Accessibility links

სეზონური გრიპის ვირუსის გავრცელებისა და ავადობის რაოდენობრივი მაჩვენებლის თანახმად, ამ დროისათვის საქართველო ეპიდემიური ზღვრის ნახევარზე იმყოფება. კერძოდ, 100 000 მოსახლეზე დაავადებულია 254 ადამიანი. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, რომ სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობის რიცხვი გაზრდილია. გრიპით დაავადებულთა შორის ბევრია მოსწავლე, რომელთა მიერ გაკვეთილების გაცდენის 20-პროცენტიანი მაჩვენებლის შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, სასწავლო დაწესებულებას შეუძლია სწავლის პროცესი სამი დღით შეწყვიტოს.

თბილისის 142-ე საჯარო სკოლის მეორეკლასელ თორნიკე სიდამონიძის კლასში ცხრამეტი მოსწავლიდან სკოლაში მხოლოდ 9 ბავშვი დადის. ავადაა თორნიკეც, რომელსაც, როგორც მისი დედა, მარი, გვეუბნება, ვირუსი ოჯახის დანარჩენი წევრებისგან გადაედო:

please wait

No media source currently available

0:00 0:04:59 0:00
Direct link

“საწყისი ეტაპი ბებია იყო. მერე გადაგვედო ძირითადად დაიკოს და დედიკოს - მე და ნინიკო ვიყავით ავად... ალბათ, ერთი კვირაა სახლში ვარ. სამსახურში არ დავდივარ, ნინო - უნივერსიტეტში, 38 სიცხეებით. ანტიბიოტიკებიც დაგვინიშნეს, ნინიკოს რენტგენიც დასჭირდა იმის დასადგენად, ბრონჰიტი ჰქონდა თუ არა, და ამ ბოლო დღეებში თორნიკესაც მისცა სიცხე. ასევე დაგვეწყო ჩვენც - ყელის ტკივილით“.

დეკემბრიდან იწყება. ვირუსული ინფექციების ჩვეულებრივი სეზონია, საერთოდ, ზამთრის სეზონი. მართალია, თებერვალ-მარტში პიკს აღწევს ეს და ეს არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი ამბავი. უბრალოდ, მოსახლეობას ყოველთვის აშინებს მაღალი ცხელება. და ამის გამოც არის მიმართვიანობა ექიმთან და ეს არის აბსოლუტურად სწორი...
გიული ჩხაიძე

მარი ნადირაძე გვეუბნება, რომ, თორნიკეს კლასისგან განსხვავებით, მოსწავლეთა რაოდენობა გრიპის მიზეზით თითქმის არ შემცირებულა მისი უფროსი ძმის კლასში. საქართველოს განათლების სამინისტროს მონაცემებით, მოსწავლეთა ავადობის მაღალი მაჩვენებლის გამო, სასწავლო პროცესი თბილისის მხოლოდ ერთ, 74-ე, სკოლაშია შეწყვეტილი. სულ, ქვეყნის მასშტაბით, სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ნატა ასათიანის, თანახმად, ასეთი ხუთი სკოლაა:

“ჩვენ სისტემატურ რეჟიმში ვიღებთ სკოლებიდან ინფორმაციას არდასწრების თაობაზე, გაცდენების თაობაზე. ამ დროისთვის ხუთ სკოლაში არის სწავლა შეწყვეტილი სამი დღით, როგორც ჯანდაცვის რეკომენდაცია ითვალისწინებდა. ეს არის თბილისის 74-ე საჯარო სკოლა, თელავის მეხუთე სკოლა და თიანეთის სამი სკოლა“.

ამ ხუთ სკოლას ემატება, ასევე, ის ექვსი სკოლაც, რომელშიც სასწავლო პროცესი უამინდობის გამოა შეჩერებული. ესენია: ამბროლაურის, სოფელ პატარა ონის სკოლა, ნინოწმინდის კათნატუსა და ჟდანოვაკანის საჯარო სკოლები და გორას, მახოსა და ზედა ახალშენის საჯარო სკოლები ხელვაჩაურის რაიონში.

ზამთრის სეზონს კი, ზოგადად, გრიპის ვირუსული ინფექციების გავრცელების ჩვეულებრივ სეზონად მიიჩნევს ექიმი-პედიატრი გიული ჩხაიძე, რომელიც ადასტურებს, რომ პაციენტთა მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებში გაზრდილია, თუმცა ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს:

“დეკემბრიდან იწყება. ვირუსული ინფექციების ჩვეულებრივი სეზონია, საერთოდ, ზამთრის სეზონი. მართალია, თებერვალ-მარტში პიკს აღწევს ეს და ეს არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი ამბავი. უბრალოდ, მოსახლეობას ყოველთვის აშინებს მაღალი ცხელება. და ამის გამოც არის მიმართვიანობა ექიმთან და ეს არის აბსოლუტურად სწორი. ექიმისგან იღებენ შესაბამის რჩევა-დარიგებას. ახლა, ამჟამად რაც არის, ვირუსული ინფექცია, მაქსიმალურად ორი-სამი დღის განმავლობაში არის მაღალი ცხელება. თუ გაგრძელდა ცხელება 5 დღეზე მეტხანს, მერე უკვე ლაბორატორიულ გამოკვლევებს ვაკეთებთ, ხომ არ გადაიზარდა ვირუსული ინფექცია ბაქტერიოლოგიურ ინფექციაში და რამდენად არის საჭირო ანტიბიოტიკის ჩართვა მკურნალობაში“.

ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის თანახმად კი, ამ დროისათვის გრიპის 46 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული. ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, რთული შემთხვევების რაოდენობა დიდი არ არის, თუმცა საერთო ჰოსპიტალიზაციაში გრიპისა და გრიპის გართულებებით გამოწვეული დაავადებების წილი 16 პროცენტია:

“წელს, განსხვავებით გასული წლისაგან, ცირკულირებს A ტიპის ეგრეთ წოდებული H3, რომელიც უფრო შედარებით მსუბუქია, ვიდრე შარშან მოცირკულირე H1N1. ერთი უკვე გამოჩნდა მეორე ტიპის B ვირუსი, რომელიც ცოტა შედარებით უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, ვიდრე A ტიპის ვირუსი“.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაციისაკენ მოუწოდებს, თუმცა აღნიშნავს იმასაც, რომ სახელმწიფო სექტორში ვაქცინის 96 პროცენტი ათვისებულია, ხოლო კერძო სექტორში დეფიციტია, რადგან მოთხოვნილება ვაქცინაზე გაჩნდა მას შემდეგ, რაც გრიპის სეზონი დაიწყო. იგი აქვე ამბობს, რომ ქვეყანაში ანტივირუსული პრეპარატების საკმარისი მარაგია.

ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას ვირუსული ინფექციებისაგან თავის დასაცავად, სხვადასხვა პრევენციულ ღონისძიებებთან ერთად, ურჩევს ხელები ხშირად იბანონ და, გრიპისმაგვარი სიმპტომების გაჩენისას, სასწრაფოს ნაცვლად, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს მიმართონ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG