Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტში გორის მაჟორიტარი დეპუტატის ვინაობა გაირკვა


გორის მე-4 საარჩევნო უბანში განმეორებითი არჩევნები მშვიდად ჩატარდა. ამ არჩევნების მიმართ მედიის, საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ინტერესი მაღალი იყო. მე-4 უბანზე სიით 1582 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, მაგრამ კვირას არჩევნებზე მხოლოდ 433 ამომრჩეველი მივიდა, ამიტომ უბნის დახურვისას ხმების დათვლამდე უკვე ცხადი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მალხაზ ვახტანგაშვილმა გაიმარჯვა, რადგან იგი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ამ არჩევნებამდე 494 ხმით უსწრებდა, ხმების დათვლის შემდეგ კი მისი უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა. ვახტანგაშვილმა 397 ხმა მიიღო, ტატიშვილმა კი 32. მე-4 უბანში არჩევნები საოლქო კომისიის ზედამხედველობით მიმდინარეობდა. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ლევან ისაკაძე აცხადებს, რომ პროცესის სტაბილურობა მედიის და დამკვირვებლების სიმრავლემაც განაპირობა.

პირველ ოქტომბერს, ხმების დათვლის დასრულებამდე, უბანში პოლიცია შევიდა და საარჩევნო დოკუმენტაცია დაულუქავად წაიღო. მაშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კოალიციის წარმომადგენელი ხმების მოპარვაში დაადანაშაულა, კოალიციის აქტივისტებმა კი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დაადანაშაულეს არჩევნების ჩაშლაში. უბნის ჩაშლის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. კვირას ამ უბანზე არჩევნებს სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ჯანმრთელი სამყაროც“ აკვირდებოდა. ორგანიზაციის წარმომადგენლის არინა თავაქარაშვილის თქმით, მას დიდი ხანია ასეთი მშვიდი და გამჭირვალე არჩევნები არ ახსოვს, როცა მოქალაქეები საკუთარ ნებას თავისუფლად გამოხატავდნენ.

კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვებული კანდიდატი მალხაზ ვახტანგაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად, ხმების დათვლის პროცესს ბოლომდე ელოდებოდა. მან შეკრებილ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში დგება დრო, როცა ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ არჩევნების გზით იქნება შესაძლებელი.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გორის 32-ე საარჩევნო ოლქის საბოლოო შედეგი უკვე გამოაქვეყნა. მალხაზ ვახტანგაშვილმა გიორგი ტატიშვილს 861 ხმით გაუსწრო. გორის საოლქო კომისია შემაჯამებელ ოქმს ამ საღამოს გამოაქვეყნებს.
XS
SM
MD
LG