Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში ინდმეწარმეებმა საპროტესტო აქცია გამართეს


ინდმეწარმეების აქცია ზუგდიდში
ინდმეწარმეების აქცია ზუგდიდში
ზუგდიდში, კედიას ქუჩაზე, ამ დროისთვის ყველა მაღაზია დაკეტილია. ეს გადაწყვეტილება მოვაჭრეებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც შემოსავლების სამსახურმა ამ ქუჩაზე რამდენიმე ობიექტის შემოწმება დაიწყო.

მოვაჭრეების თქმით, ზუგდიდის ბაზარში და მიმდებარე ტერიტორიაზე 10-მდე მაღაზია დაილუქა უკანონოდ. სწორედ ამიტომ მათ, დალუქული ობიექტების მეპატრონეთა მიმართ სოლიდარობის ნიშნად, საკუთარი მაღაზიებიც დაკეტეს.

მოვაჭრეებმა, მაღაზიების დალუქვის შეწყვეტის მოთხოვნით, ამ დილით საპროტესტო აქცია გამართეს.

„გამოვედით და მხარდაჭერას ვუცხადებთ მაღაზიებს, რადგან ხვალ და ზეგ 10–20 მაღაზიას, ალბათ, კიდევ დალუქავენ“;

„დღესდღეობით მე მარტო გაფრთხილება მივიღე, მაგრამ ხომ ხედავთ, ყველგან დაკეტლია მაღაზია. მე საგადასახადო სამსახურის უფროსს ვთხოვ, რომ თვითონ ჩამოვიდეს და ნახოს, რა დღეშია ხალხი“;

„2010 წლის ბრძანება მოაქვთ და გვეუბნებიან, ეს თბილისიდან არის ნაბრძანებიო. შედით ამ მაღაზიაში და დალუქეთო“, – ამბობენ მოვაჭრეები.

რადიო თვისუფლებას შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა განუცხადა, რომ მათ სამსახურს ზუგდიდში მაღაზიები არ დაულუქავს და მხოლოდ ორ ობიექტში აწარმოებს ინვენტარიზაციას.

„რისკ-პროგრამამ ამოაგდო ორ მაღაზიაში რისკის ფაქტორი და მიდის შემოწმება. არც ეს ორი მაღაზია არ არის დალუქული. მიმდინარეობს ინვენტარიზაცია. რაც შეეხება დანარჩენ მაღაზიებს, იქ საერთოდ არ აწარმოებს შემოსავლების სამსახური არანაირ მოკვლევას. ჩვენ მაღაზიებს მაღალი რისკის გამო ვამოწმებთ, საშუალო და დაბალი რისკის გამო არა“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

რაც შეეხება მაღაზიების დალუქვის შესახებ ბრძანებას, რომელიც, მოვაჭრეების თქმით, გუშინ, 5 მარტს, მიიღეს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებისგან, მოისწრაფიშვილი აცხადებს, რომ მისი უწყებიდან არც ერთ ინდმეწარმეს ბრძანება არ მისვლია:

„ჩვენგან ბრძანების ფურცლით მაღაზიაში არავინ მისულა. არ ვიცი, რა ბრძანებაა. ეს უკვე სცილდება ჩვენი სამსახურის კომპეტენციას და, ალბათ, გამოძიების თემაა. არ ვიცი, ვერ გეტყვით. 2009 წელს ამ კონკრეტულ ქუჩაზე ნამდვილად დაილუქა მაღაზიები. დაახლოებით 26 მაღაზია. ჩემი პირადი მოსაზრებაა, შესაძლოა მათ ჰქონდეთ შიში, რომ იგივე განმეორდება ახლაც. არანაირი ასეთი ბრძანება არ არსებობს“.

ინდმეწარმეთა აქციის გამართვიდან რამდენიმე საათში შემოსავლების სამსახურმა ვებგვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შესახებ გამოცემული ორი ბრძანების საფუძველზე, ინდმეწარმე „დავით ჭითანავასა“ და ინდმეწარმე „ციცა კუხალეიშვილის“ ობიექტები, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნით, მხოლოდ არასამუშაო დროს - ღამის საათებში -დაილუქა. დილიდან ობიექტები გაიხსნა და გადამხდელებს სამუშაო პროცესში ხელი არ შეშლიათ. განცხადებაში ნათქვამია, რომ შემოსავლების სამსახური კანონით მისთვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას არ დაუშვებს ბიზნესის შეფერხებას.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, მონიტორინგის დეპარტამენტი ინვენტარიზაციას, რისკების პროგრამის მიხედვით, მაღალი რისკის გამოვლენის შემთხვევაში ახორციელებს. რისკების დამუშავება და ანალიზი თითოეული გადამხდელის მიმართ ინდივიდუალურად ხორციელდება და, შესაბამისად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შესახებ ბრძანებაც ინდივიდუალურად იწერება და ბარდება გადამხდელს.
XS
SM
MD
LG