Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსეი ბატალოვი: "ეს როლი მთელი ჩემი ცხოვრებაა"


ალექსეი ბატალოვი
ალექსეი ბატალოვი

1958 წელს „მიფრინავენ წეროებს“ კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდო - "ოქროს პალმის რტო" გადაეცა. მიხეილ კალატოზოვის ამ ნამუშევარმა მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული კინოპრემია პირველ რიგში, ცხადია, ფილმის მხატვრული ღირებულების გამო მიიღო. მაგრამ ცივი ომის პირობებში ფრანგმა მაყურებელმა აღმოაჩინა ასევე სულ სხვანაირი საბჭოთა კინო: არა პლაკატური პროპაგანდა, არამედ სიყვარულის ტრაგიკული ამბავი, რომელსაც საბჭოურობასთან არაფერი ჰქონდა საერთო და რომელიც თავისუფლად შეიძლებოდა, ფრანგულიც ყოფილიყო. საბჭოთა კავშირში „მიფრინავენ

კადრი ფილმიდან "მიფრინავენ წეროები"
კადრი ფილმიდან "მიფრინავენ წეროები"

წეროები“ 28,3 მილიონი მაყურებლით ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბლოკბასტერი იყო. ასეთივე ბლოკბასტერად იქცა ეს ფილმი საფრანგეთშიც. ფრანგულ კინოწრეებში ამ ფილმის შესახებ ერთი აპოკრიფული ისტორიაც კი მსმენია: იმხანად ახალგაზრდა და ახალბედა ფრანსუა ტრიუფომ, კანის ფესტივალზე ამ ფილმის ნახვის შემდეგ, დაარწმუნა თავისი სიმამრი, პროდიუსერი იგნას მორგენსტერნი, შეეძინა საფრანგეთში ფილმის დისტრიბუციის უფლებები. მორგენსტერნმა, რომელსაც „მიფრინავენ წეროებმა“ დიდძალი შემოსავალი მოუტანა, მადლობის ნიშნად დააფინანსა თავისი სიძის ფილმი, „ოთხასი დარტყმა“, რომელიც კინორეჟისორ ტრიუფოს ტრიუმფად იქცა. არ ვიცი, რამდენად მართალია ეს ამბავი, მაგრამ იმაზე, რომ ფრანგ მაყურებელს დღემდე ძალიან უყვარს "მიფრინავენ წეროები", ისიც მეტყველებს, რომ საფრანგეთში რეგულარულად გამოსცემენ ამ ფილმის ახალ და ახალ DVD-ვერსიას. ხუთიოდე წლის წინ ამ ფილმის მორიგი გამოცემისათვის ერთმა ფრანგულმა ჟურნალმა მთხოვა, ჩამეწერა ინტერვიუ კალატოზოვის ფილმში მამაკაცის მთავარი როლის შემსრულებელთან, ალექსეი ბატალოვთან. ამ ძალზე საინტერესო ადამიანისა და ბევრისთვის საყვარელი მსახიობის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მინდა რადიო თავისუფლების მკითხველს შევთავაზო რამდენიმე ნაწყვეტი ამ ინტერვიუდან.

ლაშა ოთხმეზური: მე თქვენ გიცნობთ არა მარტო როგორც ბორისს „მიფრინავენ წეროებიდან“, არამედ ასევე როგორც ნონკონფორმისტ ადამიანს...

ალექსეი ბატალოვი: ოჰ ცოტა მაღალი ნათქვამია ნონკონფორმისტი... კი, მართალია, რომ მე კატეგორიულად უარზე ვიყავი ლენინის როლის შესრულებაზე. ასევე უარი განვაცხადე ბრეჟნევის „მცირე მიწის“ რადიოში წაკითხვაზე. ჰო, რა თქმა უნდა, მე არასდროს არ ვიყავი პარტიის წევრი და უარი განვაცხადე, ხელი მომეწერა საბჭოთა არტისტების კოლექტიურ წერილზე, რომელიც ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა არმიის შეჭრას ამართლებდა... მაგრამ არა მგონია, რომ ეს საკმარისი იყოს იმისთვის, რომ ნონკონფორმისტი მიწოდო...

ლ.ო.: სანამ ფილმ „მიფრინავენ წეროებზე“ ვისაუბრებდეთ, მომიყევით ცოტა თქვენს ოჯახზე, რომელიც ჩვეულებრივი საბჭოთა ოჯახი არ იყო...

ა.ბ.: კი, მართალია, დედაჩემის მეუღლე ვიქტორ არდოვი მაშინდელ მოსკოვში, როგორც დღეს იტყვიან, „ვარსკვლავი“ ჟურნალისტი იყო. ჩვენ ვცხოვრობდით მწერალთა სახლში და ამ სახლს საერთო ეზო ჰქონდა „მხატის“ (МХАТ) თეატრთან. მანდელშტამი, ბულგაკოვი, ილფი, ჩვენი მეზობლები და ხშირი სტუმრები იყვნენ. მაგრამ მახსოვს, რომ ჩემი მშობლები განსაკუთრებულ პატივისცემას ერთი სტუმრის მიმართ იჩენდნენ - ეს იყო ანა ახმატოვა. როცა ახმატოვა ლენინგრადიდან მოსკოვში ჩამოდიოდა, ის ჩვენ სახლში ჩერდებოდა. ჩვენი სასტუმრო ოთახის დივანზე მოკალათებული ანა ახმატოვა - აი, ეს არის ჩემო ბავშვობის ერთი ძლიერი მოგონება. მე მაშინ არც ვიცოდი, რომ იგი დიდი პოეტი იყო - იგი უფრო რენესანსის პერიოდის ქალთან ასოცირდებოდა ჩემთვის, ქალთან, რომელიც ლეონარდოს სურათიდან გადმოვიდა. ჰო, რაც მთავარია, ჩემი პირველი მსუბუქი ავტომანქანა - ეს ანა ახმატოვას საჩუქარია (იცინის).

ლ.ო.: მოდით „მიფრინავენ წეროებზე“ ვისაუბროთ...

ა.ბ.: ეჰ, ეს შეიძლება ცოტა ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ ეს როლი ჩემთვის არა მარტო ყველაზე ძვირფასია, არამედ მთელი ჩემი ცხოვრებაა. და ვერ წარმოიდგენ, ჩემთვის რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს ფილმი ჩვენთან რჩება ყველაზე საყვარელ ფილმად, რომელიც ოდესმე გადაღებულა დიდ სამამულო ომზე. არადა, ვინ წარმოიდგენდა ამას? ფილმში ერთი საომარი სცენა არ არის! ბორისს, ჩემს პერსონაჟს, ბრმა ტყვია კლავს ისე, რომ მტერს ვერც ხედავს მაყურებელი. სხვათა შორის, ეს სცენა კალატოზოვის დამსახურებაა (როგორც ყველაფერი ამ ფილმში), მაგრამ ამ სცენას განსაკუთრებულ ყურადღებას იმიტომ ვაქცევ, რომ იგი არ არის ვიქტორ როზოვთან (საუბარია ვიქტორ როზოვის პიესაზე «Вечно живые», რომლის მიხედვითაც არის ფილმი გადაღებული - ლ.ო.). იმ ფაქტმა, რომ კალატოზოვმა ფილმში მტერი არ გამოაჩინა, ძალიან გააღიზიანა პარტიის მესვეურები. ფილმის ჩაბარების დროს პარტიულმა კომისიამ ერთი ამბავი ატეხა ამის გამო. ყველა ჟურნალ-გაზეთი გვაგინებდა სამოილოვას პერსონაჟის გამო - საბჭოთა ქალი ასე არ მოიქცეოდაო... რაც შეეხება ხრუშჩოვს, ის პირდაპირ ამბობდა, რომ სამოილოვას პერსონაჟი ბოზი იყო... ასე რომ, „მიფრინავენ წეროები“ ბეწვზე გადაურჩა აკრძალვას....

ლ.ო.: თუმცა კალატოზოვის ერთ-ერთ შემდეგ ფილმს - „Soy Cuba“ - ვერ ასცდა ეს ბედი....

ა.ბ.: „Soy Cuba“ - ეს ნამდვილი შედევრია! ძალიან ექსპრესიული ფილმია და მეორე ავანგარდისტის, ძიგა ვერტოვის ფილმებს მაგონებს...

ლ.ო.: როცა უყურებ კალატოზოვის „ჯიმ შვანთეს“ (1930) ან „ლურსმანს ჩექმაში“ (1931) ან იმავე „Soy Cuba“-ს ექსპრესიულობა პირდაპირ გადმოჩქეფს ამ ფილმებიდან...

ა.ბ.: ზუსტად! და ამიტომ სულ ვამბობ, რომ კალატოზოვის ეს ფილმები ძალიან ჰგავს მაიაკოვსკის პოეზიას: არ არის საჭირო სიტყვებს ყურადღება მიაქციო, მთავარი მუსიკაა! სხვათა შორის, რამდენადაც ვიცი, „Soy Cuba“ მარტინ სკორსეზეს და კოპოლას საყვარელი ფილმია, თუმცა რა მოსატანია კალატოზოვის გვერდით ეს ორი რეჟისორი...

ლ.ო.: მიხეილ კალატოზოვი 40-იანი წლების ბოლოს კინოს სამინისტროს ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. იგი ასევე სტალინთანაც შედარებით დაახლოებული პირი იყო... რა იცით თქვენ მისი ამ პერიოდის შესახებ?

ა.ბ.: მხოლოდ კარგი მაქვს გაგებული. მაგალითად, ჩუხრაიმ (რეჟისორი გრიგორი ჩუხრაი - ლ.ო.) თვითონ მომიყვა, როგორ გადაარჩინა ერთხელ კალატოზოვმა. მიხეილ რომი თავის მოგონებებში წერს, როგორ დაურეკა კალატოზოვმა ერთ დღეს და გააფრთხილა რომ თავი მოეავადმყოფებინა და პარტიულ სხდომას არ დასწრებოდა... მე კინოში მოღვაწე არც ერთ ადამიანს არ ვიცნობ, რომ მასზე აუგი სიტყვა ეთქვას, განსხვავებით იმავე ბოლშაკოვისგან (სტალინის კინოს მინისტრი - ლ.ო.), რომელზეც იმდენ ამბავს მოგიყვები, რომ ამის მოსმენას კვირები არ ეყოფა...

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG