Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შუალედური არჩევნები: ორი ერთის ნაცვლად


საქართველოს პარლამენტი განიხილავს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებას, რომლის მიღების შემთხვევაში, მაჟორიტარი დეპუტატის გამოკლების გამო დანიშნული შუალედური არჩევნები გაიმართება წელიწადში ორჯერ - აპრილსა და ოქტომბერში, ნაცვლად მოქმედი საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული ოქტომბრის თვისა. საპარლამენტო უმრავლესობა კოდექსში ცვლილების შეტანის მიზეზად ამომრჩეველთა ინტერესების დაცვას ასახელებს, უმცირესობაში კი ფიქრობენ, რომ მმართველი პარტია რეიტინგის მოსალოდნელი დაკარგვის გამო ჩქარობს.

საქართველოში უახლოესი შუალედური არჩევნები ნაძალადევის, ბაღდათისა და სამტრედიის საარჩევნო ოლქებში გაიმართება, მაგრამ, ადგილისაგან განსხვავებით, ჯერჯერობით უცნობია არჩევნების ჩატარების თარიღი. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ საარჩევნო კოდექსის 129-ე მუხლში ცვლილების შეტანით აღნიშნულ საკითხსაც ნათელი მოეფინება:

„ჩვენ შემოვდივართ წინადადებით, რომ ამ არჩევნების ჩატარება შესაძლებელი იყოს წელიწადში ორჯერ: როგორც აპრილში, ასევე ოქტომბერში, რაც გამორიცხავს იმის ალბათობას, რომ საქართველოს რაიონები და ქალაქები დაგვრჩეს წარმომადგენლობის გარეშე მთელი ერთი წლის განმავლობაში“.
მუდმივი კომუნიკაცია ამომრჩეველთან არის ძალიან მნიშვნელოვანი. რიგები დგას რაიონებში. ხალხს უნდა შეხვედრა თავის დეპუტატებთან. მაჟორიტარი დეპუტატი არის ის პირი, რომელიც უნდა იყოს მუდმივ კონტაქტში ამომრჩეველთან, ამიტომ დროზე უნდა ჩატარდეს არჩევნები...
ზურაბ აბაშიძე


ამასთან, ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, ცვლილების მიხედვით, თუ დეპუტატის უფლებამოსილება 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე პერიოდში შეწყდება, მისი ადგილმონაცვლის გამოსავლენად შუალედური არჩევნები აპრილში, ხოლო ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში ოქტომბერში ჩატარდება, თუმცა ჯერ კიდევ მოქმედი საარჩევნო კოდექსი შუალედური არჩევნების წელიწადში მხოლოდ ერთხელ ჩატარებას ითვალისწინებს. კოდექსის 129-ე მუხლში ვკითხულობთ:

„მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული პარლამენტის წევრის გამოკლების შემთხვევაში ტარდება შუალედური არჩევნები. შუალედური არჩევნები იმართება ოქტომბერში ამ კანონით დადგენილი წესით. თუ შუალედური არჩევნების ჩატარებამდე დარჩენილია 60 დღეზე ნაკლები, შუალედური არჩევნები ტარდება მომავალი წლის ოქტომბერში.“

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი შეიძლება გახდეს დეპუტატისათვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება, მისი მოქალაქეობიდან გასვლა ან გარდაცვალება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზურაბ აბაშიძის თქმით, არანორმალურია, როცა კანონში არსებული ხარვეზების გამო ვერ ხერხდება ჯეროვანი კომუნიკაცია ხალხსა და პარლამენტს შორის:

„მუდმივი კომუნიკაცია ამომრჩეველთან არის ძალიან მნიშვნელოვანი. რიგები დგას რაიონებში. ხალხს უნდა შეხვედრა თავის დეპუტატებთან. მაჟორიტარი დეპუტატი არის ის პირი, რომელიც უნდა იყოს მუდმივ კონტაქტში ამომრჩეველთან, ამიტომ დროზე უნდა ჩატარდეს არჩევნები“.
საარჩევნო პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლები იღებენ გაორმაგებულ ანაზღაურებას, რასაც ითვალისწინებს კანონი. ამ მხრივ გამონაკლისი არც შუალედური არჩევნებია. საარჩევნო პერიოდი მოიცავს დროის მონაკვეთს არჩევნების გამოცხადებიდან შედეგების ოფიციალურ გამოცხადებამდე...
ეკა აზარაშვილი


უმრავლესობის ინიციატივას მხარს არ უჭერს პარლამენტში წარმოდგენილი ოპოზიცია. პავლე კუბლაშვილის თქმით, ცვლილება გამოიწვევს საბიუჯეტო ხარჯების გაზრდას:

„მომავალ წელს შემოდგომაზე უნდა გაიმართოს საპრეზიდენტო არჩევნები, ანუ ხარჯი უკვე განსაზღვრული იყო: უბნებიც უნდა შეიკრიბოს 73-ივე ოლქში, ოლქები სათანადოდ უნდა დაკომპლექტდეს (მუდმივი წევრების გარდა, უნდა იყვნენ პარტიების წარმომადგენლები და ა.შ.). ყოველივე ამას დაემატება აპრილში გასამართი არჩევნების ხარჯი“.

ცესკოს მონაცემებით, კომისიის წევრებისა და სხვა ხელმძღვანელ პირთა თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობა 46 ათას ლარს, ხოლო აპარატისა 92 ათას ლარს შეადგენს. ამასთან, როგორც ცესკოს წარმომადგენელი ეკა აზარაშვილი ამბობს, არჩევნების პერიოდში ხარჯი მნიშვნელოვნად იზრდება.

„საარჩევნო პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლები იღებენ გაორმაგებულ ანაზღაურებას, რასაც ითვალისწინებს კანონი. ამ მხრივ გამონაკლისი არც შუალედური არჩევნებია. საარჩევნო პერიოდი მოიცავს დროის მონაკვეთს არჩევნების გამოცხადებიდან შედეგების ოფიციალურ გამოცხადებამდე“.

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებას საპარლამენტო უმცირესობა სხვა რამის გამოც იწუნებს. დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს ისარგებლოს მაღალი რეიტინგით და კანონის საკუთარ თავზე მორგებით არჩევნები რაც შეიძლება სწრაფად ჩაატაროს:
ჩიორა თაქთაქიშვილი
ჩიორა თაქთაქიშვილი

„რომ გამოირიცხოს თქვენი ინიციატივის იმგვარი ინტერპრეტაცია, რომ ის არის მორგებული „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ინტერესს, ხომ არ იქნება შესაძლებელი, რომ მივიღოთ ეს ცვლილება იმ დათქმით, რომ ეს ნორმა ამოქმედდება მომავალი წლის ოქტომბრიდან და არა ახლავე“.

ცხადია, ჩიორა თაქთაქიშვილის ეს კონტრინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობამ არ მიიღო, არადა, ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარიაც მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია შუალედური არჩევნების აპრილში დანიშვნას პოლიტიკური მიზნების მიღწევის გამო ეშურება. კერძოდ:

„რაოდენობის თვალსაზრისით, თითოეულ დეპუტატს აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგანაც 2013 წლის ოქტომბრამდე საკონსტიტუციო უმრავლესობა იქნება 101 დეპუტატი, 2013 წლის ოქტომბრის შემდეგ კი საკონსტიტუციო უმრავლესობის ზღვარი იქნება 112 დეპუტატი და, შესაბამისად, ერთსა და ორ დეპუტატს აღარ ექნება ისეთი მნიშვნელობა, როგორიც ახლა აქვს“, - უთხრა ნინო ლომჯარიამ რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG