Accessibility links

"გორის ციხე - გორს“ - პეტიცია ამ სათაურით ინტერნეტში უკვე დევს და ელექტრონული ხელმოწერაც მიმდინარეობს. იდეის ავტორია არასამთავრობო ორგანიზაცია “გორის საინფორმაციო ცენტრი”. ცენტრის ხელმძღვანელი მიხეილ ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა უკეთ შეძლებს ძეგლის მოვლა-პატრონობას, ვიდრე ამას კულტურის სამინისტრო აკეთებს. ამ პეტიციით მიხეილ ჩიტაძე ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართავს, დაიწყოს შესაბამისი პროცედურები და მოითხოვოს ძეგლის გადმოცემა. პეტიციაში აღნიშნულია, რომ ძეგლი, რომელიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კუთვნილებაშია, ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ზღუდავს ციხის მოვლისა და დასუფთავების შესაძლებლობას, ასევე, ძეგლის ქალაქის განვითარების მიზნით გამოყენებას. ასეთი ვითარება ცუდად აისახება ძეგლის მდგომარეობაზე და ხელს უშლის ქალაქის ცენტრალური ნაწილის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას,- ნათქვამია პეტიციაში. მიხეილ ჩიტაძის აზრით, ამ ინიციატივის მხარდაჭერით ადგილობრივი ხელისუფლება მიიღებს ობიექტს, რომელსაც თავად განკარგავს, მოუვლის და შემოსავლებსაც მიიღებს.

გორის მოსახლეობის დიდი ნაწილი ციხის ქალაქისთვის გადმოცემის მომხრეა. მათი აზრით, ციხეს, რომელსაც მოვლა სჭირდება, ადგილობრივი თვითმმართველობა უნდა განაგებდეს. არადა, ციხიდან ქვები უკვე ცვივა და გასამაგრებელი სამუშაოების ჩატარება აუცილებელია.

ადგილობრივ ხელისუფლებაში აზრი ორად იყოფა, საკრებულოს წევრების ნაწილი მიიჩნევს, რომ მწირი ბიუჯეტით ისტორიული ციხის მოვლა-გამაგრება შეუძლებელი იქნება. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ როსებაშვილი ამ იდეას ნაადრევად მიიჩნევს.

საკრებულოს წევრი თამარ თედლიაშვილი პეტიციაზე ხელმომწერია, თუმცა ფინანსების საკითხი მასაც აფიქრებს.

გორის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი მიხეილ ჩიტაძე აცხადებს, რომ დღეს სამინისტრო არაფერს აკეთებს ძეგლის კეთილმოწყობისთვის, ადგილობრივ ორგანიზაციებს კი არაერთი იდეა აქვთ ციხის ტურისტული ფუნქციის გასაზრდელად. მაგალითად, ერთ-ერთი იდეის მიხედვით, აქ შეიძლება მოეწყოს ქართული საბრძოლო იარაღის მუზეუმი და სხვადასხვა ატრაქციონი, რაც დამთვალიერებელთა რაოდენობას გაზრდის, ეს თანხები კი ადგილობრივ ბიუჯეტში წავა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG