Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარგი მასწავლებელი პუტინის წინააღმდეგ

პაველ ტალანკინისა და დევიდ ბორენშტეინის ფილმი „ბატონი არავინ პუტინის წინააღმდეგ“, 2025 წელი
პაველ ტალანკინისა და დევიდ ბორენშტეინის ფილმი „ბატონი არავინ პუტინის წინააღმდეგ“, 2025 წელი

“ბატონი არავინ პუტინის წინააღმდეგ” (2025, დანია, ჩეხეთი. რეჟისორები პაველ ტალანკინი და დევიდ ბორენშტეინი)

პუტინის პროპაგანდისტული მედია ყველანაირად ცდილობს, “ოსკარის” ნომინანტების ჩამონათვალში არ ახსენოს 2025 წლის საუკეთესო დოკუმენტური ფილმები, რომლებიც გასულ კვირას ამერიკის კინოაკადემიამ დაასახელა. ამის მიზეზი არა იმდენად ფილმებია (თანამედროვე რუსეთი დოკუმენტური კინოს მიმართ ინტერესით მაინცდამაინც არ გამოირჩევა), რამდენადაც ერთი ნომინანტის სათაური - “ბატონი არავინ პუტინის წინააღმდეგ”, რომელიც “ოსკარზე” დანიამ წარადგინა. ფილმის ავტორი, ამერიკელი რეჟისორი დევიდ ბორენშტეინი წლებია უკვე კოპენჰაგენში ცხოვრობს და მოღვაწეობს. თუმცა მთავარი ავტორი, ალბათ, მაინც პაველ ტალანკინია, მასწავლებელი ურალის ქალაქ ყარაბაშიდან, რომელიც გადაღების დროს ნახევარ განაკვეთზე ვიდეოგრაფად მუშაობდა - ევალებოდა სკოლაში გამართული მასობრივი ღონისძიებების გადაღება. სწორედ პაველ ტალანკინმა გადააქცია კამერა იარაღად სახელმწიფო მანქანის სისასტიკის გასაშიშვლებლად და გვიჩვენა, თუ როგორ აღწევს აგრესიული პროპაგანდა და მილიტარიზაცია ბავშვების ცნობიერებაში, როგორ ცვლის დ ამახინჯებს განათლების არსს.

პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას დაარქვა „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, რომელსაც შემოკლებით СВО უწოდეს. ამ ტერმინს მოჰყვა ახალი - “სპეციალური სამხედრო ოპერაციის პროპაგანდა”… კრემლის ბრძანებით, სიტყვა ომი აუცილებლად უნდა ჩანაცვლებულიყო სიტყვით СВО, რათა გულუბრყვილო ხალხი არ დაეჭვებულიყო პუტინის კეთილშობილურ განზრახვაში უკრაინის „დენაციფიკაციასა“ და „დემილიტარიზაციაში“... აქედან გაჩნდა ყალბი პარალელები მეორე მსოფლიო ომთან - უკრაინის ტერიტორიის მიტაცებას დაერქვა ფაშიზმისგან ხალხის „განთავისუფლება“.

ომის დაწყებისთანავე პუტინი ციტირებს ბისმარკს და ამბობს, რომ ეთანხმება მის მოსაზრებას - ომს იგებენ არა გენერლები, არამედ სკოლის მასწავლებლები და მღვდელმსახურები. ეს თავისებური განკარგულება იყო - „СВО-პროპაგანდაში” ყველაზე აქტიურად ის უნდა ჩართულიყო, ვინც ამ “გულუბრყვილო ხალხთან” ურთიერთობდა, ვისაც ენდობოდნენ… ერთ-ერთი იყო სწორედ პაველ ტალანკინი, რომელმაც ომის დაწყების შემდეგ, ყარაბაშის სკოლაში გამართული „პატრიოტული გაკვეთილები“ და ომის ვეტერანების ვიზიტები გადაიღო. ტალანკინი ამ ღონისძიებების ერთ-ერთ ორგანიზატორად ითვლებოდა. შესაბამისად, მას შეეძლო არა მარტო აღებეჭდა, არამედ „დაედგა“ კიდეც სინამდვილე. ასე, ნელ-ნელა იქმნებოდა მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი ტყუილის შესახებ, რომელიც განსაზღვრავდა პუტინის მილიტარისტული პოლიტიკის შინაარსს. გადაღებული მასალის აწყობისთვის ტალანკინი დანიაში დევიდ ბორენშტეინს დაუკავშირდა. 2024 წელს კი, როცა რუსეთი დატოვა, ბორენშტეინთან ერთად უკვე ევროპაში დაასრულა ფილმის მონტაჟი. სანდენსის ფესტივალზე გამართული პრემიერის შემდეგ აბსოლუტურად ზუსტად განმეორდა პასტერნაკის ისტორია - რუსეთში დაიწყო ტალანკინის კოლექტიური დაგმობა, თუმცა თავიდან კრემლის იდეოლოგებს აშკარად გაუჭირდათ - სიცრუეში ვერ ამხელდნენ ავტორს, რომელმაც სრულიად მიუკერძოებლად აღბეჭდა ის, რაც რუსეთის სკოლებში ხდებოდა. ამიტომ კრიტიკული პათოსი ბავშვების დაცვაზე აიგო - იმაზე, რომ ტალანკინმა მშობლების ნებართვის გარეშე შეინახა გადაღებული მასალა და მათი „ბავშვები მთელ მსოფლიოს დაანახა“. თავის მხრივ, რამდენიმე რუსულმა მედიასაშუალებამ ფილმს „ანტირუსული“ უწოდა და განაცხადა, რომ „ყარაბაშის მოსახლეობა შოკირებულია“, ხოლო „კომპეტენტური ორგანოები იძიებენ მასწავლებლის ქმედებებს და მთლიანად სიტუაციას“.

“ბატონი არავინ პუტინის წინააღმდეგ“ არ არის მხოლოდ რეპორტაჟი ან თუნდაც სენსაციური მასალა სატელევიზიო გადაცემისთვის. მიუხედავად სირთულეებისა და რისკისა, რაც თან ახლდა ფილმზე მუშაობას, ესაა ძალიან კარგი დოკუმენტური ფილმი, რომელშიც ერთი კონკრეტული სკოლის ამბავი, ერთი პატარა ქალაქის ამბავი თანდათან განზოგადდება და ავტორიტარული სისტემის მხატვრულ პორტრეტად გადაიქცევა. ყარაბაში, ჩელიაბინსკის ოლქის ეს ქალაქი, ცნობილია, როგორც მსოფლიოში ეკოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული დასახლება. ბორენშტეინმა და ტალანკინმა გარემოს დაბინძურება სამხედრო პროპაგანდისა და განათლების იდეოლოგიზაციის მეტაფორად წარმოგვიდგინეს. “ბატონი არავინ პუტინის წინააღმდეგ” ასახავს უმანკო სულებზე ძალადობის შემზარავ პროცესს დაბინძურებულ გარემოში - დაბინძურებულს ეკოლოგიურად და პოლიტიკურად. ამიტომაცაა ფილმში გავლებული პირდაპირი პარალელი პატრიოტული განათლების გაკვეთილებსა და ქალაქის სასაფლაოს შორის, სადაც ამ სკოლის კურსდამთავრებულები არიან დაკრძალულნი.

განზოგადების ეფექტი აქ ძლიერად იმიტომაც მოქმედებს, რომ მასალა ყველა დეტალის გააზრებითაა აწყობილი, ზედმეტი პედალირების გარეშე, “შავი იუმორისა” და უკიდეგანო სევდის მონაცვლეობით, კონტრასტით ბუნებრივ და ხელოვნურ განათებას შორის. ეს დაპირისპირება შფოთვასაც წარმოაჩენს - იმ მდგომარეობას, რომელშიც იმყოფება ფილმის ავტორი; მან ხომ შეგნებულად მიიღო ეს გადაწყვეტილება - დატოვოს ქვეყანა, რომელიც ძალიან უყვარს, და ცხოვრების წესი რადიკალურად შეცვალოს.

რეჟისორის თქმით, მას განსაკუთრებით სურდა, რომ ფილმი ენახათ თავისი მოსწავლეების მშობლებს, რომლებმაც ხშირად არ იციან, როგორი მასშტაბის პროპაგანდით ბომბავს კრემლი მათ შვილებს… და თუ მაინც იციან და გაგებით ეკიდებიან ასეთი სახის პროპაგანდას? დღეს ხომ საქართველოშიც გავიგეთ, რომ პროპაგანდა ეფექტურად მუშაობს მაშინაც კი, როცა ყალბია, მოგონილია, უხამსია და უხერხული. ვიღაც აუცილებლად დაიჯერებს, თუკი მუდმივად, დღეში რამდენჯერმე გაიმეორებთ, მაგალითად, რომ უკრაინის ხელისუფლების სათავეში ნაცისტები მოვიდნენ, რომ რუსული მართლმადიდებლობის გარეშე ქრისტიანობა განადგურდება, რომ საქართველოში ოპოზიციას „ომი უნდა“ და რუსთაველზე „50 აკაცუკი აპროტესტებს“…განსაკუთრებით ღრმად აღწევს მტრის ხატებზე აგებული ყალბი პროპაგანდა ბავშვებში, ქმნის მათგან მორჩილ მასას, რომლის მანიპულაცია ადვილი ხდება მაშინაც კი, როცა ისინი გაიზრდებიან. იქნებ ამიტომაც დაიწყო პუტინმა “მასწავლებლებით და მღვდელმსახურებით”… სწორედ მომავალი თაობის ასეთივე მანიპულაციას ხომ არ ემსახურება “განათლების რეფორმაც”, რომლის განხორციელებას უკვე შეუდგა “ქართული ოცნების” ბიუროკრატია?

ტალანკინის თქმით, მას სურდა მთელი მსოფლიოსთვის ეჩვენებინა ჰუმანიტარული კატასტროფა, რომლისკენაც რუსული საზოგადოება მიემართება. მე კი მგონია, რომ მან უფრო მეტს მიაღწია - ისიც აჩვენა, საით მიექანება მთელი დღევანდელი სამყარო, თავისი ცრუ მესიებით და ცრუ პროპაგანდით. ამიტომაც, თითქმის დარწმუნებული ვარ, თუკი “ბატონი არავინ პუტინის წინააღმდეგ” “ოსკარის” ლაურეატი გახდება, ფილმში ასახული ისტორიით მხატვრული კინოც დაინტერესდება. თუნდაც ჰოლივუდში.

მიუხედავად იმისა, რომ „ოსკარზე“ წარდგენის შემდეგ იუტუბზე წაიშალა ფილმის ლინკი, „ბატონი არავინ პუტინის წინააღმდეგ“ შეგიძლიათ ნახოთ სხვა საიტებზე. ფილმის სრული ვარიანტი, ინგლისური სუბტიტრებით:

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG