Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შინდისის გმირების გახსენება


შინდისის რკინიგზის სადგურის ნახევრად დანგრეული შენობა რამდენიმე საათით სცენად და საგამოფენო სივრცედ გადაიქცა. ზუსტად 7 წლის წინ აქ შინდისის გმირების ისტორია დაიწერა.

2008 წლის 11 აგვისტოს სენაკის მე-2 ბრიგადის მებრძოლებმა უთანასწორო ბრძოლა გაუმართეს რუსეთის 58-ე არმიის მოტომსროლელთა ასეულს. შინდისელების გადმოცემით, შეტაკებამდე 2 საათით ადრე რუსული ტანკები სოფელში ქართული დროშებით გამოჩენილან და რკინიგზის სადგურთან ჩასაფრებულან. სავარაუდოდ, იცოდნენ, რომ იმ გზაზე ქართველებს უნდა გაევლოთ - სენაკის ბატალიონის მიახლოებისთანავე აუფეთქებიათ პირველი და ბოლო მანქანები და ამით გასასვლელები ჩაუკეტავთ. 20-მა მებრძოლმა ასეულს წინააღმდეგობა გაუწია. 17 მებრძოლი მტერს ცოცხლად არ ჩაბარდა და ადგილზე დაიღუპა. 3 დაჭრილი მოგვიანებით ბრძოლის ველიდენ გაიყვანეს. ერთ-ერთი გადარჩენილი, ოთარ კალმახელიძე, 7 წლის წინანდელ ამბებს ემოციის გარეშე ვერ იხსენებს. მისი თქმით, ეს არის ტრაგიკული და საამაყო დღე, ერთდროულად.

ოთარ კალმახელიძე მაშინ ახმეტას წყალობით გადარჩა. შინდისში ბადრი ხუციშვილს ყველა ამ სახელით იცნობს. ოთართან ერთად სხვა დაჭრილებიც გამოჰყავდა ბრძოლის ველიდან. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე რუსები პატრულირებდნენ, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ბრძოლის ველზე მაინც იპარებოდა და ასე არაერთი სიცოცხლე იხსნა. დაჭრილებს სახლში მალავდა და უვლიდა. ბადრი ხუციშვილს პრეზიდენტისგან სამოქალაქო თავდადებისთვის ჯილდო გადაეცა.

შინდისში საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები გუშინჩავიდნენ და დაღუპულები კიდევ ერთხელ გაიხსენეს. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე შეიქმნა სპეციალური ბლოგი, რომელსაც აგვისტოს გმირები ჰქვია. შინდისში ამ ბლოგის პრეზენტაცია გაიმართა. თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის განცხადებით, ბლოგზე ყველა გმირის ისტორია გამოქვეყნდება, მიღწეული შეთანხმების საფუძველზე კი ეს ისტორიები სასკოლო სახელმძღვანელოებშიც შევა. თავდაცვის მინისტრი საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი მიწის გარეშე დარჩენილ მოქალაქეებზე ზრუნვა უნდა იყოს.

შინდისის ბრძოლიდან 7 წელი გავიდა
please wait

No media source currently available

0:00 0:03:13 0:00

ჩვენი მოწინააღმდეგეყოველდღიურად ცდილობსჩვენს ნერვებზე ითამაშოს, -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, შინდისში დაღუპული გმირებისათვის პატივის მისაგებად გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. მას მხედველობაში ჰქონდა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარაშენში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის გადმოწევა, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობის მიწის ნაკვეთები საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა.

შინდისის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალთან აშენდა ეკლესია, მოეწყო ტერიტორია, იქვე ქანდაკების დადგმაც იგეგმება. იდეაშია საბრძოლო მუზეუმის მოწყობაც. შინდისში 7 წლის წინანდელი გმირობის აღსანიშნავი ღონისძიებები დღესაც გაგრძელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG