Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში ვირუსული დაავადების შემთხვევები იზრდება


გორში ბავშვებში ჩუტყვავილით დაავადების შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება. განსაკუთრებით რთული ვითარებაა საბავშვო ბაღებში. მუნიციპალიტეტის ზოგიერთ ბაღში უკვე დაფიქსირდა ინფექციური დაავადების 20-მდე შემთხვევა. საბავშვო ბაღების სააგენტოში მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდნენ, ექიმები კი მშობლებს რეკომენდაციებს აძლევენ. ვითარებას ისიც ართულებს, რომ ქვეყანაში ჩუტყვავილას ვაქცინა არ არის და ამ ინფექციურ დაავადებას თბილისში ერთი ლეტალური შემთხვევა უკვე მოჰყვა. გორის მეცამეტე საბავშვო ბაღში დაავადების რამდენიმე შემთხვევა უკვე დაფიქსირდა. ინფექციის დაფიქსირების შემდეგ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარეს და ბავშვების ნაწილი სახლებში გაუშვეს. მეცამეტე საბავშვო ბაღის გამგე მზია ზაბახიძე აცხადებს, რომ ბაღის ადმინისტრაცია ყველა ღონეს ხმარობს, რომ დაავადება კიდევ უფრო არ გავრცელდეს.

გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მარიამ გიუნაშვილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებსა და მშობლებს რეკომენდაციებს აძლევს და ურჩევს დაავადების გამოვლენის შემთხვევაში სასწრაფოდ მიმართონ ექიმს. მისი თქმით, ჩუტყვავილა ადვილად გადამდები ინფექციაა და ამ დროს სწრაფი მოქმედებაა საჭირო.

საბავშვო ბაღების მართვის სააგენტომ საბავშვო ბაღებში კონტროლი უკვე გაამკაცრა. განსაკუთრებული ყურადღება ჰიგიენურ-სანიტარიული პირობების დაცვას ექცევა. სააგენტოს ხელმძღვანელი ლია კოვზიაშვილი ამბობს, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებები ხორციელდება. სადეზინფექციო სამუშაოები ყოველი კვირის ბოლოს ტარდება. კოვზიაშვილის ინფორმაციით, დაავადებულ ბავშვებს ჩუტყვავილას შედარებით მსუბუქი ფორმა აქვთ და მათი მდგომარეობა საგანგაშო არ არის.

ინფექციური დაავადებით მიმართვა გაიზარდა ადგილობრივ ჯანდაცვის ცენტრებში. ბავშვთა საავადმყოფოში აცხადებენ, რომ თითოეულ პაციენტს შესაბამისი მკურნალობა ენიშნება. ექიმები ჩუტყვავილას ერთ-ერთ საშიშ დაავადებად მიიჩნევენ და რისკჯგუფების წარმომადგენლებს რეკომენდაციებს აძლევენ. პედიატრი ნანა განჯელაშვილი ამბობს, რომ გორში ამ ინფექციური დაავადების მძიმე ფორმა ჯერ არ დაფიქსირებულა.

ჩუტყვავილა ბავშვთა ასაკის მწვავე ვირუსული დაავადებაა. ავადმყოფი ადამიანი ვირუსს გამოყოფს ხველის, ცემინების დროს და დაავადების დაწყებიდან 9-10 დღის განმავლობაში ინფექციის წყაროს წარმოადგენს.

გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მარიამ გიუნაშვილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებსა და მშობლებს რეკომენდაციებს აძლევს და ურჩევს დაავადების გამოვლენის შემთხვევაში სასწრაფოდ მიმართონ ექიმს. მისი თქმით, ჩუტყვავილა ადვილად გადამდები ინფექციაა და ამ დროს სწრაფი მოქმედებაა საჭირო.

ჩუტყვავილა ბავშვთა ასაკის მწვავე ვირუსული დაავადებაა. ავადმყოფი ადამიანი ვირუსს გამოყოფს ხველის, ცემინების დროს და დაავადების დაწყებიდან 9-10 დღის განმავლობაში ინფექციის წყაროს წარმოადგენს. მწვავე ვირუსული ინფექცია მიმდინარეობს სუსტად გამოხატული ინტოქსიკაციით, ტემპერატურის ზომიერი მომატებით, კანსა და ლორწოვან გარსებზე თანამიმდევრული, ტიპიური ლაქოვან-ბუშტუკოვანი გამონაყარით. ექიმები მშობლებს ამ ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში ურჩევენ, რომ ბავშვები დაუყოვნებლივ სამედიცინო ცენტრებში მიიყვანონ.

XS
SM
MD
LG