Accessibility links

გორის საკრებულოში ახალი ფრაქცია ხმაურის ფონზე შეიქმნა


გორის საკრებულოში კიდევ ერთი ფრაქცია ხმაურის ფონზე შეიქმნა. საკრებულოს უმრავლესობამ ცნობად მიიღო შექმნა ახალი ფრაქციისა, რომელსაც “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენელი თამარ კოდოშვილი უხელმძღვანელებს. სხდომაზე ხმაური “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა დაიწყეს და მმართველი პარტია “პატრიოტთა ალიანსის” დახმარებაში დაადანაშაულეს. საქმე ისაა, რომ “პატრიოტთა ალიანსი“ 3-კაციან ფრაქციას საკრებულოს სხვა წევრების მიუმხრობლად ვერ შექმნიდა. მაგალითად, კახაბერ ედიშერაშვილი საკრებულოში „ქართული ოცნების“ სიით მოხვდა, ახლა კი „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციაშია. „ნაციონალური მოძრაობა“ ამ საკითხს აპროტესტებდა, რასაც შელაპარაკება მოჰყვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბექა ქორჩილავა აცხადებს, რომ „პატრიოტთა ალიანსისთვის“ ფრაქციის შექმნა „ქართული ოცნების“ დამსახურებაა, რაც გორის ბიუჯეტს კიდევ ერთ ტვირთად დააწვება.

მმართველ პარტიასთან გარიგებას უარყოფს თამარ კოდოშვილი, ხელმძღვანელი ფრაქციისა „პატრიოტები ხალხის სამსახურში“. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მას წარსული დაპირისპირების გამო ებრძვის.

მთელი სხდომის განმავლობაში საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე დაპირისპირებულ მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებდა. მისი თქმით, საკრებულო რეგლამენტის მიხედვით მოქმედებს და წევრებს ახალი ფრაქციის შექმნაზე დეპუტატები უარს ვერ იტყოდნენ.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილების მიხედვით, ადგილობრივ ბიუჯეტს კიდევ ერთი ფრაქციის დაფინანსება წელიწადში 154 ათას ლარამდე დაუჯდება (აქ შედის ფრაქციის თავმჯდომარისა და მოადგილის ხელფასები).

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG