Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იმერეთში ზარალის აღწერის შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი


16 ოქტომბრის წყალდიდობა ქუთაისში
16 ოქტომბრის წყალდიდობა ქუთაისში

იმერეთის მუნიციპალიტეტებში დაიწყო სტიქიისგან მიყენებული ზარალის აღწერა. 16 ოქტომბერს მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება და წყალმოვარდნები გამოიწვია. დაზიანდა კერძო საცხოვრებელი სახლები და სახელმწიფოს კუთვნილი შენობები, გზები, ხიდები და სხვა ინფარსტრუქტურა. დაიტბორა საკარმიდამო და სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები. უხვი ნალექის გამო განვითარდა მეწყრული პროცესებიც.

სტიქიის შედეგები იმერეთში

  • სტიქიამ განსაკუთრებით დააზარალა სამტრედიის, ბაღდათის, ხონისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტები
  • მეწყერსაშიში ზონებია საჩხერის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების სოფლებში
  • მეწყრული პროცესები განვითარდა ქალაქ ქუთაისში

იმერეთის გუბერნატორის, გივი ჭიჭინაძის, ინფორმაციით, ამ დრომდე ვერ ხერხდება მდინარე ჩხერიმელის ადიდების შედეგად ჩაქცეული საავტომობილო გზის აღდგენა, რის გამოც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშესთან მისასვლელი ცენტრალური სააგტომობილო გზა პარალიზებულია და სოფლის მოსახლეობას შემოვლით უწევს მუნიციპალურ ცენტრამდე მისვლა:

„რთული სიტუაციაა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშესთან მისასვლელ გზაზე. ძალზეა ადიდებული მდინარე ჩხერიმელა, კრიტიკული სიტუაციაა და არ შეიძლება გზის ფუნქციონირება. ჩაქცეულია და მდინარეს აქვს წაღებული მიწა და გზის სავალი ნაწილი. საგზაო დეპარტამენტი ყურადღებას აქცევს. ასავლელი გზა არსებობს და სოფელი არ არის მოწყვეტილი რაიონულ ცენტრს“.

იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ დაწყებულია ვითარების შესწავლა და მუშაობს სპეციალური ტექნიკაც, თუმცა ჯერჯერობით არ იციან, რა დრო დასჭირდება გზის აღდგენას. იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დავით გორდელაძის, ინფორმაციით, სტიქიამ განსაკუთრებით დააზარალა სამტრედიის, ბაღდათის, ხონისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტები.ზესტაფონის რაიონის სოფელ ოფეთში მეწყრის შედეგად დაზიანდა ერთი საცხოვრებელი სახლი, გაზის მილები და გზა ჩაიხერგა. მეწყერსაშიში ზონებია საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ბაჯითსა და საირხეში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ II სვირში, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმურში და ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთის გზაზე. ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათში დაიტბორა ამბულატორია და საბავშვო ბაღი. ზესტაფონის რაიონის სოფელ შორაპანში დაზიანდა გზის მონაკვეთი. გზაზე მეწყერი ჩამოწვა სოფელ ბოსლევშიც:

„მობილიზებულნი არიან მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები, ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილია საგანგებო შტაბი. მიმდინარეობს მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის დათვლა და ყველა მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს დაზარალებული მოსახლეობისთვის დახმარების გაწევას. გამოდარებისთანავე დაიწყება სოფლებში ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციის სამუშაოები“, – აცხადებს დავით გორდელაძე.

მეწყრული პროცესები განვითარდა ქალაქ ქუთაისშიც. მწვანეყვავილას ქუჩის 94-ტ ნომერში მდებარე კერძო საცხოვრებელი სახლის ეზო მთლიანად აივსო ქვა-ღორღითა და მიწით. როგორც სახლის მეპატრონე გენადი ჭიჭინაძე ამბობს, სპეციალურმა კომისიამ ზარალი უკვე აღწერა, თუმცა ეზოს გაწმენდა თავისი ძალით უწევს:

სტიქიის შედეგები ქუთაისში
სტიქიის შედეგები ქუთაისში

„დილის 10 საათი იყო, რომ მოვარდა წყალი და მანქანაც ძლვს გამოვიყვანეთ. დაზიანებულია ყველაფერი - ბუნებრივი აირის, წყლის, კანალიზაციის მილები. იყვნენ, აღწერეს ზარალი, მაგრამ შედეგი არაფერია“.

ქუთაისის მერიას დაქვემდებარებული კომპანია “სპეციალური სერვისების“ ინფორმაციით, 16 ოქტომბერს მოსული უხვი ნალექის შედეგად ქალაქში მეწყერი რამდენიმე ადგილას ჩამოწვა და საკარმიდამო ნაკვეთებს და საავტომობილო გზებს უახლოეს სამ დღეში გაწმენდენ. კომპანიის წარმომადგენლის, არჩილ ჭავჭანიძის, განცხადებით, სპეციალური ტექნიკით უკვე იწმინდება გელათის ქუჩაზე დამეწყრილი ადგილი:

„გელათის ქუჩის ერთ მონაკვეთზე ჩამოწვა დიდი რაოდენობით მეწყერი. მობილიზებული გვყავს მძიმე ტექნიკა, მუშახელი და ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მალე მოვახდინოთ ამ პრობლემის ლიკვიდაცია. საბედნიეროდ, არავინ დაზარალებულა“.

16 ოქტომბრის წყალდიდობა ქუთაისში
16 ოქტომბრის წყალდიდობა ქუთაისში

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, სასწავლო პროცესი განახლდა იმ სკოლებში, საიდანაც 16 ოქტომბერს მდინარე ოღასკურის ადიდების გამო აუცილებელი გახდა მოსწავლეებისა და პედაგოგების ევაკუაცია. იწმინდება 32-ე, 34-ე და 35-ე სკოლების ეზოები და ტერიტორიიდან გააქვთ მდინარის მიერ მოტანილი შლამი, ტალახი და ქვა-ღორღი. 34-ე საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ხვადაგიანი ამბობს, რომ სტიქიამ სკოლის ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დააზარალა:

„შუქი არა გვაქვს. დგინდება, რომ უნდა იყოს გაფუჭებული მიწისქვეშა კომუნიკაცია და თუ ჩვენს ძალებს აღემატება, მაშინ დაგვჭირდება დახმარება კაბელის აღსადგენად. საერთოდ, ნებისმიერი წვიმის დროს დგება ეზოში წყალი, იმიტომ რომ ღვარსადენები ამოვსებულია და აქ იყო საშინელება. სკოლის წინ ასფალტის საფარი მთლიანად აიყარა და თუ იქნება საშუალება, რომ აღდგეს, მშობლებიც იმედიანად იქნებიან“.

სტიქიის შედეგები ქუთაისში
სტიქიის შედეგები ქუთაისში

ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას, განცხადებით, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, თუ რა ზარალი მიაყენა სტიქიამ ქალაქს და შესაბამისად მოხდება საჯარო თუ კერძო სტრუქტურებისა და მოსახლეობის დახმარება:

„მიეცა დავალება ორ სამსახურს - საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების და ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურებს. ინფრასტრუქტურის სამსახური ითვლის საჯარო ინფრასტრუქტურისთვის მიყენებულ ზიანს, მათ შორის, გზებს, საყრდენ კედლებს, სკოლებს და ა.შ., საბინაო სამსახური კი აღწერს კერძო ქონებისთვის მიყენებულ ზარალს, რადგან ასობით ოჯახში შევიდა წყალი. ზოგი პრობლემა მოგვარდა წყლის ამოტუმბვით, მაგრამ ზოგან ადამიანებს ნულოვან სართულზე საცხოვრებელი ჰქონდათ და ზიანი მიადგათ, ამიტომ ამ ყველაფრის დასურათება, მომართვიანობა მიმდინარეობს და ეს შეიკრიბება. ალბათ, 2-3 დღე დასჭირდება შეჯამებას“.

სტიქიის გამო შეწყვეტილი მუშაობა 18 ოქტომბერს განაახლა ქუთაისის იუსტიციის სახლმა, რომლის პირველი სართული 16 ოქტომბერს დაიტბორა კალაპოტიდან მდინარე ოღასკურის გადმოსვლის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG