Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორის საკრებულოს თავმჯდომარე ჟურნალისტების შენიშვნებს იზიარებს


გორის საკრებულოს ხლმძღვანელები საზოგადოებრივი დარბაზის წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივ ჟურნალისტებს შეხვდნენ და მედიის წარმომადგენლებისთვის აკრედიტაციის გაცემის წესსა და შინაარსზე იმსჯელეს.

გორის საკრებულომ 8 თებერვალს მიიღო განკარგულება ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის გაცემის თაობაზე, თუმცა ეს განკარგულება თავად ჟურნალისტებმა და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს, რადგან დადგენილებაში არ იყო განსაზღვრული აკრედიტაციის გასატარებლად რა დოკუმენტაცია იყო საჭირო და ადრესატი ვინ უნდა ყოფილიყო; ასევე დაუზუსტებელი რჩებოდა აკრედიტაციის მინიჭების ვადები; გაურკვეველი რჩებოდა ადმინისტრაციულ შენობაში ჟურნალისტის გადაადგილების თავისუფლების ხარისხი. ამ შენიშვნების მოსასმენად საკრებულოს თავმჯდომარემ მედიის წარმომადგენლები შეხვედრაზე მიიწვია და თავიდანვე განაცხადა, რომ საკრებულო ჟურნალისტების შენიშვნებს გაიზიარებს.

შეხვედრაზე საკრებულოს მიერ მოწვეული იურისტი ვანო ბალახაშვილი და ჟურნალისტები მაშინ შეკამათდნენ, როცა ბალახაშვილმა საყვედურით აღნიშნა, რომ 8 თებერვლის შემდეგ აკრედიტაციისთვის მათთვის მედიის არც ერთ წარმომადგენელს არ მიუმართავს. ჟურნალისტების აზრით, ეს პროცედურები მას შემდეგ დაიწყება, რაც საკრებულო განკარგულებაში ცვლილებებს შეიტანს.

საკრებულოს საკუთარი რეკომენდაციები „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც“ მიაწოდა. ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელის ქეთი ბებიაშვილის აზრით, მზაობა და ნება არსებობს საკრებულოს ხელმძღვანელობის მხრიდან, რომ განკარგულებაში ცვლილებები შევიდეს და ის მისაღები გახდეს როგორც ჟურნალისტებისთვის, ასევე მოხელეებისთვისაც.

ინტერნეტგამოცემა „ქართლი.გე“-ს რედაქტორმა საბა წიწიკაშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მთავარი ბარიერის მოსახსნელად, რაც ადმინისტრაციულ შენობაში ჟურნალისტების თავისუფალ გადაადგილებას ეხებოდა, საკრებულოს თავმჯდომარისგან სიტყვიერი დაპირება მიიღო და ეს უკვე უახლოეს საკრებულოს სხდომაზე გაირკვევა.

საკრებულოს იურისტი ვანო ბალახაშვილი აცხადებს, რომ ცვლილებების პროექტი ჯერ საკრებულოს კომისიაზე იქნება გატანილი და მსჯელობა იქაც გაიმართება, მოგვიანებით კი დასამტკიცებლად უკვე საკრებულოს სხდომაზე გავა.

საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე აცხადებს, რომ ახალი ხელისუფლება ჟურნალისტებთან სათანამშრომლოდ მზადაა და ურთიერთობების გასაუმჯობესებლად ყველანაირი ბარიერი უნდა მოიხსნას.

11 მარტს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება და ჟურნალისტების აკრედიტაციის შესახებ მიღებულ განკარგულებაში ცვლილებების შეტანაც ამ დღისთვის იგეგმება.
XS
SM
MD
LG