Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: თათა ცოფურაშვილი


სტუმრად ჩვენს ეთერში: თათა ცოფურაშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:42:40 0:00

5 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თათა ცოფურაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ერთ-ერთი ორგანიზატორი 4 აგვისტოს გავრცელებული პეტიციისა, რომლის ხელმომწერებიც პრეზიდენტისგან მოითხოვენ "არ დანიშნოს ქორწინების შესახებ რეფერენდუმი". რამდენიმე დღის წინ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რომელსაც მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა 224000 ხელმოწერა წარუდგინა, მიმართა პრეზიდენტს - გადაწყვიტოს რეფერენდუმის დანიშვნის საკითხი. საინიციატივო ჯგუფი ხელისუფლებისგან ითხოვს რეფერენდუმის ჩატარებას იმისათვის, რომ ქორწინება კონსტიტუციით განისაზღვროს როგორც მხოლოდ ქალისა და კაცის ერთობა. 4 აგვისტოს გავრცელებული პეტიციის ხელისმომწერები კი თვლიან, რომ "წინასაარჩევნოდ ამ საკითხის წინ წამოწევა და საზოგადოების ნაწილის ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ განწყობებზე კაპიტალიზება არის ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების გადაფარვის მცდელობა. ამასთან, პროცესი თავიდან ბოლომდე ექცევა რუსული პროპაგანდის ნარატივში, სადაც დასავლეთი წარმოდგენილია როგორც „გარყვნილების თავსმომხვევი“ და „ეროვნული იდენტობისა და მართლმადიდებლობის მტერი“. რეფერენდუმის გამოცხადება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა არც ერთი ლგბტქი ორგანიზაცია დღის წესრიგში არ აყენებს ქორწინების თანასწორობის საკითხს, ყველა იმ ლეგენდისა და მითის ლეგიტიმაციაა, რომელიც ქართული საზოგადოების დასაშინებლად რუსული პროპაგანდის მანქანამ შეთხზა". საკითხის ხელოვნურობის ხაზგასასმელად თათა ცოფურაშვილმა განმარტა, რომ ქორწინება რომ ქალისა და მამაკაცის კავშირია, წერია სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლში. რეფერენდუმის მოსურნეებს კი სურთ, რომ ქორწინების ამგვარი განმარტება ჩაიწეროს კონსტიტუციაში. კონსტიტუციაში ქორწინების საკითხს ეძღვნება 36-ე მუხლი და მასში წერია: "1. ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას. 2. სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას. 3. დედათა და ბავშვთა უფლებების დაცულია კანონით". კონსტიტუციაში ცვლილებას და მასში ქორწინების განმარტების შეტანას ემხრობა მმართველი ძალა. მიმდინარე წელს მან ვერ მოახერხა საკონსტიტუციო ცვლილების მიღება იმის გამო, რომ პარლამენტში არ აღმოჩნდა საკითხის მხარდამჭერი დეპუტატების საკმარისი რაოდენობა. ახლა, საინციატივო ჯგუფის მიერ ხელმოწერების შეგროვების, ცესკოში წარდგენისა და ცესკოს მიერ პრეზიდენტისთვის მიმართვის შემდეგ, მმართველი ძალა კვლავაც გამოხატავს საკონსტიტუციო ცვლილების იდეისადმი მხარდაჭერას. 4 აგვისტოს პეტიციის ორგანიზატორები და ხელმომწერები კი მოუწოდებენ პრეზიდენტს "ხელი შეუშალოს ოკუპანტის პროპაგანდას და არ გადადგას დამღუპველი ნაბიჯი, რომელიც მძიმე დარტყმას მიაყენებს როგორც კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს, ისე ქართველი ხალხის ნებას, შეუფერხებლად გაგრძელდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი". თათა ცოფურაშვილი იხსენებს "ბრექსიტის" მაგალითს და თვლის, რომ ყველა რეფერენდუმი არ არის გონივრული და ქვეყნისთვის სასიკეთო.

თათა ცოფურაშვილი "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:49:08 0:00
Direct link

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG