Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: გია გვილავა


1 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გია გვილავა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერი. მან ილაპარაკა მთავრობის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტზე, რომლებიც დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას ეხება. ოთხშაბათს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოების გაერთიანებულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა: "შსს მივესალმებით მსგავსი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას. მივესალმებით პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს ლოგიკურად ჯდება იმ რეფორმებში და იმ გეგმებში, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია სამინისტროსთან მიმართებით და რომლებზეც ჩვენ საკმაოდ ხმამაღლა ვსაუბრობთ. ვერ ვხედავთ ვერანაირ რისკს იმ ფასეულობებთან მიმართებაში, რომლის დანერგვასაც შსს-ში ვაპირებთ. ამიტომ, ვთვლით, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი ვერ იქნება და არ იქნება გარკვეულ წინააღმდეგობაში იმ ლოგიკასთან, რა ლოგიკითაც მუშაობს დღევანდელი შსს-ს გენერალური ინსპექცია". გავრცელებული ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება 21 კანონში. წარმოდგენილი ცვლილებებით, იქმნება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელსაც უხელმძღვანელებს დღევანდელი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. "დილის საუბრებში" გია გვილავამ, რომელიც მონაწილეობდა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოების გაერთიანებულ სხდომაში, ილაპარაკა იმ ხარვეზებზე, რასაც ის ხედავს წარმოდგენილ ინიციატივაში. გია გვილავა პრობლემურად თვლის იმას, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კომპეტენციაში იქნება სამართალდამცავთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის მხოლოდ გამოძიება და მას არ ექნება დევნის ფუნქცია. სასამართლოში საქმეს წარადგენს კვლავ პროკურატურა. გარდა ამისა, შეზღუდულია იმ დანაშაულების სპექტრი, რომელთა გამოძიებაც დაევალება ახლა სამსახურს. კერძოდ, ლაპარაკია: წამებაზე, წამების მუქარაძე, სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობაზე. გია გვილავა ხედავს გამოწვევას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის კადრების შერჩევის კრიტერიუმების დადგენაშიც. სამსახურს პარლამენტი გააკონტროლებს და მის ხელმძღვანელს ის 5 წლით დანიშნავს. გია გვილავას თქმით, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი უკვე არსებული ინსტიტუტის ფარგლებში შექმნის იდეა მოულოდნელი იყო არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელი ხედავს რისკებს ასეთი სამსახურის დამოუკიდებლობის და პირველ რიგში, პროკურატურისგან დამოუკიდებლობის საკითხში. "დილის საუბრების" სტუმრის თანახმად, წარმოდგენილი სახით საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შემთხვევაში, ახალი სამსახური ვერ გამოიძიებს, მაგალითად, ნარკოტიკების სავარაუდო ჩადების შემთხვევებს. გარდა ამისა, გია გვილავა პრობლემურად თვლის ერთი მხრივ პერსონალური მონაცემების დაცვის ფუნქციისა და მეორე მხრივ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ფუნქციების ერთი ინსტიტუტის მიერ შესრულებას. მნიშვნელოვანი საკითხია აგრეთვე სახელმწიფო ინსპექტორის არჩევის პროცედურაც, რამაც უნდა უზრუნველყოს უწყების სრული დამოუკიდებლობა.

გია გვილავა "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:29:54 0:00
Direct link

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG