Accessibility links

გურჯაანში სოფელ არაშენდაში ოფიციალური ნაგავსაწყობის მოწყობას ეწინააღმდეგებიან


ტერიტორია ნაგავსაყრელისთვის

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში ნაგავსაყრელის მშენებლობა იგეგმება. ნაგავსაყრელისთვის გამოყოფილ ტერიტორიასთან ახლოს ვენახები და სხვადასხვა ხილის ბაღებია გაშენებული.

ბაღების მეპატრონეები ამბობენ, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში ეკოსისტემა განადგურდება. ერთ-ერთი მათგანი ზურაბ ხელაშვილია, რომელსაც 12 ჰექტარზე ვენახი აქვს გაშენებული, დარგული აქვს ასევე კაკალი და უეკლო მაყვალი. სამუშაოები პროექტ „დანერგე მომავლის“ ფარგლებში ჩატარდა. ამბობს, რომ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოებისთვის უკვე 120 ათას ლარზე მეტი აქვს დახარჯული და ფიქრობს, რომ, ნაგავსაყრელისა და გადამამუშავებელი ქარხნის აშენების შემთხვევაში, მისი მეურნეობა საფრთხის ქვეშ დადგება:

„საფრთხე იქნება ნაგავსაყრელიდან ჩამონაჟური წყლით, გამონაბოლქვით და ასევე, დარწმუნებული ვარ, დიდი საფრთხე იქნება პოლიეთილენის პარკები და დანარჩენი გაბზნილი ნაგავი. ნაგავსაყრელის ფერდობიდან წამოსული ჰავა პირდაპირ ვრცელდება მთელ ამ პერიმეტრზე, სადაც ვენახები გვაქვს გაშენებული“.

ზურაბ ხელაშვილი ერთადერთი არ არის, ვინც სოფელ არაშენდაში ნაგავსაყრელისა და მყარი ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის აშენებას ეწინააღმდეგება. ნაგავსაყრელისთვის გამოყოფილ ტერიტორიასთან ახლოს ვენახი აქვს გელა ქიტუაშვილსაც.

„ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი გვინდა ვაწარმოოთ და გზიდან დაცილებული რომ ყოფილიყო, წამოვედით აქ. გავაშენეთ ვენახი, ახლა კი ნაგავსაყრელს გვიკეთებენ. ნაგავსაყრელის არომატით გაჯერებული საფერავი, წარმოგიდგენიათ, როგორი იქნება?!“

ადგილი, სადაც ნაგავსაყრელის მოწყობა იგეგმება
ადგილი, სადაც ნაგავსაყრელის მოწყობა იგეგმება

სასოფლო-სამეურნეო მიწებთან ახლოს ნაგავსაყრელისა და მყარი ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის აშენებას ეწინააღმდეგება ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი ირინა ფხოველიშვილი. ის ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის სახელზე სპეციალურ წერილს ამზადებს.

„გადავწყვიტეთ, რომ პირდაპირ მივმართოთ ბატონ პრემიერს, ავუხსნათ შექმნილი სიტუაცია და ვთხოვოთ, რომ მიიღოს კანონის შესაბამისი ზომები იმისათვის, რომ არ დაზარალდეს არც ადგილობრივი მოსახლეობა და, ამავე დროს, დაცული იყოს სისუფთავე და ეკოლოგიური წესრიგი“.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი ამბობს, რომ მათთვის ცნობილია, რა სახის ზიანი შეიძლება მოიტანოს ნაგავსაყრელის მშენებლობამ. მერის თქმით, თუკი შესაბამისი სამსახურები საფრთხეებზე მიუთითებენ და უარყოფით დასკვნას დადებენ, პროექტი არ განხორციელდება. თუმცა არჩილ ხანდამაშვილი იმასაც ამბობს, რომ ევროპული სტანდარტების ნაგავსაყრელი ზიანის მომტანი არ იქნება:

„ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვიცით, რამდენად დააზიანებს ნაგავსაყრელი ახლომდებარე ვენახებს. თუ შესაბამისი სამინისტროები დასკვნას დადებენ, რომ ეს იქნება საზიანო ვენახებისთვის, სავარგულებისთვის და ასე შემდეგ, სავარაუდოდ, არ გაკეთდება. ეს პროცესებია დასაწყები ჯერჯერობით. არაფერი გადაწყვეტილი არ არის. მიმდინარეობს მოკვლევები“ .

გურჯაანში სოფელ არაშენდას მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ, თუ მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ, საპროტეტსო აქციებს დაგეგმავენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG