Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეთიუ ბრაიზა: დასავლეთის სუსტმა რეაგირებამ საქართველოში პუტინი წააქეზა


მეთიუ ბრაიზა
მეთიუ ბრაიზა

საქართველოში, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე სასაუბროდ "ამერიკის ხმა" აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ მეორე მოადგილეს თურქეთში, სკაიპით დაუკავშირდა.

ამერიკის ხმა: ისტორიულად, რა ფაქტორები უწყობდა ხელს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებას საქართველოში? რა კრიტერიუმები ან მოვლენები ასაზრდოებდა მის გრძელვადიან და მოკლე-ვადიან ინტერესებს?

მეთიუ ბრაიზა: თუ ნებას დამრთავთ, დავიწყებ გრძელვადიანი [ინტერესებით] და ჩამოვთვლი იმ ფაქტორებს, რომელთაც განსაზღვრეს ამერიკის პოლიტიკა საქართველოს მიმართ და შემდეგ გადავალ მოკლევადიან [ინტერესებზე]. გრძელვადიან პერსპექტივაში, საბჭოეთის რღვევისა და ახალი სახელმწიფოების წარმოქმნასთან ერთად, ამ სახელმწიფოების სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება იმთავითვე, 1991 წლიდან, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი ამოცანა გახდა.

მე მაშინ [სახელმწიფო დეპარტამენტის] რუსეთის საქმეთა განყოფილებაში ვმსახურობდი. დასაწყისშივე დავინახეთ, რომ რუსეთს ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდა და ეძებდა გზებს, რათა, განსაკუთრებით, საქართველოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და დამოუკიდებლობა შეელახა. ეს გამოჩნდა რუსეთის ჩართულობით აფხაზეთის ომში. გვახსოვს ჩამოგდებული რუსული სამხედრო თვითმფრინავი, რომელსაც რუსი პილოტი მართავდა. ამგვარად, აფხაზეთში, საქართველოს სამოქალაქო ომისას, რუსეთის სამხედრო მონაწილეობის პირობებში, ის, რისი გაკეთებაც შეერთებულ შტატებს სურდა, იყო საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. დროის გასვლასთან ერთად, გამოჩნდა ახალი ინტერესები. ერთ-ერთი მათგანი, რა თქმა უნდა, ენერგეტიკა იყო. 1990-იანი წლების მეორე ნახევარში პრეზიდენტმა კლინტონმა გადაწყვიტა, პრეზიდენტების - შევარდნაძის, ალიევისა და დემირელის ინიციატივისათვის მხარი დაეჭირა და საქართველოში, აზერბაიჯანსა და თურქეთში ნავთობსადენის ქსელის განვითარებისათვის შეეწყო ხელი. ნავთობსადენს კასპიის ზღვის [ენერგორესურსები] მსოფლიო ბაზართან უნდა დაეკავშირებინა რუსეთის მძლავრი მონოპოლიის, თურქეთის სრუტეებისა და ჰორმუზის სრუტის მსგავსი გეოგრაფიული წინააღმდეგობების გვერდის ავლით.

როდესაც პრეზიდენტი შევარდნაძე ხელისუფლებაში მოვიდა და დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების გატარების პირობა დადო, საქართველოს დემოკრატიული და საბაზრო ეკონომიკური გარდაქმნა ამერიკის კიდევ ერთი გრძელვადიანი ამოცანა გახდა. პრეზიდენტ შევარდნაძის პრეზიდენტ სააკაშვილით შეცვლამ ხსენებული დემოკრატიული და ეკონომიკური გარდაქმნა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა. ჩემი აზრით, პრეზიდენტმა შევარდნაძემ ვერ შეასრულა დაპირება, განსაკუთრებით 2003 წლის ნოემბერში [სამართლიანი] არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რასაც ვარდების რევოლუცია მოჰყვა. არ ვიტყოდი, რომ აშშ "ვარდების რევოლუციას" მხარს უჭერდა, მაგრამ არც შეწინააღმდეგებია მას. ასეთი გახლდათ ამერიკის ამოცანები ფართო ჭრილში. ბოლო წლებში შეერთებული შტატები, რა თქმა უნდა, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს უფლებას, თვითონ გადაწყვიტოს საკუთარი ისტორიული და სტრატეგიული მიმართულება ევროკავშირთან ასოცირების გზით. იქამდე, პრეზიდენტ ბუშის დროს, შეერთებული შტატები მხარს უჭერდა საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას. იმიტომ კი არა, რომ ამერიკას სამხედრო ბაზა, ან რუსეთზე იერიშის მისატანად საქართველოში ნატოს რაიმე ფორმით დამკვიდრება სჭირდებოდა, პირიქით, მისი მხარდაჭერა თავდაცვითი სვლა იყო, რათა აშშ-ს გაეგრძელებინა იმ ამოცანების შესრულება, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე და ხელი შეეშალა რუსეთისათვის, განეხორციელებინა ის სამხედრო მოქმედებები, რომელიც მან 2008 წლის აგვისტოში მაინც განახორციელა.

ამერიკის ხმა: მიუხედავად აშშ-ის თანმიმდევრული ხედვისა, რამდენად ხდებოდა ცვლილება იმ დამოკიდებულებაში, რომელსაც სხვადასხვა დროს ვაშინგტონი სახელმწიფოს მეთაურების მიმართ იჩენდა საქართველოში? როგორ აისახებოდა ეს ორმხრივ ურთიერთობებზე?

მეთიუ ბრაიზა: ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის გაპრეზიდენტებამდე, როდესაც სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე სათავეში ჩაუდგნენ ქართველი ხალხის [პროტესტს], იმ ვითარებაში, როდესაც აჭარის ლიდერმა, პრეზიდენტ შევარდნაძის შანტაჟის გზით, 2003 წლის ნოემბრის არჩევნები [ფაქტობრივად] მოიპარა, შეერთებულ შტატებს მტკიცედ სჯეროდა, რომ ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებაში მოსასვლელად ემზადებოდნენ, ადამიანები, რომლებიც სათავეში ჩაუდგნენ "ვარდების რევოლუციას", რეფორმატორთა ერთგვარი „ოცნების გუნდი“ იყო. მათ განათლება დასავლეთში, უმთავრესად შეერთებულ შტატებში ჰქონდათ მიღებული. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მათი წარსული გვკარნახობდა, რომ ისინი იმ რეფორმების ადვოკატები იყვნენ, რომელთა განხორციელება სამხრეთ კავკასიასა და მთელ პოსტ-საბჭოეთში შეერთებული შტატების სტრატეგიული ამოცანების ნაწილი იყო.

დასაწყისში "ვარდების რევოლუციონერები" შეერთებული შტატების მთავრობისაგან ენთუზიაზმით აღსავსე მხარდაჭერით სარგებლობდნენ. ვფიქრობდით: თუ ახალგაზრდა, ენერგიით აღსავსე რეფორმატორების ეს გუნდი ვერ გარდაქმნის საქართველოს, მაშ, ვინღა გარდაქმნის მას? პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაცია აქცენტს აკეთებდა ეგრეთ წოდებულ ფართო ახლო აღმოსავლეთის რეგიონში პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლების ხელშეწყობაზე. ჩვენი მოსაზრება ასეთი იყო: თუ საქართველო ამ ტიპის ლიდერებით წარმატებას მიაღწევს დემოკრატიულ და საბაზრო ეკონომიკურ რეფორმებში, ეს მაგალითი იქნებოდა რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველომ ბევრად უკეთეს შედეგს მიაღწია, ვიდრე ქვეყნებმა, რომლებმაც „არაბული გაზაფხული“ გამოიარეს. ვფიქრობ, პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი გუნდი ქებას იმსახურებს. რა თქმა უნდა, უფრო მეტ ქებას იმსახურებს, ქართველი ხალხი, რომელმაც მტკივნეული რეფორმები გამოიარა.


2012 წლის ოქტობრის არჩევნებმა აჩვენა, რომ ქართველი ხალხის აზრით, სააკაშვილი და მისი გუნდი საკმარისად კარგად არ მუშაობდნენ. ამიტომ, როგორც "ვარდების რევოლუციისას" დაწყებული რეფორმების გაგრძელება, ჩატარდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და მოხდა პოლიტიკური ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება. პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი გუნდი ქების ღირსია. უნდა ვაღიაროთ, რომ ქართველი ხალხის ნების შესაბამისად ძალაუფლების მშვიდობიანი დათმობა საქართველოში მომხდარი დემოკრატიული ევოლუციის ნაწილი იყო. ეს იყო ძალიან დადებითი მოვლენა. ქართველ ხალხს სურდა ცვლილება, რომელიც მან მიიღო.


ვფიქრობ, დღეს ვაშინგტონში იგრძნობა იმედგაცრუება იმით, რაც არჩევნების შემდეგ მოხდა. სამართლიანად თუ უსამართლოდ, არსებობს აღქმა და ამასთან დაკავშირებით „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნდა სარედაქციო წერილების მთელი სერია, რომ საქართველოს მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსნებისა და დღეს უკვე ოპოზიციაში მყოფი ლიდერების სასამართლო პროცესები პოლიტიკურადაა მოტივირებული. ამავე დროს, ვაშინგტონი ფრთხილობს და ამბობს, რომ საჭიროა კანონის უზენაესობისა და სამართლებრივი პროცედურების დაცვა. თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ სააკაშვილის თანაგუნდელებმა დანაშაული ჩაიდინეს, [მათი გასამართლებისას] პროცედურები დაცული უნდა იყოს. მაგრამ დაცულია თუ არა აღნიშნული სამართლებრივი პროცედურები სინამდვილეში? საკითხავი ახლა ეს არის.


საქართველოში შეერთებული შტატების სტრატეგიული ინტერესები უცვლელია: საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა; საქართველოსთან ერთად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევებზე მუშაობა; ენერგოუსაფრთხოება და ეკონომიკური თანამშრომლობა, რომელიც ნავთობისა და გაზსადენების მშენებლობით დაიწყო. და ბოლოს, შეერთებული შტატების ინტერესია, რომ საქართველოში გაგრძელდეს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები.

ამერიკის ხმა: ბოლოს, ნება მომეცით, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს შევეხოთ: რუსეთის აგრესიით უკრაინაში, იცვლება თუ არა აშშ-ის დამოკიდებულება რეგიონის ქვეყნებისადმი? მოახდენს, თუ არა დღევანდელი ვითარება გავლენას საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე? და კიდევ, როგორ აფასებთ სახელმწიფო მდივან ჯონ კერის ვიზიტს რუსეთში?


ამერიკის ხმა: ბევრი მნიშვნელოვანი კითხვა დამისვით. ბოლოდან დავიწყებ. რუსეთის უკრაინაში შეჭრა, ყირიმის „ანშლუსი“ და მზადება უფრო მეტი სამხედრო აგრესიისათვის დონბასის მიღმა, მაგალითად, მარიუპოლის მიმართულებით და შესაძლოა, უფრო შორს, ანადგურებს აშშ-რუსეთის ურთიერთობას და აგრეთვე ევროპა-რუსეთის ურთიერთობას. ვფიქრობ, ისტორია ცხადყოფს, რომ ის, რაც პრეზიდენტმა პუტინმა გააკეთა, რუსეთისათვის კოლოსალური სტრატეგიული მარცხია. დიახ, მოკლევადიან პერსპექტივაში, როდესაც რუსეთის საზოგადოებას მიაჩნდა, რომ რუსეთმა იოლად მოახერხა ყირიმის ანექსია, [პუტინის] გადაწყვეტილება პოპულარული იყო. მაგრამ დღეს მისი ქმედებების პოპულარობა იკლებს. რუსეთი სულ უფრო მწვავე ეკონომიკურ შედეგებს იმკის ეკონომიკური სანქციების გამო და არა მხოლოდ ნავთობის გაიაფებით, რადგან ნავთობის ფასი თანდათან ისევ იმატებს. [პუტინის ქმედებები] რუსეთისათვის დამამცირებელი სტრატეგიული მარცხის მიზეზი ხდება. 1991 წლიდან მოყოლებული, მრავალი წლის განმავლობაში, რუსეთის ყველაზე დიდი შიში, განსაკუთრებით ნატოს გაფართოების ფონზე, დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ნატო სამხედრო ბაზებს პირდაპირ მის საზღვრებთან განათავსებდა. როგორც ვიცით, 1997 წელს, ნატოსა და რუსეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმებით, შეერთებული შტატები და მისი ნატოელი მოკავშირეები დათანხმდნენ ძალიან კონკრეტულ ფორმულირებას, რომ არ განათავსებდნენ მუდმივმოქმედ სამხედრო ბაზებსა და შეიარაღებულ ძალებს ნატოს ახალი წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე. ეს შეთანხმება დამთავრებულია. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ამერიკელი სამხედროები დე-ფაქტოდ იმყოფებიან ბალტიისპირეთის სამ სახელმწიფოსა და პოლონეთში. მე მომხრე ვარ და ვფიქრობ, მალე ვიხილავთ ამ ქვეყნებში მუდმივმოქმედ სამხედრო ბაზებს. ამგვარად, უკრაინაში შეჭრითა და ყირიმის ანექსიით, პრეზიდენტმა პუტინმა კიდევ უფრო გააძლიერა ის წარმოსახვითი საფრთხე, რომელიც მას აშინებს.

რა თქმა უნდა, ნატო რუსეთისათვის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს და ნატოსთან დაკავშირებული საფრთხეები მხოლოდ პრეზიდენტ პუტინის მცდარი წარმოდგენების ნაყოფია. მაგრამ პუტინს ამგვარი წარმოდგენები აქვს და ფაქტია, რომ დღეს ის მარცხდება. ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა შესანიშნავად თქვა: რუსეთმა მთლიანად დაანგრია ევროპისა და რუსეთის ურთიერთობა. ეს ურთიერთობა ვეღარასოდეს აღდგება იმ ფორმით, როგორითაც ის არსებობდაო. შეგახსენებთ, ნორვეგია რუსეთთან დაკავშირებით ტრადიციულად ფრთხილ განცხადებებს აკეთებდა ხოლმე. ამგვარად, მსოფლიოს ამ ნაწილში მოვლენები რუსეთისათვის სავალალო სცენარით ვითარდება.

ის, რაც ხდება, სამხრეთ-კავკასიის რეგიონისათვის სახიფათოა. ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება რუსეთმა შუამავლის როლი შეასრულოს მთანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების საქმეში, როდესაც ის უკრაინის კონფლიქტში არა მხოლოდ მხარეა, არამედ პირდაპირი აგრესორი და კონფლიქტის მხარეა საქართველოშიც. კატეგორიულად არ ვეთანხმები განცხადებებს, რომელიც შესაძლოა, გაიგონოთ ვაშინგტონის დერეფნებში, რომ თუ რუსეთს ცხოველივით კუთხეში მივიმწყვდევთ,ის უფრო საშიში გახდება. რუსეთი ცხოველი არ არის. რუსეთი დიდი, ძლიერი სახელმწიფოა, რომელსაც გონიერი ლიდერი ჰყავს. ეს ლიდერი კი ხელმძღვანელობს არა ემოციებით, არამედ ცივი გონებითა და გათვლებით. როდესაც მისი მოქმედებების საფასური მეტისმეტად გაიზრდება, ის გაჩერდება და უკან დაიხევს. ის კუთხეში მიმწყვდეული ნადირი, ან დათვი არ არის. ის ადამიანია, რომელიც რაციონალურად აზროვნებს. რაც მეტია საფასური, მით ნაკლები იქნება აგრესია.

ჩემი აზრით, უკრაინის კონფლიქტში აშშ-ისა და მისი მოკავშრეების შეცდომა ისაა, რომ მათ საქართველოს მაგალითიდან სათანადო დასკვნები არ გააკეთეს, შეეცადნენ, საქართველოსა და პრეზიდენტ სააკაშვილისთვის დაებრალებინათ ომი, რომელიც რუსეთის მიერ იყო პროვოცირებული, ინიცირებული და წარმოებული. რუსეთი საქართველოში შეიჭრა. არ დაგვავიწყდეს, რომ პრეზიდენტობის მაშინდელმა კანდიდატმა ბარაკ ობამამ ის მოვლენები სწორედ ასე აღწერა: რუსეთის საქართველოში შეჭრა. რუსეთის აგრესიაზე დასავლეთის პასუხი პუტინისათვის სიგნალი იყო, რომ აგრესიის გამეორების შემთხვევაში საფასური კვლავ უმნიშვნელო იქნებოდა. მაშინ დასავლეთის პასუხი მხოლოდ ის იყო, რომ რამდენიმე თვით შეაჩერეს ნატო-რუსეთის საბჭოს მუშაობა, საქართველოს რამდენიმე მილიარდის დახმარება გაუწიეს, რუსეთისთვის კი სანქციები არ დაუწესებიათ. უფრო მეტიც, გავიდა რამდენიმე თვე და საფრანგეთი რუსეთისათვის მოიერიშე ვერტმფრენმზიდის, „მისტრალის“ მიყიდვას დათანხმდა. ეს ის გემები იყო, რომლის შესახებაც რუსეთის გენშტაბის უფროსის მოადგილემაც კი განაცხადა: „მისტრალები“ რომ გვქონოდა, საქართველოსთან ომი უფრო გაგვიადვილდებოდაო.

სამხრეთი კავკასიისათვის ცუდი ის მოხდა, რომ საქართველოსთან ომზე სუსტმა რეაგირებამ პუტინი წააქეზა, რომ უკრაინას დასხმოდა თავს და ყირიმის ანექსია მოეხდინა. ვფიქრობ, ბალტიისპირელებს შეშფოთების საკმარისი მიზეზი აქვთ, თუმცა ნატომ აჩვენა, რომ მზადაა, დაიცვას ეს სახელმწიფოები. ვფიქრობ, რუსეთს გარკვევით უნდა აეხსნას, რომ ბალტიისპირეთში ჰიბრიდული ომის წამოწყებაც კი ნატოსთან ფართომასშტაბიანი ომის წამოწყებას ნიშნავს.


ბოლოს, მინდა კომენტარი გავაკეთო იმ სამარცხვინო ვითარებაზე, რომელიც სოჭში სახელმწიფო მდივან კერის სტუმრობისას შეიქმნა. მდივანი კერი, ფაქტობრივად, გამოიძახეს სოჭში, სტალინის აგარაკზე. პრეზიდენტ პუტინის ამ გადაწყვეტილებას ძლიერი სიმბოლური დატვირთვა აქვს: იმ დროს, როდესაც რთულად ხერხდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შენარჩუნება, პრეზიდენტი პუტინი იძახებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს. ის ვიზიტს თანხმდება. მისი თვითმფრინავი ეშვება ადლერის აეროპორტში, რომელიც ზედ აფხაზეთის საზღვარზე მდებარეობს, საქართველოს იმ რეგიონის საზღვარზე, რომელის რუსეთის ჯარს უკანონოდ აქვს ოკუპირებული. აღარაფერს ვამბობთ იქვე მდებარე ყირიმზე, მარიუპოლზე, აზოვის ზღვასა და იალტაზე. რუსეთის აგრესიის რამდენი საშინელი ისტორიული სიმბოლო უნდა იდოს მაგიდაზე, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუსეთი ამ დონის ვიზიტით არ დააჯილდოვოს.


მდივანმა კერიმ თქვა, რომ რუსეთს სანქციებს მოუხსნიან, თუ რუსეთი მინსკის მეორე შეთანხმებას შეასრულებს, შეთანხმებას, რომელსაც მარტო იმიტომ მოეწერა ხელი, რომ რუსეთმა დაარღვია მინსკის პირველი შეთანხმება. რუსეთი არღვევს მინსკის მეორე შეთანხმებას და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის მინსკის მეორე შეთანხმებას შეასრულებს, ეს იქნება ნამდვილი კატასტროფა. მინსკის მეორე შეთანხმება თვალს ხუჭავს რუსეთის უკრაინაში შეჭრასა და უკრაინის ტერიტორიის ანექსიაზე. ამას გარდა, შეთანხმება რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს კონსტიტუციურ პრივილეგიებსა და ლეგიტიმაციას ანიჭებს და ლეგიტიმაციას სძენს რუსეთის სამხედრო ყოფნას უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე. ეს აბსოლუტური კატასტროფაა.

XS
SM
MD
LG