Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: ლელა ბაქრაძე


24 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლელა ბაქრაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა საქართველოს მოსახლეობის დაბერების პროცესზე. ლელა ბაქრაძემ აღნიშნა, რომ დაბერების პროცესი გლობალური გამოწვევაა და მას კონკრეტული მიზეზები აქვს. დაბერება არის მოსახლეობაში ხანდაზმული ასაკის ადამიანების წილის ზრდა. 2014 წლის აღწერის თანახმად, საქართველოში 65 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი შეადგენს 14,3%-ს. დინამიკის დანახვაში გვეხმარება იმის ცოდნა, რომ 1989 წელს ხანდაზმულთა წილი საქართველოს მოსახლეობის 8,8%-ს შეადგენდა, 2002 წელს - 13,3%-ს, 2014 წელს - 14,3%-ს. გაეროს პროგნოზით, 2030 წელს ეს მაჩვენებელი 18,9%-ს მიაღწევს, 2050 წლისთვის კი - 25,3%-ს მიაღწევს. მოსახლეობის დაბერების გამაპირობებელ ფაქტორებზე საუბრისას, ლელა ბაქრაძე აღწერს სამ პროცესს: შობადობის ჯამობრივ კოეფიციენტს (ის დღეს შეადგენს საშუალოდ 2 ბავშვს რეპროდუქციული ასაკის ერთ ქალზე ქვეყანაში), სიცოცხლის საშუალო ხანგრძლიობის ზრდას (საქართველოში მამაკაცების სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლიობა 78 წელია, ქალებისა - 81 წელი) და გარე მიგრაციას. საქართველოში სამივე პროცესი დაბერების ხელშემწყობად გვევლინება. გასული წლის ნოემბერში "საქსტატისა" და გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით გამოქვეყნდა 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებზე დაფუძნებული მიმოხილვა - "მოსახლეობის დაბერება და ხანდაზმულები საქართველოში". ლელა ბაქრაძემ "დილის საუბრებში" ილაპარაკა მოსახლეობის დაბერების პროცესის გავლენაზე, რომელსაც ის ქვეყნის განვითარებაზე ახდენს და იმ უმთავრეს საკითხებზე, რომელთა გათვალისწინებაც ხელს შეუწყობდა დემოგრაფიული პროცესების მაქსიმალურად ქვეყნის სასიკეთოდ მიმართვას. სტუმარმა ჩამოთვალა და აღწერა ის პოლიტიკის დოკუმენტები, რომლებიც უკვე შემუშავდა საქართველოში, თუმცა ხაზი გაუსვა იმას, რომ მნიშვნელოვანია დემოგრაფიულ პროცესებს დაეფუძნოს სახელმწიფო პოლიტიკა და გადაწყვეტილებები ყველა სფეროში. ამის ერთ-ერთ მაგალითად ლელა ბაქრაძემ დაასახელა ის, რომ 65 წელს გადაცილებული დასაქმებული მოსახლეობის 85% სასოფლო-სამეურნეო სფეროში მუშაობს. ჩვენი რესპონდენტი აღნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარების ხელშემწყობი პროგრამების დაგეგმვისას ხელმწიფომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ხანდაზმული მოსახლეობის საჭიროებები და პოტენციალი, გააძლიეროს ისინი. შობადობის კოეფიციენტის გაუმჯობესებისთვის ლელა ბაქრაძე უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ოჯახის მხარდაჭერის რეალური ღონისძიებების გატარებას.

ლელა ბაქრაძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:51:09 0:00
Direct link

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG