Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ლაშა ტუღუში


19 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლაშა ტუღუში, გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი. მან ილაპარაკა "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტის შესახებ. ლაშა ტუღუში პროექტის კრიტიკოსთა პოზიციას წარმოადგენს და თვლის, რომ ცვლილებების პროექტი: "აფუჭებს ბევრ რამეს. აქ არ არის მარტო ერთი საკითხი. ბევრი თვალსაზრისით არ ვეთანხმებით ამ კანონპროექტს",- ამბობს ლაშა ტუღუში და ჩამოთვლის საკითხებს, რომლებსაც ის პრობლემურად თვლის. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ "მაუწყებლობის შესახებ" კანონის მე-16 მუხლის "ზ" ქვეპუნქტის ცვლილება, რომლითაც კანონპროექტის ინიციატორებს სურთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ "დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული პროგრამების შესყიდვაზე" არ გავრცელდეს "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონი. ლაშა ტუღუში პრობლემურ საკითხად ასახელებს აგრეთვე "მაუწყებლობის შესახებ" კანონის 30-ე მუხლის "თ" ქვეპუნქტის ამოღებას (კანონპროექტის მიხედვით). ეს მუხლი სამეურვეო საბჭოს ფუნქციებსა და უფლება-მოვალეობებზეა. "თ" ქვეპუნქტი კი შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა შრომითი ხელშეკრულებების ვადებს (არ უნდა იყოს 1 წელზე ნაკლები, საინჟინრო-ტექნიკური მუშაკისა კი - 5 წელზე ნაკლები). "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი განმარტავს ამ ქვეპუნქტის მნიშვნელობას და იხსენებს, რომ ის კანონში ჩაიდო საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმებულთა სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ლაშა ტუღუშმა ილაპარაკა აგრეთვე რეკლამისა და სპონსორობის შესახებ ცვლილებებსა და სარეკლამო ბაზარზე მის სავარაუდო ზეგავლენაზე. ცვლილებების ინიციატორები თვლიან, რომ სპონსორობისა და კომერციული რეკლამის დღეს არსებული ნორმები "ზედმეტად შემზღუდველია". ლაშა ტუღუში ყურადღებას ამახვილებს ცვლილებათა პროექტის სამეურვეო საბჭოს უფლებების შემზღუდველ ნაწილზე. სამეურვეო საბჭოს, მაგალითად, აღარ ექნება უფლება საკუთარი ინიციატივით შეიტანოს ცვლილებები მაუწყებლის ბიუჯეტში. ის (საბჭო) საკუთარი ინიციატივით ცვლილებებს ვერ შეიტანს აგრეთვე მაუწყებლის დებულებაში, თუკი ისინი მაუწყებლის სტრუქტურას ეხება. ლაშა ტუღუში კორუფციის რისკების საფუძველს ხედავს საზმაუს მიერ სტარტაპების დაფინანსების უფლებამოსილების ამსახველ ქვეპუნქტში. საკანონმდებლო ცვლილებების ავტორთა თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებას უნდა დაემატოს წინა წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი ნაშთი. 19 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი მესამე მოსმენით განიხილავს "მაუწყებლობის შესახებ" და "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონებში ცვლილებების პროექტებს. ამ კომიტეტმა არ მეორე მოსმენისას არ დაუჭირა მხარი ცვლილებების პროექტს. ლაშა ტუღუშმა "დილის საუბრებს" უთხრა: "იმის მაგივრად, რომ წავიდეთ წინ, მიგვათრევენ უკან რაღაცა ჯგუფის ინტერესების გამო... ჩვენ ბოლომდე მივყვებით ამ საქმეს".

ლაშა ტუღუში "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:25:02 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG