Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორის მერობის მსურველი ცხრა ადამიანია


გორი
გორი

გორის 32- ე საარჩევნო ოლქში პარტიების მიერ მერობის, საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატებისა და პარტიული სიების წარდგენა გუშინ საღამოს დასრულდა. ადგილობრივმა კომისიამ უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ გორის გაერთიანებული მუნიციპალიტეტის მერობისთვის ცხრა კანდიდატი იბრძოლებს, ხოლო საკრებულოში საკუთარი კანდიდატების გაყვანას 14 პოლიტიკური სუბიექტი შეეცდება. გორის საოლქო კომისიის თავმჯდომარე მალხაზ მირუაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ დოკუმენტაციის გადამოწმებისა და შესაბამისი პროცედურების შემდეგ ამ კანდიდატების რეგისტრაცია დასრულდება და ყველა ინფორმაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე განთავსდება.

ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები გორში მეორე ტურს ახლავე ვარაუდობენ, რადგან, მათი აზრით, რომელიმე კანდიდატს პირველივე ტურში 50-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა გაუჭირდება. გორის მერობისთვის ბრძოლაში კი სამ მთავარ კონკურენტს ასახელებენ: „ქართული ოცნებიდან“ კონსტანტინე თავზარაშვილს, „ნაციონალური მოძრაობიდან“ რევაზ კახნიაშვილს და „შენების მოძრაობიდან“ დავით ონიაშვილს. კანდიდატების წარდგენამდე რამდენიმე საათით ადრე მმართველ პარტიას სიურპრიზი შესთავაზა დავით უსუფაშვილის „შენების მოძრაობამ“, რომელმაც გორში მერობის კანდიდატად მოქმედი გამგებელი დავით ონიაშვილი წარადგინა. უსუფაშვილმა ისიც კი თქვა, ახალმა მოძრაობამ გორში ძალაუფლება მინიმუმ ერთი თვით ხელში აიღოო. მოქმედ გამგებელს „ქართული ოცნებიდან“ არაერთი თანამებრძოლი „შენების მოძრაობაში“ გაჰყვა. ონიაშვილი გორელების წინაშე დავით უსუფაშვილმა წარადგინა

ონიაშვილი, რომელიც უპარტიოა, მაგრამ წინა არჩევნებზე კოალიციის მიერ იყო წარდგენილი, აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან ბოლო დროს შეუთავსებლობა ჰქონდა.

ონიაშვილის თანამებრძოლმა ირმა პაპიძემ განაცხადა, რომ მასთან ერთად „ქართულ ოცნებას“ პარტიის 50-ზე მეტი წევრი ტოვებს, რადგან ფიქრობენ, რომ მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ კადრებით გაივსო.

„ქართული ოცნების“ წევრი გელა კაპანაძე პარტიიდან წევრების წასვლას ტრაგედიად არ მიიჩნევს. მისი თქმით, არაერთი ადამიანია „ქართულ ოცნებაში“ შესვლის მსურველი.

კანდიდატები უკვე წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავენ. მმართველი პარტიის რჩეული, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე კონსტანტინე თავზარაშვილი მოსახლეობას ძლიერ თვითმმართველობას ჰპირდება.

მუნიციპალიტეტის აღორძინების დაპირებას იძლევა „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი რევაზ კახნიაშვილიც, თუმცა მისი კამპანია უფრო მმართველი პარტიის კანდიდატის კრიტიკაზეა აწყობილი.

კანდიდატები ამომრჩევლებს ნაკლებად ელაპარაკებიან კონკრეტულ პროგრამებზე, მათი გამოსვლები ქალაქისა და რაიონის ნათელ მომავალზე საუბრით სადღეგრძელოებს უფრო ჰგავს. ადგილობრივი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კანდიდატების სიმრავლე კონკურენციას ზრდის და არჩევნების მოახლოებასთან ერთად გორში პოლიტიკური ტემპერატურაც სულ უფრო მაღლა აიწევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG