Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მმართველმა კოალიციამ და ოქრუაშვილმა გორის საკრებულოში ახალი ალიანსი შექმნეს და თანამდებობები გაიყვეს


გორის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ილია მეტრეველი ირაკლი ოქრუაშვილის “ქართული პარტიის” წევრია. კენჭისყრამ ცხადყო, რომ დაიშალა ოპოზიციური გაერთიანება, “თავისუფალი დემოკრატებისა” და “ქართული პარტიის” სახით, რომელმაც, დაახლოებით, თვე-ნახევრის წინ საკრებულოს ხელმძღვანელობის იმპიჩმენტი განახორციელა. დღეს შეიქმნა ახალი ალიანსი, კოალიცია “ქართული ოცნებისა” და ოქრუაშვილის პარტიის სახით. საკრებულოს სხდომას 13 წევრი ესწრებოდა, აქედან 10-მა - კოალიციისა და “ქართული პარტიის” წევრებმა - საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა თამარ თედლიაშვილმა დღევანდელ გადაწყვეტილებას ოქრუაშვილისა და კოალიციის ვაჭრობის შედეგი უწოდა, რომელიც ამომრჩევლის ინტერესების საწინააღმდეგოა, რადგან, მისი აზრით, თვითმმართველობის არჩევნებზე კოალიციას ხმას ოქრუაშვილის წინააღმდეგ აძლევდნენ.

საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ილია მეტრეველი აცხადებს, რომ წინასწარი შეთანხმება არ ყოფილა და საკრებულოს წევრების უმრავლესობამ გადაწყვეტილება ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო.

საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე აცხადებს, რომ, იდეოლოგიური განსხვავებების მიუხედავად, საკრებულოს წევრებმა ეს გადაწყვეტილება საკრებულოს ჩიხში შესვლისა და ქალაქში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გამო მიიღეს.

საკრებულოს თავმჯდომარემ ილია მეტრეველმა მოადგილედ „ნინო ბურჯანაძე- გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენლის, ზურაბ როსებაშვილის, კანდიდატურა დაასახელა. როსებაშვილმაც 10 ხმა მიიღო. მისი აზრით, საკრებულოს ახალმა ხელმძღვანელობამ სასწრაფოდ უნდა დაძლიოს ქალაქში შექმნილი კრიზისი.

კენჭისყრებში მონაწილეობას არ იღებდა საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი იოსებ ფალელეშვილი, რომლის ხმაც თვე-ნახევრის წინ უნდობლობის საკითხის გამოცხადებისას გადამწყვეტი აღმოჩნდა. მისი აზრით, დღეს მოხდა ლუსტრაცია და აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ ირაკლი ოქრუაშვილის ყოფილა.

დღესვეაირჩიეს 4 კომისიის თავმჯდომარე. თანამდებობები ძირითადად კოალიციის წევრებმა დაიკავეს. „ლოგიკას მოკლებული არჩევანი“ - ასე შეაფასეს დარბაზში შეკრებილი საზოგადოების წევრებმა საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილება. თვე-ნახევრის წინ უნდობლობაგამოცხადებულებმა მხარი მათი გადაყენების ინიციატორებს დაუჭირეს, სანაცვლოდ კი კომისიების ხელმძღვანელობა მიიღეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG