Accessibility links

იაკობ ნიკოლაძის ხმამაღლა ნამღერი


იაკობ ნიკოლაძე

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა მასპინძლობს იაკობ ნიკოლაძის 140 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას, რომელზედაც წარმოდგენილია მოქანდაკის ნამუშევრები, ფოტო, დოკუმენტური და მემორიალური მასალა. გამოფენის ფარგლებში გამოიცა წიგნი-ალბომი „იაკობ ნიკოლაძე 140“.

please wait

No media source currently available

0:00 0:12:12 0:00
Direct link

იაკობ ნიკოლაძის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნაზე მისულ დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ ენახათ როგორც დიდი მოქანდაკისნამუშევრები, ასევე მისი ცხოვრების ამსახველი მასალა ხელოვნების მუზეუმის, იაკობ ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის, საქართველოს ეროვნული არქივისა და კერძო კოლექციებიდან. დამთვალიერებელთა შორის იყო 78 წლის ქალბატონი სალომე, რომელიც მზერას არ აშორებდა ბრინჯაოში ჩამოსხმული ჩვილი ბავშვის სახეს:

იაკობ ნიკოლაძის შვილიშვილი სალომე
იაკობ ნიკოლაძის შვილიშვილი სალომე

„მე ვარ იაკობ ნიკოლაძის შვილიშვილი! ამ ქანდაკებას ხომ ხედავთ? ესეც მე ვარ 9 თვის ასაკში, იმიტომ ვდგავარ აქ! ნათესავებიდან ცოცხალი იაკობი მარტო მე მახსოვს. როგორი იყო? ნუ, როგორ გითხრათ, უბრალო ბაბუა იყო, როგორც ყველა, ისეთი“.

როგორც ბაბუა, იაკობ ნიკოლაძე შეიძლება მართლაც იყო ისეთი, როგორც ყველა, მაგრამ როგორც შემოქმედს, როგორც მოქანდაკესა და საქართველოში ხელოვნების ამ დარგის ფუძემდებელს, საქართველოში ვერავინ შეედრება. შემთხვევით არ იყო, რომ ჯერ კიდევ 1922 წელს „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალის“ პირველ ნომერში იაკობ ნიკოლაძე მოხსენებულია როგორც „ერთადერთი მოქანდაკე, მოწაფე როდენისა საფრანგეთში, ჩვენთვის კი არც მეტი და არც ნაკლები - პირდაპირ როდენი და მიქელანჯელოც, თუ გნებავთ. “გიორგი კალანდიაც, საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორი, ამბობს, რომ იაკობ ნიკოლაძე არის თანამედროვე ქართული ქანდაკების ფუძემდებელი, რადგანაც ნიკოლაძემდე, ანუ XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის დასაწყისამდე, საქართველოში მრგვალი ქანდაკების ტრადიცია არ არსებობდა.

„სივრცული ქანდაკება არ გვქონდა, იმიტომ რომ ამას ასე ადგენდა ჩვენი რელიგიური დოგმები, თუმცა იაკობ ნიკოლაძის ნიჭის ამ ამოფეთქვას საფუძველი ჩაუყარა სწორედ ფრესკებმა, ბარელიეფებმა, დაგროვილმა შემოქმედებითმა ნიჭმა. რა თქმა უნდა, დღევანდელი გადმოსახედიდან გულდასაწყვეტია, რომ წარსულის შესწავლისას ვერ ხედავ სივრცულ გამოსახულებებს, თუმცა ვფიქრობ, რომ ამის კომპენსაცია გააკეთა ნიკოლაძემ. იცით, რას ჰგავს ნიკოლაძის შემოქმედება? ერთდროულად, ვარდის ბუჩქი რომ იფეთქებს და აყვავილდება“, უთხრა გიორგი კალანდიამ რადიო თავისუფლებას.

სულ მახსოვდა, როდენის ნათქვამი: მე ვერ ვნახე ისეთი მოქანდაკე, რომელსაც გაეგო ჩემი პრინციპებიო. და აი, მე მინდოდა მეჩვენებინა, რომ გაგებული მქონდა...
იაკობ ნიკოლაძე

იაკობ ნიკოლაძის ღვაწლი სათანადოდ დაფასდა მოქანდაკის სიცოცხლეშივე. 1922 წლის 11 დეკემბერს ტფილისში გაიმართა საიუბილეო საღამო, რომლის მოსამზადებელი კომიტეტის მოწოდებაში ვკითხულობთ:

„ხელოვნების ყველა სფეროში კიდევ გვეგულებიან სახელები, ქანდაკებაში კი იაკობ ნიკოლაძე ერთადერთია, რომელიც 25 წელი მუნჯად ებრძოდა ქვას და მის სიღრმეში ეძებდა საქართველოს გენიის აღმოჩენას. იაკობ ნიკოლაძე მთელ საუკუნეთა ტვირთის მზიდველია, რადგან იგი გვაერთებს იმ შორეულ ქვის შემოქმედებასთან, რომლის ნაშთებითაც ქართული ტაძრები არიან მორთული. მან ერთმა შეინახა ქართული ქანდაკების კერაში ცეცხლი და ამით მან გმირული პერიოდი გამოიარა. იგი ქვით და მარმარილოთი ამტკიცებდა ქართული ინდივიდუალობის ფესვებს და დიდი მსხვერპლით ელოდა ქართული კულტურის ამაღლებას“.

იაკობ ნიკოლაძე დაიბადა 1876 წლის 29 მაისს ქუთაისში. იყო ივანე ნიკოლაძისა და ნატალია ბუტულაშვილის მეცამეტე შვილი. 1892 წელს, ქუთაისსა და ბათუმში საწყისი განათლების მიღების შემდეგ, მიემგზავრება მოსკოვში, სტროგანოვის სამხატვრო სასწავლებელში, სამი წლის შემდეგ გადადის ოდესის სამხატვრო სასწავლებლის ქანდაკების კლასში, საიდანაც 1899 წელს მიემგზავრება პარიზში, რაც ლოგიკურ არჩევანად მიაჩნია ეკა კიკნაძეს, ეროვნული მუზეუმის ეროვნული გალერეის მმართველსა და გამოფენის კურატორს.

ეკა კიკნაძე
ეკა კიკნაძე

„იაკობ ნიკოლაძე არის თერგდალეულთა იდეებზე გაზრდილი თაობის წარმომადგენელი, ამიტომ მისი გეზი არის ევროპა და იგი მიდის მრგვალი ქანდაკების შესასწავლად იმ სივრცეში, რომელმაც წარმოშვა მრგვალი ქანდაკება. მიემგზავრება პარიზში, შემდეგ იტალიაში, სადაც სწავლობს რენესანსულ ქანდაკებას და შემდეგ, 1905 წელს, მეორედ ჩადის პარიზში და ისრულებს ოცნებას, რომელიც მაშინ ჰქონდა პარიზში ჩასულ ათასობით მოქანდაკეს - როდენთან მუშაობას, და წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობს როდენის სახელოსნოში, მედონში“, უთხრა ეკა კიკნაძემ რადიო თავისუფლებას.

პარიზში მეორედ ჩასვლამდე იყო ფლორენციაში, სადაც იაკობ ნიკოლაძე მოიხიბლა მიქელანჯელოსა და დონატელოს შედევრებით. აი, რას წერს მოქანდაკე მაშინდელი შთაბეჭდილებების შესახებ მოგონებებში, რომელიც ჟურნალ „კავკასიონში“ გამოქვეყნდა 1924 წელს:

„ამ ორმა ოსტატმა, მიქელანჯელომ და დონატელომ, თითქო მხრებში მომკიდეს ხელი, თუ შეიძლება ასე ითქვას, და მიმაფრენდნენ თავიანთ გზაზე. მე, რასაკვირველია, ვიფიქრე, რომ ეს ორი ოსტატი ამწევენ და იმისთანა გზაზე გამაქანებენ, რომ შეიძლება მე დავკარგო ღონისძიება ჩემი ფეხით სიარულის... ვიფიქრე, სჯობია, მოვშორდე მიქელანჯელოს და დონატელოს და საკუთარ ფეხებზე დავდგე“.

სწორედ საკუთარ ფეხებზე დადგომის მიზნით მიდის იაკობ ნიკოლაძე როდენთან - უკვე აღიარებულ და ნომერ პირველ მოქანდაკესთან, რომელთანაც მუშაობის დაწყება და დიდი ხნით დარჩენა, ოსტატის ხასიათისა და მაღალი კონკურენციის გამო, ძალიან ძნელი იყო.მოგონებებში („ერთი წელიწადი როდენთან“) მოქანდაკე იხსენებსპირველ დავალებას - მარმარილოსგან უნდა გაეკეთებინა ნაწარმოები, რომელიც გამოხატავდა ორ პატარა ჩახუტებულ ბავშვს. წერს, შევწუხდიო, რადგან ბავშვებს ისეთი კუნთები აქვთ, რომ ამას თავისებური სპეციალური ცოდნა უნდაო. იეშმაკა, თქვა, რომ ვერ იშოვა ბაღში შესაბამისი ზომის მარმარილოს ნახერხი, მაგრამ იპოვნა იოანე ნათლისმცემლის შესაბამისი მარმარილო. როდენი მიუხვდა ეშმაკობას, თუმცა გაიღიმა და დათანხმდა. იაკობ ნიკოლაძე წერს:

„სულ მახსოვდა, როდენის ნათქვამი: მე ვერ ვნახე ისეთი მოქანდაკე, რომელსაც გაეგო ჩემი პრინციპებიო. და აი, მე მინდოდა მეჩვენებინა, რომ გაგებული მქონდა. გადავწყვიტე ისე გამეკეთებინა იოანე ნათლისმცემლის თავი, როგორც ამას გააკეთებდა როდენი, გუშინ რომ გაეკეთებინა. დავიწყე მუშაობა და 40 დღეში დავამთავრე. ვმუშაობდი როდენის ახალი პრინციპებით. ღრმა ადგილებს მე ვავსებდი. მარმარილოს ვტოვებდი, ასე რომ სინათლე და რეფლექსები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. თმაც დავტოვე ველურ მარმარილოს ზოგადი მოხაზულობით“.

"ჩრდილოეთის ასული"
"ჩრდილოეთის ასული"

როდენმა მოიწონა იაკობ ნიკოლაძის ნამუშევარი, 600 ფრანკი გადაუხადა და სამსახურში მიიღო. მოქანდაკე რამაზ გურგენიძე ამბობს, რომ იაკობ ნიკოლაძეს, როგორც მოქანადაკეს, ყველა მასალით შეეძლო მუშაობა, რაც ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილი ექსპონატებითაც დასტურდება:

„თიხით მუშაობდა, თაბაშირში ასხამდა და გადაჰქონდა მარმარილოში. არის ნამუშევრების ნაწილი, რომლებიც დღემდე თიხაში არის შემორჩენილი. აი, მაგალითად, ეს პორტრეტი, „უბისის ფრესკა“, იყო თიხაში და ახლახან გადაიტანეს თაბაშირში შვილიშვილმა გურამ ნიკოლაძემ და ლევან მჭედლიშვილმა. არის სხვა პორტრეტები ბრინჯაოში, მაგალითად, ექიმ თოფურიასი, რომელიც საფრანგეთშია ჩამოსხმული და ბრწყინვალე პორტრეტს წარმოადგენს“.

ასევე ბრწყინვალეა აკაკის პორტრეტი ოპერის ბაღში, ეგნატე ნინოშვილის ბიუსტი ეროვნული გალერეის გვერდით, მარმარილოში გამოთლილი „ჩრდილოეთის ასული“. იაკობ ნიკოლაძე თავადაც ამბობდა, ქანდაკებაში რამდენიმე ხელობის ცოდნაა საჭიროო: მუშაობა ქვაზე, ბრინჯაოს ჩამოსხმა, რკინის მოღუნვა და ჩონჩხის გაკეთება. და რადგან იცოდა, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ ამ დამხმარე ხელობის მცოდნე არავინ ეყოლებოდა, ყველაფერს თვითონ სწავლობდა. ასე ისწავლა მარმარილოსა და ქვაზე მუშაობა, ალებასტრიდან ჩამოსხმა და სხვა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვნად მიაჩნდა ქვაზე მუშაობის ცოდნა, რადგანაც:

„იმ კლდის ნატეხმა, რომელიც ხანდისხან წააგავს რომელიმე პირუტყვის ან ადამიანის სილუეტს, ჩაუნერგა ადამიანს ქანდაკების აზრი, რომ დაესრულებინა ის, რაც შემთხვევით წარმოშვა ბუნებამ. მაშასადამე, ქვას თვითონ შეუქმნია მოქანდაკე. ამიტომ საჭიროა მოქანდაკემ იცოდეს ქვაზე მუშაობა“.

იაკობ ნიკოლაძე როდენთან 15 თვე დარჩება, გააკეთებს სამ ქანდაკებას და საქართველოში დაბრუნდება 1908 წელს. როგორც ეკა კიკნაძე, ეროვნული გალერეის მმართველი და გამოფენის კურატორი, ამბობს, იაკობ ნიკოლაძე საქართველოში დაბრუნდა კონკრეტული მიზნით:

ქანდაკების ფაკულტეტს განაგებს მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძე. მეცადინეობა იყოფა სამ ნაწილად. მთავარი ნაწილი არის ძერწვა, შემდეგ ქვაზე მუშაობა და ყალიბის აღება. მეცადინეობა წარმოებს ყოველდღე დილით, ძერწვა წარმოებს ცოცხალი ნატურიდან...
ვახტანგ კოტეტიშვილი

„საქართველოში ბრუნდება მას შემდეგ, რაც შეიტყო ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შესახებ და მაშინვე უჩნდება სურვილი, რომ დადგას ილიას ძეგლი. ამის შესახებ მან შეატყობინა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანს, სამსონ ფირცხალავას. ჩამოვიდა და წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მოჰკიდა ხელი ამ საქმეს. ეს იყო დაკავშირებული დიდ ფინანსებთან. მთელ საქართველოში დაიგზავნა წერილები თხოვნით, ვის რამდენი შეეძლო, შეეწირა ამ საქმისათვის. ასე წარიმართა ექვსწლიანი პროცესი 1907 წლიდან1913 წლამდე, როცა საბოლოოდ გაიხსნა და ეკურთხა ილიას საფლავი მთაწმინდაზე. ეს არის არაჩვეულებრივი ისტორია ქართული საზოგადოებისა“.

ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის, ანუ „მწუხარე საქართველოს“, შესახებ იმთავითვე ბევრი მოსაზრება გამოითქვა. 1922 წელს, როცა იაკობ ნიკოლაძის შემოქმედებითი მოღვაწეობის 25 წლის იუბილე აღინიშნებოდა, ერთ-ერთ პერიოდულ გამოცემაში ნ. ზედგინიძე წერდა:

„ამ ძეგლს შენახული აქვს განსაზღვრული აზრი, განსაზღვრული იდეა: იგი საქართველოს ცხოვრების ერთი სამგლოვიარო ფურცელთაგანია. მემატიანე თითქო იქვე, უდაბურ მამადავითის მთაზე აგებულ სენაკში სწერს ქართლის ცხოვრების სისხლით სავსე სტრიქონებს, ხოლო მომავალ საუკუნეთათვის იგი ჩამოკვეთილია ჩვენი მაესტროს მიერ დამაფიქრებელ და ცრემლების მომგვრელ ‘მწუხარე საქართველოდ’“.

იაკობ ნიკოლაძის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად მიიჩნევა მე-12 საუკუნის ქართველი პოეტისა და მოაზროვნის, ჩახრუხაძის, პორტრეტი, რომელიც მოქანდაკემ 1944 წელს 65 წლის ასაკში შექმნა. გერონტი ქიქოძე 1946 წელს გამოცემულ წიგნში „ეტიუდები და პორტრეტები“ წერდა:

"ჩახრუხაძის პორტრეტი"
"ჩახრუხაძის პორტრეტი"

„ჩახრუხაძის პორტრეტი ამტკიცებს, რომ იაკობ ნიკოლაძე იმ ხელოვანთა რიცხვს უნდა ეკუთვნოდეს, რომლებიც შემოქმედებითს ენერგიას ინარჩუნებენ თავიანთი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე. იმისდა მიუხედავად, რომ თავისი გარეგნობით, ცოტა არ იყოს, გაცოცხლებულ ასურულ ბარელიეფს მოგვაგონებს, თავისი პიროვნებით და შემოქმედებით თანამედროვე თბილისის ორგანულ ნაწილს წარმოადგენს“.

ჩახრუხაძის პორტრეტზე მუშაობის პერიოდს იხსენებს გურამ ნიკოლაძე - მოქანდაკის შვილთაშვილი და იაკობ ნიკოლაძის ნამუშევრების კოლექციის მენეჯერი:

„მისი ქალიშვილი თეონა შევიდა სახელოსნოში და ხედავს, რომ იაკობი ძერწავდა ჩახრუხაძეს და სარკეში უყურებდა თავის თავს. რას შვები, შენ თავს აკეთებ, მამაო, ჰკითხა. არაო, უპასუხა, წვერს ვუყურებ, წვერსო, მაინტერესებს როგორ ლაგდებაო. პრინციპში, განზოგადებული პორტრეტი როცა არის, ანუ პორტრეტი არა კონკრეტული პიროვნებისა, ის, ასე თუ ისე, მაინც ავტორს ემსგავსება, მიუხედავად იმისა, მისი სურვილია ეს თუ არა. ასე რომ, უნებლიეთ შეიძლება იყოს ავტოპორტრეტი“.

იაკობ ნიკოლაძე იყო ასევე თავისი მხატვრული ნიჭის მასშტაბის პედაგოგი და ორგანიზატორი. ის იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი პირველი პროფესორი. აკადემიის დაარსების ორი წლის თავზე, 1924 წელს, ჟურნალ „დროშაში“ ვახტანგ კოტეტიშვილი წერდა:

„ქანდაკების ფაკულტეტს განაგებს მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძე. მეცადინეობა იყოფა სამ ნაწილად. მთავარი ნაწილი არის ძერწვა, შემდეგ ქვაზე მუშაობა და ყალიბის აღება. მეცადინეობა წარმოებს ყოველდღე დილით, ძერწვა წარმოებს ცოცხალი ნატურიდან“.

იაკობ ნიკოლაძე იყო ასევე ავტორი პირველი რესპუბლიკის სამფეროვანი სახელმწიფო დროშისა, რომელიც 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ მთელი სამოცდაათი წლით აიკრძალა. როგორც გურამ ნიკოლაძე ამბობს, ამ დროისთვის იაკობს უკვე გაკეთებული ჰქონდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას, ბიუსტი.

იაკობ ნიკოლაძის შვილთაშვილი გურამ ნიკოლაძე
იაკობ ნიკოლაძის შვილთაშვილი გურამ ნიკოლაძე

„შეიძინეს ქვა, რომელშიც უნდა გაეთალა ჟორდანიას ბიუსტი... არ ვიცი, დიდი ქვა იყო, შეიძლება ფიგურა უნდა გაეკეთებინა... ძნელი სათქმელია, მაგრამ ბიუსტს რომ მორჩა, ამ პერიოდს დაემთხვა საქართველოს დაპყრობა და გასაბჭოება. შესაბამისად, შეწყვიტა ნოე ჟორდანიას ქანდაკების კეთება, დარჩა მხოლოდ ბიუსტი. მოგვიანებით დაუკვეთეს ორი პორტრეტი, რომელიც ჟორდანიას მორჩენილი ქვიდან გათალა - ფილიპე მახარაძისა და საშა წულუკიძის პორტრეტები. მერე ხუმრობდა ხოლმე ამაზე, ერთი მენშევიკიდან ორი ბოლშევიკი გავაკეთეო“, უთხრა გურამ ნიკოლაძემ რადიო თავისუფლებას.

იაკობ ნიკოლაძემ ხანგრძლვი შემოქმედებითი ცხოვრების შემდეგ მდიდარი მემკვიდრეობა დატოვა, ქართული ქანდაკების სკოლისა და ლამის ყველა მასალაში გაცოცხლებული ნამუშევრების სახით. იაკობ ნიკოლაძემ შთამომავლებს ასევე უშურველად უანდერძა როდენისგან ნასწავლი შემოქმედებითი წარმატების ფორმულა, რომლის შესახებაც დიდი მოქანდაკე თავის მოგონებების წიგნში წერს:

„გააკეთე ისე, როგორც უყურებ, როგორც არის, მხოლოდ ვითომც უფრო მაღალი ხმით მღერი. მიაქციეთ ამას ხელოვანებმა ყურადღება. აქ არის უდიდესი პრინციპი ხელოვანის და ყველა ხელოვანმა უნდა იცოდეს ეს. ისე გააკეთე, როგორც არის, მხოლოდ უფრო ხმამაღლა იმღერე. ბუნება მღერის. ოსტატი გეუბნებათ: იგივე იმღერე, მაგრამ უფრო ხმამაღლა. ეს ისე მჭერმეტყველურად და ამოწურვით არის ნათქვამი, რომ ამაზე მეტს ვერას ვიტყვი“.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG