Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორის საკრებულოში გადადებული იმპიჩმენტი


გორის საკრებულოს სხდომა
გორის საკრებულოს სხდომა

გორის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ქალაქის მერის, საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და კომისიის კიდევ ერთი წევრის მიმართ უნდობლობის გამოცხადების საკითხი გაურკვეველი ვადით გადაიდო. საკრებულოს სხდომათა დარბაზი საიმპიჩმენტო პროცედურებისთვის დღეს მზად იყო. ფარული კენჭისყრის კაბინა, საარჩევნო ყუთი დილიდანვე მიიტანეს. გუშინ სამანდატო საპროცედურო კომისიის სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ორჯერ ჩაიშალა. საკრებულოს თავმჯდომარემ კომისიის წევრებს კიდევ ერთხელ შესთავაზა შეკრებილიყვნენ, ამ დილით კი კომისიაში და, შესაბამისად, ბიუროზეც საკრებულოს ოპოზიციურმა ნაწილმა ახალი განცხადებები შეიტანა და საკუთარი მოთხოვნები უკან გაიწვია.

გორის საკრებულოში რამდენიმე დღის განმავლობაში საპროცედურო სამართლებრივი ბრძოლა მიმდინარეობდა. ოპოზიცია საკითხის გატანას 4 სექტემბრის მორიგ სხდომაზე ითხოვდა, თავმჯდომარემ კი იმ მოტივით, რომ განხილვის ვადები არ დარღვეულიყო, რიგგარეშე სხდომა 2 სექტემბერს დანიშნა, მაგრამ აქ ოპოზიცია ხმების იმ რაოდენობას ვერ აგროვებდა, რამდენიც იმპიჩმენტისთვის სჭირდებოდა. „ერთიანი ოპოზიციის“ წევრი ზურაბ როსებაშვილი მივლინებით ნორვეგიაში იმყოფება და ქალაქში მხოლოდ 2 დღეში დაბრუნდება. „ქართული პარტიის“ წევრი ილია მეტრეველი მიიჩნევს, რომ თავმჯდომარემ რიგგარეშე სხდომა პროცედურის დარღვევით დანიშნა.

დღეს დილით ოპოზიციამ საკუთარი მოთხოვნები უკან გაიწვია. ასე რომ არ მოქცეულიყვნენ, ისინი ვერც კენჭისყრას მოიგებდნენ და, სხდომის კვორუმის არარსებობის გამო ჩაშლის შემთხვევაშიც, საკრებულოს თავმჯდომარის უნდობლობის საკითხს 3, ხოლო მერის იმპიჩმენტის საკითხს 6 თვის განმავლობაში ვეღარ დააყენებდნენ. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის თამარ თედლიაშვილის აზრით, დღეს მოთხოვნის უკან გაწვევით ოპოზიციამ ახლო მომავალში საკითხის ხელახალი ინიცირების შანსი დაიტოვა.

ოპოზიციის წარმომადგენლები გადაჭრით აცხადებენ, რომ საიმპიჩმენტო მოთხოვნების უკან გაწვევა აზრის შეცვლას არ ნიშნავს და რომ როსებაშვილის საზღვარგარეთიდან დაბრუნების შემდეგ კონსულტაციებს გააგრძელებენ - მერის, საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარის გადაყენების საკითხს კიდევ ერთხელ დააყენებენ. საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე აცხადებს, რომ საკითხი პროცედურების დაცვით წარიმართა და ახლო მომავალში გამოჩნდება, მოვლენები როგორ განვითარდება.

საკრებულოს რიგგარეშე სხდომას მონიტორინგს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ უწევდა. ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელი სხდომის შემდეგ ის ვადები ვერ ამოქმედდება, რაც მერისა და საკრებულოს ხელმძღვანელების განმეორებით იმპიჩმენტის დაყენებას ითვალისწინებს, რადგან საკრებულოს ოპოზიციამ თავისი განცხადებები უკან გაიწვია.

გორის საკრებულო 15 წევრისგან შედგება. მას შემდეგ, რაც ირაკლი ალასანიას „თავისუფალი დემოკრატები“ ოპოზიციაში წავიდნენ, ქალაქის საკრებულოში კოალიციამ უმრავლესობა დაკარგა. „თავისუფალმა დემოკრატებმა“, „ქართულმა პარტიამ“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ერთიანმა ოპოზიციამ“ - სულ 8 წევრმა -გორის მერისა და საკრებულოს ხელმძღვანელების იმპიჩმენტის საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს, მაგრამ ეს პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო. ოპოზიცია პირობას დებს, რომ ამ საკითხს დაუბრუნდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG