Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიკარდო პულიტი: საქართველო მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანაა


რიკარდო პულირი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბაკის აღმასრულებელი დირექტორი ენერგო საკითხებში
რიკარდო პულირი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბაკის აღმასრულებელი დირექტორი ენერგო საკითხებში

საქართველოს ჰიდროელექტროენერგიის წარმოების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს მსოფლიოში. ამის შესახებ საქართველოსთვის შედგენილ სტრატეგიაში საუბრობს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. ქვეყანას ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში, დაახლოებით, 7,3 მეგავატი განახლებადი ენერგიის წარმოება შეუძლია, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ყველაზე დიდი ჰიდროელექტრორესურსის მქონე ორი ქვეყნის, ნორვეგიისა და კანადის შესაძლებლობებს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში რამდენიმე ჰესის მშენებლობასა და რეკონსტრუქციას აფინანსებს. გარდა ამისა, ამონტაჟებს მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებს, რაც ქვეყანას ელექტროენერგიის საექსპორტო ბაზარზე გატანაში დაეხმარება. იმაზე, თუ რა გავლენა ექნება ჰიდროელექტროსადგურებს საქართველოს ეკონომიკაზე და რა როლი აკისრია საქართველოს ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში, ამერიკის ხმის კორესპონდენტი ია მეურმიშვილი ესაუბრა რიკარდო პულიტის. ის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველი დირექტორია ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების საკითხებში.

ამერიკის ხმა: რა პროქტებზე მუშაობს ამჟამად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში?

რიკარდო პულიტი: ჰიდროენერგორესურსით ელექტროენერგიის წარმოების მხრივ საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ამას ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა განაპირობებს. საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებელი ძალიან მაღალი არ არის. შესაბამისად, შესაძლებელია ელექტროენერგიის დიდი ნაწილის ექსპორტირება თურქეთში. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა შეიმუშავა სტრატეგია, რომელიც საქართველოს დაეხმარება ჰიდრორესურსებით ელექტროენერგიის წარმოების გაზრდაში. ასევე, ვაფინანსებთ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებს, რომლებითაც შესაძლებელი გახდება დენის თურქეთში გატანა. გვანის ჰესის პროექტი უკვე დავასრულეთ. ახლა დაიქარის პროექტს ვასრულებთ. ეს პროექტი მდინარის დაგუბებას და კაშხლის მშენებლობას არ ითვალისწინებს. ჰესი დენის საწარმოებლად წყლის ვარდნის ენერგიას გამოიყენებს და გარემოს მინიმალურად შეცვლის.

ამერიკის ხმა: თქვენი აზრით, გრძელვადიან პერსპექტივაში, რა შედეგს მოუტანს ჰიდროელექტროსადგურები საქართველოს ეკონომიკას და რამდენადაა გათვალისწინებული გარემოს დაცვა? მოგეხსენებათ, ამ მხრივ ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა არსებობს.

რიკარდო პულიტი: ჩემი აზრით, ჰესებს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე დიდი გავლენა ექნება და გეტყვით, რატომ. ჰესების აშენება ეკონომიკის მდგრადი განვითარების საფუძველს ქმნის, თუმცა ჰიდრორესურსის გამოყენება საერთაშორისო სტანდარტების დაცვით უნდა მოხდეს და თუ ასე მოხდა, გარემოსთვის ზიანის მიყენების დიდ საშიშროებას ვერ ვხედავ. ეკოლოგიური გავლენა, რა თქმა უნდა, არსებობს, ამას არ უარვყოფ, მაგრამ მისი დაბალანსება შესაძლებელია. სწორედ აქ იკვეთება ის ორი საკითხი, რომელიც თქვენ ახსენეთ: ეკოლოგია და მდგრადი ეკონომიკური განვითარება. საქართველოს შემთხვევაში, გარემოს დაცვის შესაძლებლობა რეალურია და ასევე რეალურია ეკონომიკური წინსვლა.

ამერიკის ხმა: ვისი პასუხისმგებლობაა ეკოლოგიური საფრთხეების დაბალანსება?

რიკარდო პულიტი: ეს პასუხისმგებლობა რამდენიმე მხარეზეა გადანაწილებული: ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობები, ოპერატორი კომპანიები, რომლებიც აშენებენ და ამუშავებენ ჰესებს და დამფინანსებლები, როგორიცაა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია და ა.შ. დამფინანსებლები უდიდეს ძალისხმევას ეწევიან იმისთვის, რომ ჰესების მუშაობისას დაცულ იქნეს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტები. შესაბამისად, პროექტის განსახორციელებლად ფულს მხოლოდ ის კომპანიები და მუნიციპალიტეტები იღებენ, რომლებიც სტანდარტების მკაცრად დაცვის პირობებს თანხმდებიან.

ამერიკის ხმა: თქვენ, როგორც დამფინანსებელი, აწარმოებთ თუ არა მონიტორინგს?

რიკარდო პულიტი: ყოველთვის. პროექტის დაწყებამდე ტარდება გამოკვლევები გეოლოგიის, გარემოზე შესაძლო გავლენის და სხვა რამდენიმე ფაქტორის შესასწავლად. გამოკვლევების ჩასატარებლად საკუთარ ინჟინრებს, გეოლოგებსა და ეკოლოგებს ვგზავნით, რათა დავრწმუნდეთ, რომ პროექტი საერთაშორისო წესებსა და ნორმებს შეესაბამება. ნაგებობის აშენების შემდეგ, სესხის ვადის განმავლობაში, ყოველწლიურად ვაფასებთ, თუ როგორ მუშაობს ჰესი და არის თუ არა დარღვევები.

ამერიკის ხმა: როგორ ფიქრობთ, რა როლი აკისრია საქართველოს ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში?

რიკარდო პულიტი: ჩემი აზრით, საქართველოს როლი ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყანას აქვს უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური მდებარეობა. ის მდებარეობს კასპიის ზღვის მასშტაბურ ენერგორესურსებსა და თურქეთს შორის. საქართველო ევროპისთვის მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანაა. მის ტერიტორიაზე უკვე გადის ორი მნიშვნელოვანი მილსადენი - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და სამხრეთ კავკასიის მილსადენი. ახლა შენდება მესამე მნიშვნელოვანი პროექტი - ტრანსანატოლიის გაზსადენი. თუნდაც მხოლოდ ამ მილსადენების გამო, საქართველოს უკვე უჭირავს მნიშვნელოვანი ადგილი ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში.

ამერიკის ხმა: თქვენი აზრით, „სამხრეთის ნაკადი“ ოდესმე აშენდება? და თუ აშენდება, რა საფრთხეს შეუქმნის ის სამხრეთ კავკასიის მილსადენებს?

რიკარდო პულიტი: ვფიქრობ, „სამხრეთის ნაკადის“ აშენება შესაძლებელია - არ არსებობს ტექნიკური მიზეზები, რომელთა გამო მილსადენი, შეიძლება, ვერ აშენდეს. მაგრამ, რადგან ამ მილსადენის მშენებლობა ევროკავშირისთვის გაზის მისაწოდებლადაა ჩაფიქრებული, აშენების შემთხვევაში მან ევროკავშირის რეგულაციები უნდა დაიცვას. რეგულაციები მილსადენზე მესამე მხარის ხელმისაწვდომობას, ტარიფების დადგენის გამჭვირვალე მეთოდებსა და სხვა მნიშვნელოვან წესებს გულისხმობს. მაგრამ "სამხრეთის ნაკადი" კიდეც რომ აშენდეს, არა მგონია, საქართველოს სატრანზიტო მნიშვნელობას ამით ზიანი მიადგეს. ჩემი აზრით, ეს ორი პარალელური მარშრუტია და ისინი ერთმანეთს ხელს არ შეუშლის.

ამერიკის ხმა: რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს მთავრობას იმისთვის, რომ ქვეყნის სატრანზიტო მნიშვნელობა კიდევ უფრო გაამყაროს და ეფექტიანი გახადოს?

რიკარდო პულიტი: ჩემი აზრით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ჰქონდეს საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩოები ქვეყანაში ასეთი მასშტაბური სატრანზიტო ინფრასტრუქტურის არსებობისათვის. უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ რაც შეიძლება სარფიანი სატრანზიტო ტარიფები მივიღოთ, მაგრამ ინვესტორებისთვისაც მიმზიდველი გარემო უნდა შევქმნათ. ერთი მიმართულება, სადაც მთავრობამ მეტი ძალისხმევა უნდა გაწიოს, ენერგოყაირათიანობაა. ამით მთავრობა ეფექტიანად დააკმაყოფილებს შიდა ბაზრის მოთხოვნას. ენერგოყაირათიანობა მნიშვნელობით არ ჩამოუვარდება ახალი მილსადენების მშენებლობას.

XS
SM
MD
LG