Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Huawei გლობალური დაპირისპირების კონტექსტში


აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულმა სანქციებმა ჩინეთის გიგანტური სატელეკომუნიკაციო კორპორაცია Huawei-ს მიმართ მოკლე დროში საკმაოდ დიდი დარტყმა მიაყენა სმარტფონების გაყიდვების მხრივ მსოფლიოს რეიტინგით ნომერ მეორე კომპანიას.

Huawei-ს სმარტფონების შემდგომი ვერსიები, რომლებიც „ანდროიდით“ სარგებლობენ, დაკარგავენ დაშვებას პოპულარულ დანართებზე, როგორიცაა Gmail-ის ელექტრონული ფოსტა...

15 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ამერიკულ კომპანიებს უკრძალავს იმ ფირმების სატელეკომუნიკაციო მოწყობილობის გამოყენებას, რომლებიც, თეთრი სახლის შეფასებით, საფრთხეს უქადიან აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს.

სულ მალე, 20 მაისს, ცნობილი გახდა, რომ კორპორაცია „გუგლმა“ და კიდევ რამდენიმე მსხვილმა ამერიკულმა კორპორაციამ შეწყვიტეს თანამშრომლობა Huawei-სთან.

კომპანია „გუგლის“ თანახმად, მხოფლიოში „ანდროიდის“ 2,5 მილიარდი აქტიური მომხმარებელია. Huawei-ს სმარტფონების შემდგომი ვერსიები, რომლებიც „ანდროიდით“ სარგებლობენ, დაკარგავენ დაშვებას პოპულარულ დანართებზე, როგორიცაა Gmail-ის ელექტრონული ფოსტა, „ქრომის“ ბრაუზერი და „იუტუბის“ ვიდეოარხი.

კომპანია Huawei-ს შეეძლება ისარგებლოს მხოლოდ „ანდროიდის“ იმ მცირე ვერსიით, რომლის ძირითადი კოდიც Google-ის მხრიდან ფართოდ ხელმისაწვდომია.

შექმნილ ვითარებაში ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მომხმარებლები უარს იტყვიან Huawei-ს მიერ გამოშვებულ სმარტფონებზე, თუ მათთვის ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ „ანდროიდის“ შეკვეცილი ვერსია. შესაბამისად, Huawei, რომელიც სმარტფონების გაყიდვებით მსოფლიო მასშტაბით მეორე ადგილზეა, ადგილს დაუთმობს Apple-ს. არ გამორიცხავენ, რომ Google-მა ითხოვოს გამონაკლისის დაშვება, მაგრამ კომპანიაში ამის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.

რატომ Huawei?

თეთრი სახლის მიერ დაწესებულ სანქციებს გლობალური სატელეკომუნიკაციო კომპანია Huawei-ს წინააღმდეგ ტალღისებური უკუეფექტი ექნება აშშ-ში, სადაც უამრავი კომპანია სარგებლობს Huawei-ს ტექნოლოგიებით.

აშშ-ის თავდაცვისა და დაზვერვის უწყებებმა წარსულში მრავალჯერ დაადანაშაულეს Huawei, როგორც პეკინის რეპრესიული რეჟიმის არასაიმედო წარმომადგენელი, თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა. ვაშინგტონის სანქცია, რომლის თანახმად, უნდა გამოირიცხოს ახალი თაობის უკაბელო ქსელებიდან Huawei-ს აღჭურვილობის გამოყენება, ფართოდ გავრცლებული მოსაზრებით, ევროპის ზოგიერთ ოპონენტ ქვეყანაზე ზემოქმედების საშუალებადაც განიხილება.

ვაშინგტონი აცხადებს, რომ ეს არის მხოლოდ ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემა და Huawei ისჯება ირანის მიმართ დაწესებული სანქციების გვერდის ავლისათვის.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მარტის დასაწყისში კანადის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაიწყო ჩინეთის ტექნოლოგიური გიგანტის, კორპორაცია Huawei-ს ვიცე-პრეზიდენტის, მენ ვანჟოუს, აშშ-ში ექსტრადიციის პროცესი.

მას ბრალი ედება ირანის მიმართ დაწესებული სანქციების რეჟიმის დარღვევასა და თაღლითობაში. Huawei-ს ვიცე-პრეზიდენტი, 47 წლის მენ ვანჟოუ, გასული წლის დეკემბერში ვანკუვერში დააპატიმრეს, აშშ-ის მოთხოვნის საფუძველზე.

Huawei-ს სახელმა, ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში, მალე ჩეხეთშიც გაიჟღერა.ამ დაპატიმრებამ მკვეთრად გააუარესა ჩინეთისა და კანადის ურთიერთობა. ჩინეთის ხელისუფლებამ შარშან დეკემბერში დააპატიმრა კანადის ორი მოქალაქე, ხოლო კიდევ ერთს 15- წლიანი პატიმრობა სიკვდილით დასჯით შეუცვალა.

როცა კიბერთავდასხმებზე, ნატოსთვის ერთ-ერთ მთავარ მუქარაზე, საუბრობდა, ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა ლიუბომირ მეტნარმა ახსენა ჩინეთის კომპანიები Huawei და ZTE, რომლებიც კომუნიკაციის ტექნიკას აწვდიან ბევრ ქვეყანას, მათ შორის ჩეხეთს, და რომლებიც მთავრობასთან არიან დაკავშირებული.

ჩინურ კომპანია Huawei-ს ხელმძღვანელობაში აცხადებდნენ, რომ ისინი ელიან კიდევ უფრო მეტ პრობლემებს და შემუშავებული აქვთ ერთგვარი სათადარიგო გადაცემა.

„ჩვენ მოვამზადეთ საკუთარი საოპერაციო სისტემა. და თუ მოხდება ისე, რომ ვეღარ შევძელით ამ სისტემებით (Android-ის) სარგებლობა, მაშინ ჩვენ უნდა ვიყოთ კარგად შეიარაღებულნი. ეს არის ჩვენი სათადარიგო გეგმა, მაგრამ, ცხადია, გვირჩევნია ვიმუშაოთ Google-სა და Microsoft-ის ეკოსისტემებზე“, - განაცხადა ჯერ კიდევ მარტში ბიზნესჯგუფ Huawei-ს გენერალურმა დირექტორმა რიჩარდ იუმ „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში.

არასასიამოვნო უკუეფექტი

აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტმა სამი თვის ვადით გაახანგრძლივა ბიზნესის წარმოების უფლება კორპორაცია Huawei-სთან, რაც 19 აგვისტომდე იმოქმედებს. შესაძლოა, რომ ეს გადავადება შემდგომშიც მოხდეს.

თეთრი სახლის მიერ დაწესებულ სანქციებს გლობალური სატელეკომუნიკაციო კომპანია Huawei-ს წინააღმდეგ ტალღისებური უკუეფექტი ექნება აშშ-ში, სადაც უამრავი კომპანია სარგებლობს Huawei-ს ტექნოლოგიებით, განსაკუთრებით ის კომპანიები, რომლებიც უშვებენ მიკროპროცესორებს სმარტფონების, კომპიუტერების, პლანშეტებისა და სხვადასხვა გაჯეტებისათვის.

ეს კომპანიებია: Micron Technologies, Qualcomm, Qorvo და Skyworks Solutions, რომლებმაც თავიანთ წლიურ ანგარიშებში Huawei დაასახელეს, როგორც ძირითადი კლიენტი.

Huawei-ს აღჭურვილობის გარეშე დარჩენა კიდევ უფრო დიდი პრობლემების წინაშე დააყენებს ჩიპების სექტორს, რომელსაც უკვე მიაყენა დარტყმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ტარიფების გაზრდამ ჩინეთის პროდუქციაზე.

ამ ვითარებაში აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტმა სამი თვის ვადით გაახანგრძლივა ბიზნესის წარმოების უფლება კორპორაცია Huawei-სთან, რაც 19 აგვისტომდე იმოქმედებს.

შესაძლოა, რომ ეს გადავადება შემდგომშიც მოხდეს განსაკუთრებით დაზარალებული ამერიკული კომპანიებისათვის. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და ნიდერლანდი კვლავ წინააღდეგი იქნებიან თუ არა, რომ საერთოდ შეწყვიტონ Huawei-ს აღჭურვილობის გამოყენება თავიანთ უკაბელო ქსელებში.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG