19 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მაია კუპრავა-შერვაშიძე, "გენდერული თანასწორობის ქსელის" კოორდინატორი. მან ილაპარაკა აშშ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი განწყობის გამოკვლევის შედეგების იმ ნაწილზე, რომელსაც ჰქვია "თანასწორობა ქალებსა და კაცებს შორის". გამოკითხულთა 81% თვლის, რომ ოჯახში ძალადობა არის ქალებისთვის პრობლემა. 72%-ის საქართველოში ქალებისთვის პრობლემად აღიარებს ადრეულ ქორწინებას, 56% - ქალებზე არასასურველი სექსუალური ხასიათის ზეწოლას. გამოკითხულების 80%-ს დადებითი ასოციაციები აქვს "თანასწორობაზე კაცებსა და ქალებს შორის". 63% მხარს უჭერს პარლამენტში სავალდებულო გენდერული კვოტის შემოღებას. გამოკითხვაში მონაწილეთა 44% თვლის, რომ პარლამენტარების საუკეთესო გენდერული განაწილება იქნებოდა - 50% ქალი, 50% კაცი. 37% ამჯობინებს - 30%ქალსა და 70% კაცს. გამოკითხულთა უმრავლესობა (57%) თვლის, რომ "ძალიან ცოტაა" ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მხოლოდ 13% იყოს ქალი და 64 მერიდან მხოლოდ 1 იყოს ქალი. NDI-ს გამოკვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 77% მხარს დაუჭერდა პარლამენტის მიერ სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ კანონის მიღებას. მაია კუპრავა-შერვაშიძის შეფასებით, საზოგადოების განწყობა გენდერის საკითხებისადმი სწრაფად არა, მაგრამ მაინც იცვლება. ამაში, "დილის საუბრების" სტუმრის თქმით, დიდი წვლილი შეიტანა უფლებადამცველების აქტიურობამ. რაც შეეხება კვოტირების საკითხს, მაია კუპრავა-შერვაშიძე თვლის, რომ მისი შემოღება ხელს შეუწყობდა თავად პარტიების გაჯანსაღებას და შესაბამისად, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, უფრო კომპეტენტური გადაწყვეტილებების მიღებას ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში.
ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.