Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია RMG-ის წინააღმდეგ


„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საქართველოს მთავარ პროკურატურას მოუწოდებს დაიწყოს გამოძიება საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის აფეთქების ფაქტზე. ორგანიზაციის თანახმად, 2014 წლის 13 დეკემბერს საყდრისი-ყაჩაღიანის პირველ სალიცენზიო უბანზე აფეთქება შპს „RMG-GOLD“-მა ტექნიკური და სპეციალური ნებართვის გარეშე განახორციელა, რითაც კანონი დაარღვია. საიაში მიიჩნევენ, რომ შექმნილ ვითარებაში პროკურატურა ვალდებულია გამოძიება დაიწყოს.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განმარტებით, ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების თაობაზე გაიცემა სპეციალური ნებართვა, რომელიც, საიას ხელთ არსებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, “RMG-GOLD”-ს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსგან არ მიუღია. ამას ადასტურებს კორესპონდენციაც, რომელიც აღნიშნული სააგენტოდან გადაეგზავნა არასამთავრობო ორგანიზაციას:

“თქვენი წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ შპს „RMG_GOLD” -ს საყდრისი-ყაჩაღიანის ნომერ პირველ სალიცენზიო უბანზე 2014 წლის 13 დეკემბერს განხორციელებული აფეთქებისთვის სააგენტოში ნებართვის მისაღებად არ მოუმართავს. რაც შეეხება საამფეთქებლო სამუშაოების განხორციელებისთვის მომართვის ვალდებულებას, სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენებისას შესაბამისი ნებართვის საჭიროებასა და გაცემის წესს განსაზღვრავს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“.

ის, რაც მოხდა 12 დეკემბერს, 13 დეკემბერს, 30 დეკემბერს რეალურად, ჩვენ გვაფიქრებინებს, რომ აქ ძალიან სერიოზული ძალები მონაწილეობდნენ ამ პროცესში და, ჩვეულებრივ, დაბალი ადმინისტრაციული რგოლი და დაბალი საჯარო მოხელე ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა დამოუკიდებლად...
სულხან სალაძე

საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსგან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტ სულხან სალაძისთვის არის კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტი იმის სამტკიცებლად, რომ არქეოლოგიურ ობიექტზე ნებისმიერი სახის სამუშაოების წარმოება არქეოლოგიური ნებართვის გარეშე სისხლის სამართლის კოდექსის 259 პრიმა მუხლით დასჯადი ქმედებაა და ამ ქმედებაზე სამართალდამცავი ორგანოები ადეკვატურად არ მოქმედებდნენ:

“ის, რაც მოხდა 12 დეკემბერს, 13 დეკემბერს, 30 დეკემბერს რეალურად, ჩვენ გვაფიქრებინებს, რომ აქ ძალიან სერიოზული ძალები მონაწილეობდნენ ამ პროცესში და, ჩვეულებრივ, დაბალი ადმინისტრაციული რგოლი და დაბალი საჯარო მოხელე ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა დამოუკიდებლად. ეს ისეთი საკითხია, რომელიც, ბუნებრივია, გამოძიებამ უნდა შეისწავლოს და გამოძიებამ უნდა თქვას, რეალურად რა ინტერესით და რა მოხდა. აი, მაგალითად, ჩვენ ახლა როდესაც ვსაუბრობთ, რომ 13 დეკემბერს მომხდარი აფეთქება იყო კონფლიქტში კანონთან და არ ჰქონდა კომპანიას ამის ნებართვა, ცხადია, ადმინისტრაციული ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, მაშინ როგორ მოხდა ეს აფეთქება საყდრისი-ყაჩაღიანში“.

კომპანია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ეს არის კომპანიის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია, რომელსაც უდგას სათავეში ერთიანი ჯგუფი - საია...
ვახტანგ ფარესიშვილი

2014 წლის 13 დეკემბერს საყდრისი-ყაჩაღიანის პირველ სალიცენზიო უბანზე მომხდარ აფეთქებას, სულხან სალაძისაგან განსხვავებით, სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევად არ მიიჩნევს „არემჯი გოლდის“ იურიდიული სამსახურის უფროსი ვახტანგ ფარესიშვილი და ამბობს, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ საზოგადოება შეცდომაში შეჰყავსო:

„კომპანია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ეს არის კომპანიის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია, რომელსაც უდგას სათავეში ერთიანი ჯგუფი - საია, საყდრისის გადარჩენის კომიტეტი, საყდრისის თემით დაინტერესებული პოლიტიკური პარტიები. მათი მიზანი არის კომპანიის პარალიზება, სოციალური ფონის დაძაბვა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა“.

ვახტანგ ფარესიშვილი ამბობს, რომ სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალის ნებართვის გარეშე გამოყენებისთვის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და ტექნიკური მიმოქცევის“ შესახებ კანონი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ ჯარიმას და აღნიშნული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ღონისძიება, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების საფუძველზე, კომპანიის მიმართ უკვე გატარდა. იმ განცხადების თანახმად კი, რომელიც „არემჯიმ“ საიას პროკურატურისადმი მიმართვის პასუხად გაავრცელა, ფაქტი, რომ 2014 წლის 13 დეკემბრისთვის კომპანიას არქეოლოგიური ობიექტის დაშლის ნებართვა ჰქონდა, იმთავითვე გამორიცხავს სისხლის სამართლის კოდექსის ხსენებული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის არსებობას. თავად „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ კი უახლოეს მომავალში დაასრულებს მუშაობას ფართომასშტაბიანი კვლევის მეორე ნაწილზე - თემაზე „საყდრისი-ყაჩაღიანის კულტურული მემკვიდრეობიდან ოქროს თანამედროვე მოპოვებამდე“. კვლევა აღწერს, 2014 წლის ივნისიდან მოყოლებული, RMG-ის მიერ საყდრისი-ყაჩაღიანის პირველ სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოების განახლების გარემოებებს, მათ შორის, პროცესებს, რომლებმაც 2014 წლის 13 დეკემბერს მომხდარი აფეთქებები განაპირობა. 2014 წლის 13 დეკემბერს “RMG”-მ საყდრისი-ყაჩაღიანის უბანზე განხორციელებული აფეთქებებითა და სპეცტექნიკით განაახლა მადნის მოპოვება ბორცვზე, რომელიც, მეცნიერთა ერთი ნაწილის თანახმად, მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღაროა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG