Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰაერის დაბინძურების მიზეზები ქუთაისში


ქუთაისი
ქუთაისი

ეკოლოგების ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით ქუთაისი თბილისისა და რუსთავის შემდეგ მესამე ადგილზეა ატმოსფერულ ჰაერში მტვრისა და ნახშირჟანგის მაღალი კონცენტრაციით. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს კოლხეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის წარმომადგენლის, ავთანდილ ქვაჩაკიძის, განცხადებით, ქუთაისში ჰაერის დამაბინძურებელი ნივთიერებების - მტვრის, ნახშირჟანგის, გოგირდის დიოქსიდის, აზოტის ოქსიდისა და ტყვიის - კონცენტრაციას ასათიანისა და ჭავჭავაძის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე სპეციალური სადგური განსაზღვრავს. ავთანდილ ქვაჩაკიძის ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგების თანახმად, ქუთაისის ჰაერში მტვრის მაქსიმალური, ზღვრულად, ერთჯერადად დასაშვები კონცენტრაცია ნორმას რამდენჯერმე აღემატება, დანარჩენი ნივთიერებების კონცენტრაცია კი ნორმას მცირედით აღემატება ან ნორმის ფარგლებშია:

ჰაერის დაბინძურების მიზეზები ქუთაისში
please wait

No media source currently available

0:00 0:06:12 0:00
გადმოწერა

„ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას ქუთაისში ჩვენ ერთ წერტილში ვაკვირდებით და მაჩვენებელი ჭავჭავაძისა და ასათიანის ქუჩების კვეთაზე საკმაოდ მაღალია. უნდა აღვნიშნო, რომ, მტვრის გარდა, ზოგჯერ CO2 აღწევს ზღვრულ ნორმას და ცოტათი აჭარბებს კიდეც. ხშირ შემთხვევაში მაღალია ოზონის კონცენტრაციაც - იგი მცირედით, მაგრამ მაინც აღემატება დასაშვებ ნორმას. დანარჩენი ინგრედიენტები ზღვრულ ნორმაშია, თუმცა, სხვა ქალაქებთან შედარებით, კონცენტრაცია მაღალია“.

ყველაზე მთავარი - ეს არის ადამიანების დაბალი თვითშეგნება, დაბალი კულტურა. ჩვენ რამდენიმე დღის წინ დავასუფთავეთ მუხნარის ტყე. იგი ბოლოს დასუფთავებული იყო გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს, 5 ივლისს. წარმოიდგინეთ, სამ თვეში ერთხელ რომ დაგჭირდება მუხნარის ტყის დასუფთავება...
თემურ კეპულაძე

კოლხეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის წარმომადგენელი, ავთანდილ ქვაჩაკიძე, გარემოსა და ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებლად ასახელებს მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას, შიდასაქალაქო ტრანსპორტსა და გაუმართავი ავტომანქანების გამონაბოლქვს:

„ქუთაისში ჰაერის დაბინძურება გამოწვეულია მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურით, გზებით და გაუმართავი ავტოტრანსპორტის მოძრაობით. სამწუხაროდ, ქალაქში ძალიან ცუდად არის საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობის რეგულირება. კერძოდ, ავტობუსები და მიკროავტობუსები მოძრაობენ წესების დარღვევით, ხდება ხშირი გაჩერებები, რაც იწვევს გამონაბოლქვის ზრდას, რადგან ავტომანქანა დაძვრისა და გაჩერების დროს მეტ გამონაბოლქვს აფრქვევს, ვიდრე თანაბარი მოძრაობის დროს“, – დასძენს ავთანდილ ქვაჩაკიძე.

ქუთაისის ცენტრალურ უბნებში, ამორტიზებულ გზებზე წარმოქმნილ მტვერსა და მომრავლებული ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვს უჩივის ადგილობრივი მოსახლეობაც:

„ქალაქში ჰარი გამონაბოლქვის გამოა დაბინძურებული, სუნთქვა შეუძლებელია, რაც ძალიან შემაწუხებელია“;

„დაბინძურებულია მთელი ქალაქი, მტვრის ბუღი არის“;

„საგრძნობლადაა მომატებული მტვერი და რამდენად უსუფთაოა ჰაერი, ყველაფერს ეტყობა“;

„ბევრი მანქანებია, გამონაბოლქვისგან დამძიმებულია ჰაერი“, – ამბობენ რადიო თავისუფლების რესპონდენტები.

რადიო თავისუფლების ერთ-ერთი რესპონდენტი ჰაერის დამაბინძურებლად მიიჩნევს საყოფაცხოვრებო ნარჩენებსაც:

„ქალაქში გვხვდება ქუჩები, სადაც ნარჩენები პირდაპირ ყრია, მიუხედავად იმისა, რომ დგას ურნები და დასუფთავების სამსახური ცდილობს როგორმე პრობლემა მოაწესრიგოს. პრობლემა მაინც არსებობს“.

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა ,,დედამიწის მეგობრების“ იმერეთის ორგანიზაციის კოორდინატორი ეკოლოგი თემურ კეპულაძე გარემოს დაცვის მხრივ ქუთაისში არსებულ პრობლემებს მოქალაქეთა ცნობიერების დაბალ დონესაც უკავშირებს და ამბობს, რომ მხოლოდ დასუფთავების აქციებით პრობლემა არ გვარდება:

„ყველაზე მთავარი - ეს არის ადამიანების დაბალი თვითშეგნება, დაბალი კულტურა. ჩვენ რამდენიმე დღის წინ დავასუფთავეთ მუხნარის ტყე. იგი ბოლოს დასუფთავებული იყო გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს, 5 ივლისს. წარმოიდგინეთ, სამ თვეში ერთხელ რომ დაგჭირდება მუხნარის ტყის დასუფთავება, რა ცნობიერებაზე შეიძლება საუბარი. სისუფთავე არის არა იქ, სადაც ხშირად ასუფთავებენ, არამედ იქ, სადაც არ აბინძურებენ“, – აცხადებს თემურ კეპულაძე.

ლანდშაფტის არქიტექტორის, რამაზ კილაძის, შეფასებით, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრობლემას რეკრეაციული ზონების სიმცირე ამძაფრებს:

გამზადებულია რამდენიმე სკვერის პროექტი, რომლის რეაბილიტაცია უნდა განხორციელდეს. რომ არ იყოს დატვირთული ქალაქის ცენტრი, გარეუბნებშიც გადავანაწილეთ და კეთდება კეთილმოწყობის სამუშაოები და დაირგვება მრავალწლიანი ხეები, გაშენდება ბუჩქნარი და დაიგება კორდი...
ნატო ბურჯალიანი

„გავხედოთ თაბუკაშვილის ქუჩას, ნიკეას ქუჩას, სულხან-საბას დასახლებას და ა.შ. სად არის მწვანე ნარგაობა, რომელიც წინათ აუცილებელი იყო, სადაც უნდა იყოს დიდი ზომის ხეები?! თვითონ ხეები ჟანგბადია, ატმოსფეროს გამსუფთავებელია ქიმიური თუ ფიზიკური დანაგვიანებისგან და ამას ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება“, – ამბობს ლანდშაფტის არქიტექტორი, რამაზ კილაძე.

როგორც ქუთაისის მერიის გამწვანებისა და ეკოლოგიის განყოფილებაში განმარტავენ, ქალაქის ტერიტორია 7 ათასი ჰექტარია. აქედან 220 ჰექტარამდე უჭირავს მწვანე საფარს და იგი ყოველწლიურად იზრდება. ქუთაისის გამწვანების, მოვლა-პატრონობისა და სკვერების კეთილმოწყობის პროგრამისთვის წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 660 ათასი ლარი იხარჯება. მერიის გამწვანებისა და ეკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელის, ნატო ბურჯალიანის, განცხადებით, ქალაქის დღევანდელი მწვანე საფარი დაახლოებით 70 წლის წინ გაშენდა და განახლებას საჭიროებს, რისთვისაც მერია ტენდერს სეზონურად ატარებს:

„გამზადებულია რამდენიმე სკვერის პროექტი, რომლის რეაბილიტაცია უნდა განხორციელდეს. რომ არ იყოს დატვირთული ქალაქის ცენტრი, გარეუბნებშიც გადავანაწილეთ და კეთდება კეთილმოწყობის სამუშაოები და დაირგვება მრავალწლიანი ხეები, გაშენდება ბუჩქნარი და დაიგება კორდი. ქალაქის ყველა უბანში გვაქვს რამდენიმე პროექტი, რომლებიც ეტაპობრივად უნდა განვახორციელოთ“, – განმარტავს მერიის გამწვანებისა და ეკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, ნატო ბურჯალიანი.

სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ქალაქში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად აუცილებელია გამონაბოლქვისა და მტვრის საწინააღმდეგო ზომების მიღება, ნარჩენების სწორად მართვა და მწვანე საფარის მასშტაბის გაზრდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG