Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩაკ ჰეიგელი 19 თვეში გადადგა


შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი ჩაკ ჰეიგელი პოსტს ტოვებს, რომელიც მას სულ 19 თვის მანძილზე ეკავა.

წარსულში ვიეტნამის ომის ვეტერანს და შემდეგ რესპუბლიკელ სენატორს -ჩაკ ჰეიგელს- ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის პოსტი 2013 წლის თებერვლიდან ეკავა. განცხადება გადადგომის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მან ორშაბათს წარუდგინა.

„ჩაკი სანიმუშო მინისტრი იყო, რომელმაც ჩვენი სტრატეგიის მოდერნიზებისას და ბიუჯეტის გრძელვადიან საფრთხეებზე გათვლისას მტკიცე ნება გამოიჩინა და ამასთან, ისეთ გადაუდებელ გამოწვევებსაც პასუხობდა, როგორიც იყო „ისლამური სახელმწიფო“ და ებოლა“- განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

თავდაცვის მინისტრს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, თუ რით იყო განპირობებული გადაწყვეტილება პოსტის დატოვების თაობაზე.

„ეს ჩემს ცხოვრებაში ლიდერობის უდიდესი პრივილეგია გახლდათ. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს იყო პრივილეგია მემსახურა თავდაცვის სამინისტროში მომუშავე მამაკაცებთან და ქალებთან ერთად, პრივილეგია მეზრუნა მათი ოჯახების ხელშეწყობაზე. განუზომლად ვამაყობ იმით, რასაც ამ ხნის განმავლობაში მივაღწიეთ“ - აღნიშნა ჰეიგელმა.

ინფორმაციამ თავდაცვის მინისტრის გადადგომის შესახებ მედიის საშუალებში პირველად „ნიუ იორკ თაიმსიდან“ გაჟონა. გაზეთი ოფიციალური პირების ცნობებზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ ჰეიგელის გადადგომა ადმინისტრაციის მხრიდან განხორციელებულმა ზეწოლამ გამოიწვია, რაც რამდენიმე საგარეო საკითხს უკავშირდებოდა. მათ შორის საუბარი იყო სირიაში და ერაყში მიმდინარე ბრძოლებზე, რომელსაც შეერთებული შტატები დაჯგუფება „ერაყის და ლევანტის ისლამურ სახელმწიფოსთან“ აწარმოებს.

ამერიკის ყოფილი ელჩი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ჯონ ბოლტონი დარწმუნებულია, რომ ჰეიგელი მოვალეობის შესრულებიდან 19 თვის თავზე აიძულეს გადამდგარიყო.

„არა მგონია მას როდესმე შესძლებოდა სამინისტროზე საკუთარი კვალი დაეტყო. ის თეთრი სახლის ერთგვარი ფოსტალიონი იყო, რომელიც სამინისტროს მნიშვნელობას სათანადოდ ვერ აფასებს“ - განაცხადა ჯონ ბოლტონმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში. მისი აზრით თავად გადადგომაც უკეთესად უნდა ყოფილიყო მომზადებული. ყოფილი ელჩი გაეროში ნაჩქარევ გადადგომას არასასიკეთო ნიშნად მიიჩნევს. „ვფიქრობ, როდესაც ასეთი დაბნეულობაა, ეს კიდევ უფრო მეტი ხიფათის მომტანი იქნება“ - ამბობს ის.

ჰეიგელი უკვე მეორე მაღალი თანამდებობის პირია, რომელიც ბოლო თვეებში გადადგა. სექტემბერში განცხადება პოსტის დატოვების შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა, ერიკ ჰოლდერმა გააკეთა. ორივე მათგანი მოვალეობას მანამდე შეასრულებს, სანამ მათ შემცვლელებს არ დაამტკიცებენ.

XS
SM
MD
LG