Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩემი თვალით დანახული თუშეთი


ავტორი: ილია აკობია

მინდა, თუშეთზე დავწერო ორიოდე სიტყვა, ხუთდღიან თავგადასავალზე, ალალ, მართალ დღეებზე, საოცარ შეგრძნებებზე, სტუმართმოყვარეობაზე, ხილულ და გაგონილ ამბებზე...

23 ივნისის დილაა, ალიონი. მაღვიძარა შეუბრალებლად რეკავს. თვალებს ვახელ, 07:30, ადგომის დროა, 8:00-ზე ისნის მეტროსთან ვიკრიბებით, იქიდან კი ჰაიდა თუშეთში.

წამოვდექი. ოთახში გამოვფრატუნდი. ჩანთა ჩალაგებულია. შორტი, მაისური, ,,ბასანოჩკები“ და ეგაა. 15 წუთში ისნის მეტროსთან ვარ, უკვე ალმური ასდის ქალაქს, მე კი მაგრა მიხარია, რომ ამ პაპანაქებას ერთი კვირით მოვწყდები.

ვხვდები ექსპედიციის წევრებს. ეს ჩვეულებრივი ლაშქრობა არაა, კონკრეტული პროექტის, სამეცნიერო/საკვლევი მივლინების ფარგლებში მივდივართ. ჩვენი მძღოლი - კახა თათრულაიძე, ალვანში მცხოვრები თუშია, ომალოში საოჯახო სასტუმრო აქვს, თავისივე მანქანით მივყავართ, მოკლედ. მანქანა კაი ფორმაშია, ნაღდი იაპონური „პრადო“, მარჯვენასაჭიანი, სამთო გზებისთვის ზედგამოჭრილი.

ჩავლაგდით, მოვეწყვეთ და დავიძარით.

მძღოლი თავისას გვიყვება, ჩვენ ჩვენსას ვუზიარებთ. უკვე ყარაჯალაში ვართ. შორს, ცის დასალიერში, თოვლიანი მთები ჩანს, მძღოლი ხელს იშვერს და გვეუბნება, რომ ის მთები უნდა გადავიაროთ, ხეობაში დავეშვათ, ვიაროთ, ვიაროთ და მერე ომალოც გამოჩნდება. თუშეთის ექსტრემალურ და სახიფათო გზებზე მხოლოდ ფეისბუქიდან მსმენია, მეშინია, მარა თავს არ ვუტყდები. არადა, შიში ოხერია, შიშზე ბუნებრივი რაღა უნდა იყოს.

ყარაჯალაში ვჩერდებით, გვშია. დავსხედით. ერთხმად გადაწყდა, რომ ბოზბაში გვეჭამა. მოიტანეს, მარა რა მოიტანეს - ამხელა მათლაფა ერთ კაცზე, ჩემს დღეში არ მენახა. შევუდექით ჭამას, მარა ვერ ვერევით, ერთის გარდა ყველამ დავტოვეთ, ერთმა კი ნამდვილი გმირობა ჩაიდინა, პირწმინდად მოასუფთავა თავისი ულუფა, ცოტა სხვისგანაც დაიმატა და გემრიელად მიირთვა.

დავიძარით. გავცდით ყარაჯალას, ალვანს... დაიწყო. პირველი დაგრეხილი მოსახვევი, მტვრიანი გზა და ცას შეკიდული აღმართები.

ამ გზებზე ჩქარა სიარული წარმოუდგენელია. 30-40 კმ/სთ მაქსიმუმ, ზოგან ისე ვიწროვდება, გგონია, რომ შემხვედრ მანქანას ვეღარ აუქცევ, ერთ მხარეს მთაა, მეორე მხარეს - კაი უძირო ქარაფი. შიშმა გაიარა, სხვა ტალღაზე ვარ, ადრენალინი და ცნობისმოყვარეობისგან დაჭყეტილი, გაოგნებული თვალები. ხედები, ხედები, ენით აუწერელი ლანდშაფტები...

სულ ზევით-ზევით მივიწევთ. აცივდა, ყურები მიბჟუის, ნისლსა და წვიმაში იძირება ყველაფერი. სადღაც გავჩერდით, GPS 2970 მეტრს უჩვენებს ზღვის დონიდან, გადმოვდივარ, თოვლია გარშემო, ქარი და ნისლი. ისე მაგრა ცივა, ძვალსა და რბილში ატანს. ორიოდე სურათის გადაღება მინდა, მაგარამ გადავიფიქრე და შევიძურწე მანქანაში. ესაა ლეგენდარული აბანოს უღელტეხილი, უფრო სწორად, უღელტეხილის პიკი, აქედან კი დაბლა უნდა დავეშვათ, ხეობა ნისლში ჩაძირული თვლემს.

უშნოდ დაკლაკნილი გზა ვიწრო ხეობაში იკარგება. მივდივართ. გაყინული თოვლისგან დერეფანია გაჭრილი, დაუჯერებელი სურათები ენაცვლებიან ერთმანეთს.

მგონია, რომ ეს დაგრეხილი ხეობა აღარ დამთავრდება, თითქოს მომბეზრდა ეს რუტინული ჯაყჯაყი. გავივაკეთ, სიმწვანე და დიდი მინდორი გამოჩნდა, გარშემო მწვანედ აბიბინებული ქედები, აშოლტილი, უზარმაზარი ფიჭვები და დაწინწკლული არყის ხეები. წარმოუდგენლად დიდი სივრცე გადაიშალა, კოშკები და ქედებზე შეკოკოლავებული სახლები გამოჩნდა...

ომალო!

დავბინავდით. ცხელი წვნიანი გუფთა და ჭაჭის არაყი დაგვიდგა მასპინძელმა. სამ-სამი გადავკარით, ცხელი ყავა მივაყოლეთ და ეგაა, გემრიელი ზარხოშიც გამოგვივიდა. პატარა, ერთი წლის გოგონა ჰყავს მასპინძელს, ლურჯი, ლურჯი თვალები აქვს, ქერა თმა და პაჭუა ცხვირი, საოცარი ვინმეა, გაუჩერებლად ტიკტიკებს, ყვება მთისას და ბარისას.

დილიდან ტყეში გავდივართ. ხელუხლებელი, ბუნებრივი ტყეებია, უზარმაზარი ფიჭვებით, მომცრო არყებით, ფერადი ყვავილებითა და ნაირ-ნაირი ბალახებით.

ორი დღე ომალოს გარშემო ხეტიალს მოვანდომეთ, მესამე დღეს გომეწრის ხეობას დავადექით. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გომეწარზე ლამაზი ხეობა მართლა არ მინხავს ჯერ. ამ პატარა სოფლებით, ციხე-კოშკებით, მდინარეებით, ტყეებით, საძოვრებითა და სავარგულებით - დაუჯერებლი, საოცარი ლანდშაფტია, საშიში, მკაცრი და, ამვდროულად, წარმოუდგენლად წარმტაცი და მიმზიდველი.

გავცდით ბოჭორნას, ჯვარბოსელს, ბეღელას... შორს, ხეობის დასალიერში მოჩანს წოვათა, ბოლო სოფელი, თუმცა სამანქანო გზა აღარაა, დროში კი შეზღუდულები ვართ, ფეხით დალაშქვრის ფუფუნება არა გვაქ.

წამოსვლის წინა დღეს, მეორე ხეობას დავადექით - პირიქითა ხეობას. დიკლო, დართლო და ჭეშოა გეგმაში.

უკვე ისე ვარ, რომ ვეღარც ვარჩევ რომელი სჯობს, უბრალოდ თვალებდაჭყეტილი შევყურებ ამ ყველაფერს, ვცდილობ აღვიქვა ეს სილამაზე, ჯერაც შეურყვნელი და ნამდვილი, ცოცხალი და მფეთქავი ბუნება...

მდინარის პირას ჩავიმუხლეთ საჭმელად. უცხოელი ტურისტების ოჯახი შემოგვხვდა. დედა, მამა და ორი პატარა. ფეხით მოდიან, საპალნე ცხენს გიდი მიუძღვის წინ, ხუთიოდე წლის ბიჭუნა კი ყოჩაღად მოაბიჯებს. მეორე, ალბათ 2 წლამდე პატარა, მამას ჰყავს ზურგზე ჩანთით მოკიდებული, ზის თავისთვის, აცეცებს ცნობისმოყვარე თვალებს და იღიმის. წყაროსთან ჩერდებიან, ქუდები დაასველეს, პატრასაც მოხადეს პატარა კეპი, წყალი შეასხეს, დასველებული ქუდი ჩამოაფხატეს და გაუყვნენ გზას.

ვახ, მინდა წარმოვიდგინო და გავიაზრო თუ რა მაგარი წყვილია, რა მაგარი ოჯახი, როგორ უყვართ სიცოცხლე, აი ასე, პატარა ბავშვებით, მკაცრ და გადაკარგულ მხარეში, მხოლოდ ბუნების, ლაშქრობისა და ხეტიალის წყურვილით, ენთუზიაზმითა და სიყვარულით დააბიჯებენ ამ სიცხეში, გრძელ, მტვრიან, ქვიან და სახიფათო გზებზე...

საღამოს ისევ ომალო. გადასარევი ხინკალი, ბევრი ლუდი და არაყი...

მზიანი დილა. ნაბახუსევი სახეები და გრძელი გზა თბილისისკენ...

ვემშვიდობები თუშეთს...

ვუბრუნდები თაბაშირ-მუყაოს კედლებს, კლავიატურაზე ჩხაკუნს და მონიტორზე დაყენებული ოკეანის უსიცოცხლო პეიზაჟს...

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG