Accessibility links

სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შემოსავლების ზრდისთვის, სერვისებზე ხელმისაწვდომობისთვის, ახალგაზრდებისა და მოწყვლადი ჯგუფების უნარ–ჩვევების განვითარებისა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სწორად მართვისთვის საქართველოს მთავრობამ 2017–2020 წლებისთვის სპეციალური სტრატეგია შეიმუშავა. სოფლის განვითარების ეროვნული სტრატეგიის 66-გვერდიანი დოკუმენტი ძირითადად საქსტატის მონაცემების ანალიზს ეთმობა და მასში აღწერილია როგორც ქვეყნის სტატისტიკა, 2015 წლის მდგომარეობით, ასევე ის მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლებიც მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს თანამედროვე სოფლის შესაქმნელად.

აგრარული, ტურისტული, ჯანდაცვის, განათლებისა და სხვა მიმართულების პროექტები სოფლის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში უნდა განხორციელდეს ქვეყნის მოსახლეობის 42,8 %–ისთვის, რადგან, დოკუმენტის მიხედვით, სწორედ მოსახლეობის ეს ნაწილი ცხოვრობს საქართველოს სოფლებში. სტატისტიკური მონაცემებით, დასაქმებული მოქალაქეების თითქმის ნახევარი სოფლის მეურნეობის დარგში საქმიანობს, მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი კი 9,1 %– ია. ამასთან, ბოლო მონაცემებით, 2002 წელთან შედარებით, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის რიცხოვნობა 24 %–ითაა შემცირებული.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს იმერეთის რეგიონალური სამმართველოს ხელმძღვანელის, რუსუდან ძიძიშვილის, განცხადებით, სტრატეგიის ეფექტიანი განხორციელებისთვის სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლებისგან უკვე შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო. ამასთან, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადგილობრივი წარმომადგენლები ხელს უწყობენ სოფლის მოსახლეობას მონაწილეობა მიიღონ ყველა იმ პროექტში, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად მიმდინარეობს და სტრატეგიის მოქმედების პერიოდშიც გრძელდება.

რუსუდან ძიძიშვილისავე განცხადებით, საქართველოს სოფლის განვითარების ეროვნული სტრატეგიის თანახმად, ხელი უნდა შეეწყოს სოფლად სოციალურ–ეკონომიკურ აქტივობას და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას, რადგან სოფლის განვითარების სტრატეგია სოფლის მეურნეობის განვითარებასთან ერთად ტურიზმის, მომსახურების სფეროებისა და სხვა მიმართულებების განვითარებას გულისხმობს.

რეგიონალური არასამთავრობო ორგანიზაცია „ჭიათურელთა კავშირის“ ხელმძღვანელის, შოთა გაფრინდაშვილის, შეფასებით, აუცილებელია სოფლის განვითარების სტრატეგიის განხორციელებისას თითოეული სოფლის საჭიროებები იქნეს გათვალისწინებული. შოთა გაფრინდაშვილს მაგალითად ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლების პრობლემები მოჰყავს.

სოფლების დაცლის მიზეზად უმუშევრობას ასახელებს ეკომიგრანტი ვლადიმერ მამულაძე, რომელიც მაღალმთიანი აჭარიდან 1989 წელს გადასახლდა ხონის მუნიციპალიტეტში. მისი ინფორმაციით, იმერეთში ჩამოსახლებული სამასი კომლიდან სოფელში 90-მდე შემორჩა. ვლადიმერ მამულაძეს სოფლის განვითარებისთვის მნიშვნელოვნად მიაჩნია სოფლის მეურნეობის დარგების განვითარება.

სოფლების განვითარების ერთ-ერთ საფუძვლად ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის უფლებამოსილების გაზრდას და მათთვის თანხის საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგვის უფლების მინიჭებას მიიჩნევს ხარაგაულელი ფერმერი მურმან არჯევანიძე.

სოფლის განვითარების სტრატეგიის მიხედვით, საკოორდინაციო საბჭო აქტიურად ითანამშრომლებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან, კერძო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან. იმერეთის მხარის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ დოკუმენტი სამინისტროსგან უკვე მიიღეს, თუმცა მის აღსრულებაში სახელმწიფო რწმუნებულის/გუბერნატორის ადმინისტრაციის როლი მინიმალურია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG