Accessibility links

ინდოელი ტურისტის მწვავე ბრალდებები და ტურისტული საქართველო


თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

32 წლის ინდოელი ტურისტი ქალი, რომელიც, მისი თქმით, თბილისში ტურისტული მიზნით ჩამოვიდა, საქართველოს სახელმწიფოს ღირსების შემლახველ, არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. 25 ივნისს ხუშბუ კაუშალი 9 საათის განმავლობაში იმყოფებოდა თბილისში, თუმცა საიმიგრაციო სამსახურმა მას აეროპორტის ტერიტორიის დატოვების საშუალება არ მისცა და იქიდანვე გააბრუნა სამშობლოში. შს სამინისტრო მომხდარს განიხილავს ფაქტად, რომელიც ჯდება კანონის ფარგლებში და ჯერჯერობით გამოძიების დაწყებას არ ჩქარობს. უფლებადამცველები და ექსპერტები კი ფიქრობენ, რომ ფაქტი აუცილებლად გამოსაძიებელია, მით უმეტეს, რომ ინდოეთის მოქალაქე მას რასისტულ მიდგომებთან აკავშირებს. ექსპერტების აზით, ეს ფაქტი საზიანოდ მოქმედებს საქართველოს იმიჯზე და ზიანს აყენებს ასევე ტურისტების მოზიდვის მიზანს.

9 საათს, რომელიც საქართველოში გაატარა, ხუშბუ კაუშალი თავისი ტურისტული გამოცდილების ყველაზე „საშინელ“ ისტორიად მიიჩნევს და სამშობლოში უკან გაბრუნებაზე მეტად ახლა ის ემოციები აწუხებს, რომლებიც მას, როგორც თავად ამბობს, საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლების დამოკიდებულებამ დაუტოვა. რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამა „ეხო კავკაზასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ხუშბუ კაუშალი განმარტავს, რომ ელექტრონულ ვიზასთან ერთად მან მესაზღვრე-კონტროლიორებს ყველა სხვა საჭირო დოკუმენტი აჩვენა, უკან დასაბრუნებელი ბილეთის ჩათვლით, მაგრამ მას არ დაუჯერეს, სამშობლოში დაბრუნებამდე კი გაუსაძლის პირობებში ამყოფეს და თანაც ისე, რომ არაფერი აუხსნეს:

„ვცდილობდი გამეგო, რატომ მაბრუნებდნენ უკან, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა მე ამ შეკითხვას ვსვამდი, მიყვიროდნენ და მიმითითებდნენ, რომ კუთხეში ვმჯდარიყავი... არ მქონდა დასალევი წყალი, შიმშილის გრძნობა მაწუხებდა, თავი მტკიოდა გაუწყლოვანებისგან და სხეული მტკიოდა დაღლილობისგან . ყოველ ჯერზე, როცა წყალს ვითხოვდი, მეუბნებოდნენ, რომ იქნება, მაგრამ არაფერიც არ იყო... ძალიან ბევრი ხვეწნის შემდეგ, ჩემი იქ ყოფნიდან 7 საათის შემდეგ (შუა ღამის 12 საათზე) საიმიგრაციო სამსახურის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მომცა ნება, რომ მეყიდა საჭმელი და წყალი“.

საქართველოში გატარებული რამდენიმე საათის განმავლობაში თავისი საშინელი განცდების შესახებ მან სოციალურ ქსელ ფეისბუქშიც დაწერა და იქვე ივარაუდა, რომ მომხდარი საქართველოში ინდოელების მიმართ არაკეთილგანწყობილ დამოკიდებულებაზე მეტყველებს და რომ ბევრ ინდოელს არ უშვებენ საქართველოში.

„2017 წლის ივნისში საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ინდოეთის 6517-მა მოქალაქემ გადმოკვეთა“, - იტყობინება 4 ივლისს გამოქვეყნებულ წერილში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და შემაშფოთებლად სულაც არ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს რიგ შემთხვევებში უფლება არ ეძლევათ შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე:

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას, მესაზღვრე-კონტროლიორს გააჩნია კანონით მინიჭებული უფლება, უარი უთხრას უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში შემოსვლაზე, როდესაც მოქალაქე არ იძლევა დამაჯერებელ პასუხებს ინტერვიურების დროს ან უფლებამოსილ პირს აძლევს ყალბ ინფორმაციას მგზავრობის მიზნის შესახებ.

სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში მოქალაქეების შემოწმება ხდება მსოფლიოში დამკვიდრებული, საყოველთაოდ აღიარებული მეთოდების გამოყენებით. იგივე პროცედურები უტარდებათ საქართველოს მოქალაქეებს სხვა ქვეყნების საზღვრების კვეთის დროს“.

ტურისტები თბილისში
ტურისტები თბილისში

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს შს სამინისტროში, ინდოეთის მოქალაქე ხუშბუ კაუშალის მიერ გახმაურებულ ბრალდებებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე გამოძიება არ არის დაწყებული, თუმცა ამ დროისთვის გავრცელებულ ინფორმაციას უფლებადამცველები საკმარის საფუძვლად მიიჩნევენ იმისათვის, რომ გამოძიება დაიწყოს. როგორც „ადამიანის უფლებების ადვოკატირებისა და დემოკრატიის ფონდის“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ნინო ელბაქიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, საქმე აუცილებლად არის გამოსაძიებელი, მით უმეტეს, რომ ფაქტს რასისტული მოპყრობის ეჭვებიც უკავშირდება:

„ეს არის ჩვეულებრივი სტანდარტი, რომ მესაზღვრემ შინაგანი რწმენით და იმ დოკუმენტების საფუძველზე, რასაც ქვეყანაში შემომსვლელი წარმოადგენს, შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ქვეყანაში არშემოშვების შესახებ, მაგრამ ეს უნდა იყოს დასაბუთებული... ის მოპყრობა, რაც ამ ადამიანის განცხადებებშია აღწერილი, ყოველგვარ ზღვარს სცილდება... 7 საათის განმავლობაში კვების გარეშე იყო ეს ადამიანი, წყლის გარეშე, კუთხეში ჰყავდათ, ცუდად ექცეოდნენ, არ განუმარტავდნენ არაფერს - ეს ხომ დაახლოებით თავისუფლების აღკვეთას უტოლდება, მას ხომ შეეზღუდა გადაადგილება?! ეს ყველაფერი ძალიან ცუდად აისახება საქართველოს იმიჯსა და რეპუტაციაზე“.

საქართველოს იმიჯის დაზარალებაზე ლაპარაკობს რადიო თავისუფლებასთან „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერიც. ის ფიქრობს, რომ ინტერნეტისა და სოციალური ქსელების ეპოქაში ასეთი ფაქტები სწრაფად ხმაურდება და საქართველოთი დაინტერესებული ტურისტების დაფრთხობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეუძლია:

„რამდენადაც ვიცი, ვიზების აღება ელექტრონული წესით არის შესაძლებელი... თუ არ გინდა, რომ შემოვიდეს ქვეყანაში, ნუ მისცემ ვიზას და თუკი აღებული აქვს ვიზა, იმის არშემოშვება ძალიან უხერხულია... საქართველო ატყობინებს მსოფლიოს, რომ ჩვენი განმასხვავებელი ნიშანი, რომლითაც ვამაყობთ და რითიც შეგვიძლია ტურისტების მოზიდვა, ეს არის ის, რომ ვიყოთ თავისუფალი ქვეყანა... ამ იმიჯის დაკარგვა, რომ ჩვენთან ადვილია ჩამოსვლა და ყველას ვეპატიჟებით, არის ძალიან ცუდი ტონი... ჩვენ ხომ არ მოგვწონს, ასე რომ გვექცევიან?!“

მართალია, ბუნდოვანი მიზეზებით ტურისტების უკან გაბრუნება მხოლოდ საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი და ამ მხრივ ბევრი ადამიანი, მაგალითად, ისრაელსაც უჩივის, მაგრამ, გია ჯანდიერის თქმით, საქართველოს ისრაელის ტურისტულ სტატისტიკამდე ძალიან დიდი გზა აშორებს და ამიტომ უფრო დიდი სიფრთხილე და წინდახედულობა მოეთხოვება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG