Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური ანგარიშსწორება თუ ინციდენტი ნათესავებს შორის?


27 წლის ბაკურიანელ პავლე ბაღდოშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი თავდასხმაში კოალიცია „ქართული ოცნების“ ბორჯომის შტაბის ხელმძღვანელის არასრულწლოვან ვაჟს ადანაშაულებს და ამბობს, რომ ინციდენტი პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა. მომხდარში პოლიტიკურ მოტივს კატეგორიულად გამორიცხავენ ბორჯომის ოფისის „ოცნების“ შტაბში. რა მოხდა ბაკურიანში 5 ნოემბრის ღამეს და დაიწყო თუ არა გამოძიება მომხდართან დაკავშირებით?

„ნაციონალური მოძრაობის“ ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელს 5 ნოემბერს, ღამით, ფიზიკურად გაუსწორდნენ. 27 წლის პავლე ბაღდოშვილი ჰყვება, რომ პიროვნება, რომელიც მას თავს დაესხა, „ქართული ოცნების“ ბორჯომის შტაბის ხელმძღვანელის არასრულწლოვანი ვაჟია. დაზარალებული ირწმუნება, რომ შემთხვევა პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა, რადგან იგი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია. დაზარალებულის თქმით, მას რეზო ხაჩიძე 5 ნოემბერს ორ მეგობართან ერთად თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

დაზარალებულს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. იგი ამბობს, რომ უკვე რამდენიმე თვეა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, თუმცა არჩევნებამდე „ქართული ოცნების“ აქტივისტების მხრიდან მის მიმართ მუქარებს ადგილი არ ჰქონია. პავლე ბაღდოშვილმა მომხდარის გამო სამართალდამცავ ორგანოებს მალევე მიმართა, რასაც, ოჯახის წევრების თქმით, არასრულწლოვანის ახლობლების მხრიდან მუქარა მოჰყვა. დაზარალებულის ახლობლები ეჭვმიტანილის ოჯახთან ნათესაურ კავშირზეც საუბრობენ.

ზურაბ ხაჩიძე აცხადებს, რომ ბაღდოშვილების ბრალდება მისი ოჯახის წევრებისა და „ქართული ოცნების“ მიმართ სიმართლეს არ შეესაბამება. საქმეზე უკვე დაიკითხა დაზარალებული და ეჭვმიტანილი.

აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება ბორჯომის რაიონული სამმართველოს ბაკურიანის განყოფილებაში სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით ცემის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG