებაში გაემგზავრა, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

სებასტიან კურცი „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე
სებასტიან კურცი „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე

„სამი პრიორიტეტი გვაქვს ეუთოს თავმჯდომარეობის ერთწლიან პერიოდში. პირველი - ბრძოლა რადიკალურ და ძალადობრივ ექსტრემიზმთან, მეორე - ნდობის აღდგენა ეუთოს წევრ ქვეყნებს შორის და მესამე - ჩვენი წვლილი შევიტანოთ არსებული კონფლიქტების განმუხტვაში. მთლიანობაში კი, გვსურს, რომ ყურადღების ცენტრში ადამიანები მოვაქციოთ, დავეხმაროთ ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც კონფლიქტებში ყველაზე მეტად ზარალდება“.

ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა კი 6 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ერთ-ერთ მთავარ საკითხად მხარეებმა გიორგი გიუნაშვილის პატიმრობა განიხილეს. გიუნაშვილი ივნისის შემდეგ ცხინვალის საპატიმროში იმყოფება და მას ოსური მხარე დივერსიული საქმიანობის ბრალდებას უყენებს. ოსური დელეგაციის ხელმძღვანელის, დავით სანაკოევის, ინფორმაციით, გიუნაშვილის საქმეზე ცხინვალში უკვე მიმდინარეობს სასამართლო პროცესი და სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ქართულ მხარეს უახლოეს დღეებში აცნობებენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა ქემოკლიძე კი გიუნაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს, რადგან, მისი თქმით, ოსური მხარის ბრალდება ყოველგვარ ლეგიტიმურ საფუძველს მოკლებულია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენელი დავით სანაკოევი ევროპის პარლამენტის მიერ საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის დამტკიცების საკითხს გამოეხმაურა. როგორც ცნობილია, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს ევროპის ქვეყნებთან უვიზო მიმისვლის სარგებლობისკენ მოუწოდეს.

რაც შეეხება ჩვენს მოქალაქეებს, ისინი მოგზაურობენ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პასპორტებით. ზოგიერთი მათგანი, ამასთანავე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეცაა და ამის წყალობით საშუალება აქვს იმოგზაუროს მსოფლიოში...
დავით სანაკოევი

სანაკოევის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს ოსური და რუსული პასპორტები აქვთ და ამ პასპორტებით მოგზაურობენ საზღვარგარეთ.

„აქ იმის თქმა შეიძლება, რომ მოხარულები ვართ იმისა, რომ საქართველო აგვარებს თავის საკითხებს ევროკავშირთან, იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც მიაღწია ამ ურთიერთობებს. ალბათ, ეს (უვიზო მიმოსვლა) შეეხება იმ ეთნიკურ ოსებს, აფხაზებს და სხვა ჯგუფებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან. რაც შეეხება ჩვენს მოქალაქეებს, ისინი მოგზაურობენ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პასპორტებით. ზოგიერთი მათგანი, ამასთანავე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეცაა და ამის წყალობით საშუალება აქვს იმოგზაუროს მსოფლიოში“.

ერთადერთი საკითხი, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ, ეს საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროს ფერმერების უსაფრთხო საქმიანობაა. წინა წლებში საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ გლეხებს საკუთარი მიწის ნაკვეთების დამუშავება უსაფრთხოდ არ შეეძლოთ. მხარეების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ გაზაფხულამდე პრევენციულ ღონისძიებებს გაატარებენ. ქართულმა მხარემ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა, თავი შეიკავონ მოქალაქეების გადაადგილების უფლების შეზღუდვისგან.

„ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის მორიგი, 75-ე, შეხვედრა ერგნეთში 2 მარტს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG